ახალი ამბები

აღმოსავლეთის მთავარი ქალაქი

ის, რომ თელავი საქართველოს ღვინის დედაქალაქია, ჯერ კიდევ თელავისკენ მიმავალ გზაზე ხვდები, რომელიც ღვინის ქარხანაში ექსკურსიას უფრო ჰგავს. სოფლების სახელწოდებები სრულად იმეორებენ ღვინის სახელწოდებებს – ვაზისუბანი, ახაშენი, მუკუზანი, კარდანახი, წინანდალი… თბილისიდან სულ 2-3 საათის მგზავრობა და თქვენ კახეთის დედაქალაქში აღმოჩნდებით.

პირველი, რაც ადგილზე ჩასავლამდე თვალში მოგხვდებათ – კავკასიონია. მარცხნივ გაიხედავ თუ მარჯვნივ,- ყველგან იგია – მისი უდიდებულესობა ჭაღარა კავკასიონი. ზურგით მასთან დადგომა უხერხულობის გრძნობას ბადებს. ჩინეთის დიდი კედელივით იცავს კავკასიონი საქართველოს ჩრდილოეთიდან მომავალი უბედურებებისგან. ჩრდილოეთით ყველაფერი სხვაგვარადაა – იქ ცივა, იქ ომია, ვიზებთან კი მთებს არაფერი ესაქმებათ.

ჯერ კიდევ ერთი-ორი წლის წინ თელავში შემოღამებასთან ერთად უსაშველო ხმაური იწყებოდა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს გენერატორების სიმრავლის გამო მიწაც იძვრის. გენერატორების ნაწილი გაზზე მუშაობდა, ნაწილი – დიზელის საწვავზე. თითოეული გენერატორი რამდენიმე ოჯახს ემსახურებოდა, რომლებიც საწვავის საფასურს იხდიდნენ და ყველა კმაყოფილი იყო, თუ რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში შეიძლება, რომ კმაყოფილი იყო. მაგრამ დროთა განმავლობაში დიზელის საწვავი გაძვირდა და სახლებშიც ახალი მრიცხველები დააყენეს. ახლა თელავში ღამ-ღამობით სიმშვიდეა. სიჩუმეა და სინათლეც არის. თელავში ენერგეტიკის პრობლემები ნაკლებად აქტუალური გახდა – ელექტროენერგიით მომარაგებაში ნაკლები პრობლემებია. ცოტაც და, ენერგეტიკული კრიზისი წარსულს ჩაბარდება.

თელაველთა ძირითადი საქმიანობა კომერციაა. ადამიანები, როგორც წესი, თვითონ იქმნიან სამუშაო ადგილებს, არავისზე და არაფერზე იმედებს არ ამყარებენ (ისევე, როგორც მთელ საქართველოში). თითო ქუჩაზე ათეულობით პატარა მაღაზიაა, სამაგიეროდ შემოსავალი ყველას აქვს, მართალია არც ისე დიდი, მაგრამ მაინც. ასე, რომ თელავში საკმარისი მაღაზიები, კაფეები და ბარებია. სულ 1500-მდე კომერციული ობიექტია, რომლებსაც შემოსავალი მოაქვთ როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ქალაქის ბიუჯეტისთვის.

მაგრამ თელავეთა დღევანდელ მდგომარეობას, ალბათ, ნაკლებად შეიძლება საუკეთესო უწოდო. უკანასკნელ დროს მრავალ სახლზე გამოჩნდა წარწერა “იყიდება”. ზოგიერთი უბრალოდ მიტოვებული და დაკეტილია, სახლის პატრონები თბილისში წავიდნენ ან კიდევ უფრო შორს – რუსეთში. თელავში სახლების ყიდვის მსურველი ძალიან ცოტაა. უმუშევრობა უფრო მეტად აცარიელებს ქალაქს, ვიდრე მტრების შემოსევა საუკუნეების წინ. ამ შემოსევების მოსაგერიებლად ძველ დროში თელავის გარშემო უამრავი ციხესიმაგრე და გალავანშემოვლებული ეკლესიებია აშენებული. ეს არქიტექტურულ-ისტორიული ძეგლები მაგნიტივითაა, რომელსაც უამრავი ტურისტის მიზიდვა შეუძლია.

თელავში უამრავი ღირშესანიშნაობაა – ძირითადად ძველი ეკლესიები, ციხე-სიმაგრეები, ძეგლები. აქ მდებარეობს ერეკლე მეორის მუზეუმი, რომელიც მისსავე სასახლეშია განლაგებული და რომელიც თანამედროვე ადამიანს ასკეტის ქოხი შეიძლება ეგონოს.
 
