
საკანი, სადაც ადამიანის უფლებები არავის ახსოვს
გაეროს რეკომენდაციის შესრულების ვადა რამდენიმე თვეში იწურება როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები და თვითონ საკანში მოხვედრილები ამბობენ, სწორედ ამ წინასწარი დაკავების საკნებში “საშინელი ამბები ხდება ხოლმე”. ხმების თანახმად, სწორედ საკნებში აქვს ადგილი ადამიანთა ცემას და წამებას. კიდევ ამბობენ, რომ დაკავებულს ორი არჩევანი აქვს – ან მისმა ახლობლებმა “კაპეზეში” ფული უნდა ჩაიტანოს, ანდა მას ჩვენებები ძალით უნდა გამოსძალონ. “დაკავებულების მდგომარეობა რეგიონების წინასწარი დაკავების საკნებში უაღრესად გაუსაძლისია. იქ არსებული პირობებიც კი წამების ფორმად შეიძლება ჩაითვალოს”, აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენელი ნანა კაკაბაძე. რეკომენდაციებში, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა და მათ შესასრულებლად ერთი წლის ვადა მისცა, ძირითადი ყურადღება სწორედ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებზეა გამახვილებული. აქ ნათქვამია, რომ ამ სფეროს სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს, ხოლო დაკავებულებს მეტი უფლებები უნდა მიენიჭოთ. გარდა ამისა, უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისათვის, რომ იქ ადამიანის წამების შემთხვევები აღიკვეთოს. წინასწარი დაკავების საკნებთან ასევე შეშფოთებას გამოთქვამს იუსტიციის სამინიტრო. 8 ივლისს გამართულ იუსტიციის საბჭოს სხდომაზე, რომელსაც მინისტრი როლანდ გილიგაშვილიც ესწრებოდა, აღინიშნა, რომ შსს-ს წინასწარი დაკავების საკნებიდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სასჯელაღსრულებით დეპარტამენტში დაკავებულები სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებითა და დადგენილი ვადის (72 საათი) გადაცილებით გადმოჰყავთ. ნანა კაკაბაძის თქმით, საკამათო არ უნდა იყოს, რომ დაკავებულებმა დაზიანებები სწორედ პოლიციაში მიიღეს. ამას ხშირად იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზაც ადასტურებს. წინასწარი დაკავების საკნებში დაკავებულთა ცემასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ გენერალურ პროკურატურას 2002 წელს 39 საქმე გადაუგზავნა, თუმცა რეაგირება, ანუ გამოძიების დაწყება, მხოლოდ ოთხ შემთხვევას მოჰყვა. “წინასწარი დაკავების საკნებში იდეალური მდგომარეობა რომ არ არის და იქ ადამიანების უფლებები ირღევა, ეს ყველამ კარგად ვიცით. ამის მიზეზი ფინანსების არარსებობაა”, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა “სივილ ჯორჯაისთან” საუბრსისას და დასძინა, რომ იდეალური პირობები არც ევროპული ქვეყნების წინასწარი დაკავების საკნებშია. ამავე უწყების წარმომადგენელი საწინააღდეგოს აცხადებს და იქ არსებულ მდგომარეობას არ უჩივის. “აქ ვერ ნახავთ დაკავებულს, რომელსაც ქონდეს რამე პრეტენზია მისი კანონიერი უფლებების შელახვასთან დაკავშირებით. გეთანხმებით, რომ ასეთი განცხადებები კეთდება, თუმცა გეტყვით, რომ დაკავებულების უფლებების დარღვევას აქ ადგილი არა აქვს”, ამბობს შსს-ის დროებითი დაკავების იზოლატორის უფროსი შოთა კობაძე. თითო დაკავებულს, რომელიც წინასწარი დაკავების საკანში სამი დღის განმავლბოაში იმყოფება, ბიუჯეტი ყველაზე ბევრ 2,25 ლარს გამოუყოფს. უაღრესად მწირი ბიუჯეტისა და კორუფციის პირობებში გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ეს თანხა დაკავებულამდე საერთოდ არ მიდიოდეს. როგორც ნანა კაკაბაძე ამბობს, თუ დაკავებულს ნათესავებმა ვერ მიუტანეს საკვები, ის შეიძლება აბსოლუტურად მშიერი დარჩეს. მისი თქმით, ზოგიერთ იზოლატორში ლეიბი და საბანიც კი არ არის და დაკავებული იძულებულია იატაკიდან ოდნავ შემაღლებულ ფიცარგადაფარებულ ბეტონზე ან, უკეთეს შემთხვევაში, ცარიელ რკინის საწოლზე დაიძინოს. მინისტრის მიერ მოყვანილ არგუმენტს ფინანსების სიმცირესთან დაკავშირებით უსაფუძვლოს უწოდებს სახალხო დამცველი. “იმას, რომ დაკავებული ადამიანი არ ცემო და არ აწამო, არანაირი დაფინანსება, ტრანსპორტი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ ესაჭიროება”, ნათქვამია მის ანგარიშში. სალომე ჯაში, სივილ ჯორჯიაშინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების საკანი, რომლის სიგანე ორი მეტრია, ხოლო სიგრძე – სამი მეტრი და რომელსაც ჭერთან ახლოს გისოსებიანი პატარა ფანჯარა აქვს, დაკავებულს სამი დღე-ღამის განმავლობაში მასპინძლობს. ამ დროის მონაკვეთში სასამართლომ დაკავებულის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.
“ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს წამების ყველა ფორმის და მსგავსი მოპყრობის კანონმდებლობით დასჯა, როგორც სერიოზული დანაშაულისა”, ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციაში. ადამიანის უფლებების დარღვევისთვის კი პოლიციელთაგან ჯერ არავინ დასჯილა; დაკავებულთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამართალდამცველთაგან ინიციატივა არ წამოსულა. თუ ვითარება არ შეიცვალა, წინასწარი დაკავების საკნები კვლავ ძალადობისა და წამების სიმბოლო იქნება, რაც მოსახლეობას პოლიციისადმი ნდობას ნამდვილად არ გაუჩენს.