ახალი ამბები

არასამთავრობოები მხარს უჭერენ პოლიტიკური პარტიების ინიციატივას

უპრეცენდენტო შეხვედრა

ხელისუფლების მიერ კრიმინალური საქმიანობის მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულების გამო ქართული პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულმა ერთობლივმა განცხადებამ არასამთავრობო ორგანიზაციებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. 19 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების უპრეცედენტო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანს არსებული მწვავე საკითხების განხილვა წარმოადგენდა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს ერთობლივი განცხადების ტექსტი წარუდგინეს, სადაც დაგმობილია ძალადობა და საზოგადოების კრიმინალიზაცია. განცხადებაში მკაცრად არის გაკრიტიკებული მთავრობის გულგრილი დამოკიდებულება შემაშფოთებელი ტენდენციების მიმართ.

ერთი კვირის წინ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში რვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მაშინ პოლიტიკური ძალების შეკრების მიზეზი პრეზიდენტის მიერ შეწყალებული, ტერაქტების ორგანიზებაში დადანაშაულებული პირების განცხადება გახდა. ერთ-ერთმა მათგანმა, 1990-იანი წლების დასაწყისში არსებული გასამხედროებული ორგანიზაციის “მხედრიონის: წევრმა თემურ ხაჩიშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ არ დაუშვებს მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას ხელისუფლებაში მოსვლას.

ხაჩიშვილის ეს განცხადება, ფაქტობრივად, დღემდე ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალების გაერთიანების საფუძველი გახდა. სიმბოლურია, რომ პარტიების შეკრება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინაში შედგა. პარტიის ლიდერი გია ჭანტურია მოკლულ იქნა შეიარაღებული თავდასხმისას, რომელშიც, სავარაუდოდ, მხედრიონის წევრები მონაწილეობდნენ. მაშინდელ თავდასხმას გადარჩენილი გია ჭნტურიას მეუღლე და ამჟამად ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ირინა სარიშვილი-ჭანტურია ამტკიცებს, რომ ხაჩიშვილი პირადად მონაწილეობდა მის წინააღმდეგ მოწყობილ თავდასხმაში.

შეხვედრის ერთ-ერთი ინიციატორის დავით უსუფაშვილის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ყველა ბარიერის გადალახვა მოახერხეს, რაც ამ ტიპის შეხვედრებს ახლავს ხოლმე თან. მისდი თქმით, მათ დემოკრატიული ღირებულებებისათვის შექმნილი საფრთხე გაითავისეს, რომლებიც უზენაესია, უზოგადესია და ხშირ შემთხვევაში პარტიულ განსხვავებებზე მაღლა დგას. ამიტომ, სამოქალაქო საზოგადოებამ ამგვარ ნაბიჯებს მხარი უნდა დაუჭიროს.

“შერატონში” გამართულ შეხვედრაზე პრაქტიკულად, თითოეული გამომსვლელი ხაზს უსვამდა პოლიტიკური ქცევის წესების შექმნის აუცილებლობას. “ჩვენი თვალთახედვით, თუ არ მოხდა პოლიტიკური თამაშის წესების ძირ-ფესვიანი შეცვლა, ამ ქვეყანაში, არავის და არაფერს არ აქვს წარმატების შანსი”, აღნიშნა უსუფაშვილმა.

პოლიტოლოგ გია ნოდიას აზრით, საჭიროა, როგორც პოლიტიკოსების, ასევე საზოგადოების დიდი ნაწილის გაერთიანება, რათა ერთიანი თამაშის წესები, საჯარო სივრცეში მოქმედების წესები შევიმუშავოთ და, მეორე მხრივ, შევთანხმდეთ იმ მინიმალურ საერთო ღირებულებებზე, რის გარშემოც შეიძლება ცივილიზებული საზოგადოება შეიქმნას.

შეხვედრაზე მოწვეული პოლიტიკოსები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მათი გაერთიანება საარჩევნო ბლოკის ფორმირებას არ ისახავს მიზნად. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, გაერთიანებული დემოკრატების ლიდერის ზურაბ ჟვანიას თქმით, გაერთიანება “გვაიძულა, ერთი მხრივ, ხელისუფლების მხრიდან სრულიად აშკარა ტენდენციამ, რომ მოახდინოს ხელისუფლების კრიმინალიზაცია, გააღვივოს რელიგიური და ეთნიკური შუღლი და, მეორე მხრივ, შეიქმნას გარკვეული ეთიკის კოდექსი არამარტო პოლიტიკური პარტიებისათვის, არამედ პოლიტიკური კლასისათვის, იმ ხალხისათვის, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს ქმნიან”.

შეხვედრას ლაიტმოტივად მოახლოებული არჩევნებისა და ძალაუფლების გადაცემის საკითხი გასდევდა. “ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება. ჩვენი ამოცანაა, ის შეიცვალოს მშვიდობიანად და, რაც მთავარია, შემდგომი ხელისუფლება არ იყოს მის წინამორბედზე უარესი”, განაცხადა “ტრადიციონალისტების” ლიდერმა აკაკი ასათიანმა.

პოლიტოლოგი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი პოილტიკური ინსტიტუტების – კანცელარიისა და პარლამენტის – დაქვემდებარებიდან. ქუჩაში გამოვიდა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსევბის აზრით, უკონტროლო პროცესი აწყობს, პირველ რიგში, მმართველ რეჟიმს, რათა ქაოსი შეიქმნას და შევარდნაძის ხელისუფლება მხსნელად მოგვევლინოს. მეორე, ტენდენცია არის ის, რომ გარკვეული ძალები, ძირითადად, ხელისუფლება ცდილობს, რომ ხალხს აჩვენოს: ჩვენ ცუდები ვართ, მაგრამ კარგი არავინ არის.

დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ აქ შეკრებილმა ხალხმა საზოგადოებას შესთავაზოს რაღაც პოზიტიური, უთხრას, რომ ჩვენ რაღაც პრინციპებს ვიცავთ. თუ ამ პრინციპებს დავიცავთ, ამ ქვეყანას ექნება დემოკრატიული მომავალი. ასე რომ, ორი რამ არის ამჟამად მნიშვნელოვანი: საზოგადოებას შევთავაზოთ პოზიტიური არჩევანი და მოვლენები არ გახდეს უმართავი, განუცხადა ჭიაბერაშვილმა “სივილ ჯორჯიას”.

პოლიტიკური ძალების მხრიდან გამოითქვა სურვილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საბჭოს შემქნის თაობაზე, რომელიც რეგულარულად შეიკრიბება და სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე ერთიან მიდგომას გამოიმუშავებს. თუმცა, ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაციას არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დიდი ენთუზიაზმი არ გამოუწვევია. ამის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეთანხმდენ, რომ ერთობლივ შეხვედრებს კვლავ გააგრძელებენ.

რეზო ბახტაძე, სივილ ჯორჯია

Back to top button