და რა თქმა უნდა თელავში უამრავი ღვინოა. თეთრი, ვარდისფერი, წითელი, შავი, ცნობილი და ექსპერიმენტული ნაირსახეობა, გემრიელიც და არც ისე. ალბათ, მსოფლიოში არ არის ადამიანი, რომელიც თელავში თავისი გემოვნების მიხედვით ღვინოს ვერ ამოარჩევდა.

თელავის გარშემო და მთლიანად კახეთში სულ უფრო მცირდება ტყეების ფართობი. უკვე თითქმის ათი წელია მილიონამდე ადამიანი თბება ზამთარში და სადილს ამზადებს შეშის ღუმელებით (ცენტრალური გათბობა სოფლებში არც ადრე იყო, მაგრამ იყო გაზი და ქვანახშირი, და შეშაც არ იყო ამდენი საჭირო). ძნელი წარმოსადგენია, რამდენი ხე გაიჩეხა ამ დროის განმავლობაში. ტყის აღდგენისთვის საჭირო სამუშაოები კი თითქმის საერთოდ არ მიმდინარეობს. უკანასკნელ დრომდე მინდვრებში ქარსაცავი ზოლებიც კი ნადგურდებოდა. იმის იმედიღა უნდა ვიქონიოთ, რომ ენერგეტიკული პრობლემების მოგვარებით ეს პროცესი შეჩერდება მაინც.

ქალაქში ჩასული იოლად შეამჩნევს ქალაქის ღირშესანიშნაობებს, მაგრამ ახალგაზრდობის სიმცირე, რომელიც ყოველ კუთხეში “აბირჟავებს”, აშკარად თვალშისაცემია. თელავში ტავს იყრის ახალგაზრდობა მთელი შემოგარენის სოფლებიდან და რაიონებიდან – ახალგაზრდები ჯარში სამსახურიდან თავის დასაძვრენად აქეთ ჩამოდიან და სწავლას აგრძელებენ. მაგრამ სხვადასხვა კოლეჯებში და ერთ დროს ცნობილ თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტში სწავლას ნაკლები ფასი აქვს. დიპლომების წარდგენის საჭიროება უმრავლესობას არც არასდროს დაუდგება, მით უმეტეს, რომ დღევანდელი უმუშევრობის პირობებში სამუშაოს მიმცემის მოძებნა არც თუ იოლი საქმეა. ან კი როგორ უნდა ისწავლოს სოფლელმა ბიჭმა, რომელმაც უმაღლეს სასწავლებელში მხოლოდ იმიტომ შეიტანა საბუთები, რომ სამხედრო სამსახურიდან თავი დაიძვრინოს, და იხდის ფულს გამოცდებისა და ჩათვლებისთვის?

იკითხავთ ალბათ, როგორ შეიძლება, რომ თელავში გაერთო, თავისუფალი დრო გაატარო? ამავე კიტხვას ვუსვამდი იქაურებს და უმრავლეს შემთხვევაში პასუხი ერთი და იგივე იყო: ვსვამთ. თელაველებისთვის ყველაზე უბრალო სუფრაც კი ყველაზე საუკეთესო გასართობია.

ქართული სუფრა დიდებულია, და როგორც მრავალი მეცნიერი ამტკიცებს, საუკეთესო ფსიქოლოგიური სტიმულატორიცაა. მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, ასეთი დროსტარებები ალკოჰოლიზმში გადადის –  უსაქმურობიდან გამოუვალი სიტუააციის გამო. თელავში (და არა მარტო იქ) ხომ დღეისთვის ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ უმუშევრობაა.

სხვა გასართობთაგან – ჩასული მომღერლების იშვიათი კონცერტები და თეატრალური დასების წარმოდგენები, არის საბილიარდოები და კაფე-ბარები, მაგრამ ყველაფერს ფული უნდა. ფული, კი როგორც წესი, ბევრი არავის აქვს, განსაკუთრებით პროვინციებში. ასე რომ, ერთი მხრივ მოწყენილობაა, მეროე მხრივ კი… თბილისში გასართობი მეტია და არჩევანიც დიდია, მაგრამ ბევრი სარგებლობს ამ გასართობებით?

ჯერ კიდევ ათი წლის წინ თელავის აეროპორტი ნორმალურ რეჟიმში მუშაობდა. სწორედ აქ მუშაობდა ვახტანგ კიკაბიძის გმირი კინოფილმიდან “მიმინო”. რამდენიმე წლის წინ აქედან რეგულარული და ჩარტერული რეისები ხორციელდებოდა მოსკოვსა და დუბაიში. შემდეგ ეს საქმეც გაჩერდა. ახლა იშვიათად თუ აფრინდებიან აქედან ვერტმფრენები – იმ შემთხვევაში, როცა მაღალმთიან სოფლებს სასწრაფო დახმარება ესაჭიროებათ.

თელავში ჩასულ ნებისმიერ სტუმარს, ადრე თუ გვიან, მოწყვეტენ სუფრას, რომელიც თითქოს უსასრულოც ჩანს, და მიჰყავთ ალავერდის ტაძრის სანახავად. თელავიდან ალავერდამდე მარჯვნივ და წინ ისევ, ღრუბლებით დაფარული, ამაყი კავკასიონი მოჩანს. აღფრთოვანებული მზერის მოწყვეტა მისგან ძალიან ჭირს.

მაგრამ იმ დროს, როცა ალავერდის ტაძარი შენდებოდა, კავკასიონისკენ სხვაგვარად იცქირებოდნენ – უფრო შიშით, მთიელთა შემოსევის მოლოდინში. ამ ადგილებში მუდამ ბრძოლები იყო. კახეთის საზღვრებთან ახლაც მრავლადაა ოჯახები, სადაც მამა-პაპეული ხმლები, მუჰკეტები, ძველებური შაშხანები ინახება… და სავსებით თანამედროვე კალაშნიკოვის ავტომატებიც. ჯერ კიდევ სულ ახლახანს, 90-იანი წლების დასაწყისში ამ თანამედროვე იარაღს საკუთარი სახლების დასაცავად იყენებდნენ თანამედროვე ბანდიტების თავდასხმების დროს. ის დრო უკვე გავიდა, მაგრამ ჩეჩნეთის საზღვარზე დღესაც, ისევე როგორც ადრე, სრული სიმშვიდე მაინც არ არის…

კავკასიონის კედელი, გაკრიალებული ცა, კაშკაშა მზე, რომლებიც სიმშვიდეს არ არღვევენ, და ტაძარი, სქელი გალავნით გარშემორტყმული. როცა ალავერდში შედიხარ და მზერას ზემოთ მიაპყრობ გუმბათის დასანახად, დაინახავ გარედან შემოღწეულ მზის სხივებს, ადამიანების მიერ დახატულ ფრსკებს, რომელთა ნეშტი დიდი ხანია განისვენებს.

თაღებიანი ტაძარი ალავერდი (თვითონ ტაძარი მეთერთმეტე საუკუნეშია აგებული, სხვა ნაგებობები მეათე-მეთვრამეტე საუკუნეებს განეკუთვნება) სვეტიცხოველთან ერთად ქართული ხუროთმოზღვრების საუკეთესო ნიმუშად ითვლება. აქ გამუდმებით ომები იყო, ასე რომ მასიური ნაგებობები სულაც არ ყოფილა უაზრო ფუფუნებისთვის აგებული.

ერთ-ერთი დიდებული გამარჯვების აღსანიშნავად ტრადიცია დაედო დღესასცაულ ალავერდობას. გარეშემო სოფლებიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ხალხი ტაძართან მიდის. ზეიმის მონაწილეთა შორის მრავლადაა შორიახლო მცხოვრები მუსულმანებიც. და აქ ყველა თავის ღმერთს ლოცულობს. დაუჯერებელია, მაგრამ მართლმადიდებლური ტაძრის ეზოში მეჩეთიც დგას. ლეგენდის თანახმად, სპარსელები შუასაუკუნეების კახეთის დაპყრობისას იმდენად აღფრთოვანებულნი იყვნენ ალავერდის ტაძრის მშვენიერებით, რომ არც დაანგრიეს და არც შებილწეს იგი, უბრალოდ მის ეზოში პატარა მეჩეთი ააშენეს და იქ ლოცულობდნენ.

გავიდა საუკუნეები, მეჩეთი დღეს უმოქმედოა, მაგრამ დღემდე ღირშესანიშნაობად ითვლება არამარტო მუსულმანთათვის, არამედ ქრისტიანებისთვისაც – ტოლერანტობის მაგალითი, რომელიც ასე ესაჭიროება დღეს საქართველოს…

გიგა ჩიხლაძე

მსგავსი/Related

Back to top button