ახალი ამბები

სუუამი ცვლილებების წინაშე

“უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ‘სუუამი’ წევრ სახელმწიფოებს შორის არც კავშირების განმტკიცების ინსტრუმენტად გადაიქცა და არც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტეგრაციისათვის მიუღწევია”, განაცხადა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულაზიზ ქამილოვმა ‘სუუამიდან’ უზბეკეთის გასვლის მიზეზებზე საუბრისას.

‘სუამ’-ის ჯგუფი (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებებისას ჩამოყალიბდა, როდესაც წევრმა სახელმწიფოებმა რამდენიმე უმწვავესი საკითხის მიმართ საერთო მიდგომა გამოიმუშავეს. ფორმალურად, ‘სუამ’-ი 1997 წლის 25 ნოემბერს ბაქოში შეიქმნა, ხოლო უზბეკეთი ამ გაერთიანებას 1999 წელს შეუერთდა.

გაერთიანების მიზანს წევრი სახელმწიფოების მიერ სხვადასხხვა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების მიმართ საერთო მიდგომის გამომუშავება წარმოადგენდა. თუმცა, თავიდანვე ძირთადი აქცენტი ეროვნულ უსაფრთხოებაზე კეთდებოდა. 1997 წელს ბაქოში მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში ჩამოთვლილია პოტენციური თანამშრომლობის სფეროები: პოლიტიკური ურთიერთქმედება, ბრძოლა სეპარატიზმის წინააღმდეგ, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება, ჰუმანიტარული საქმიანობა, ევრაზიული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განვითარება, ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოების სისტემებში გაწევრიანება.  დეკლარაციაში გაცხადებული მიზნების გარდა, მათი გაერთიანების

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების დომინირება და შეერთებული შტატების დაუფარავი მხარდაჭერა რუს პოლიტიკოსებში ყოველთვის გაღიზიანებას იწვევდა. ფაქტობრივად, ‘სუუამ’-ი დსთ-ის ალტერნატივად და რუსეთის მიერ პოსტსაბჭოური სივრცის რეინტეგრაციის აღსაკვეთად შეიქმნა. სწორედ ეს გარემოება განაპირობებდა დიდწილად აშშ-ის მიერ წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას.

გაერთიანების შიგნით ყველაზე ძლიერ ქვეყნებს უკრაინა და უზბეკეთი წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ ისინი მნიშვნელოვან სამხედრო ძალებს და ეკონომიკური განვითარების დიდ პოტენციალს ფლობენ, თანამედროვე მოთხოვნებისადმი მათი შეუსაბამობისა და შიდაეკონომიკური სირთულეების გამო სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირთან დაკავშირებული ხარჯების გაღება არც ერთ მათგანს არ შეუძლია. ამას ემატება ისიც, რომ თითოეული მათგანი (აზერბაიჯანის გამოკლებით) თითქმის მთლიანად რუსულ ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული, რასაც რუსეთის ხელისუფლება ხშირად ‘სუუამ’-ის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ ეფექტიანად იყენებდა.

აღნიშნული მიზეზების გამო, ‘სუუამ’-ის ეფექტიანობა და ქმედითუნარიანობა ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. წევრ სახელმწიფოებს შორის, რეალურად, ორმხრივი ურთიერთობები უფრო განვითარდა, ვიდრე – მრავალმხრვი ურთიერთქმედება ‘სუუამ’-ის ფარგლებში. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის პრეზიდენტის ალექსანდრე რონდელის თქმით, “სუუამის ყველაზე დიდი მინუსი არის შიდა კავშირების სისუსტე, ეკონომიკური კავშირების ფაქტობრივი არარსებობა”.

სწორედ ეკონომიკური კავშირების განუვითარებლობა დაასახელა უზბეკეთის ხელმძღვანელმა ‘სუუამ’-იდან გასვლის უმთავრეს მიზეზად. ექსპერტების თქმით, უზბეკეთის გადაწყვეტილება სავსებით პრაგმატული იყო. იგი ‘სუუამ’-ის უსაფრთხოების უზრუნველმყოფ მექანიზმად გარდაქმნაზე არასოდეს არ აკეთებდა აქცენტს, ვინაიდან ქარიმოვი წევრი სახელმწიფოების სისუსტეს კარგად აცნობიერებდა. მისთვის ‘სუუამ’-ი, პირველ რიგში, სატრანსპორტო დერეფანი იყო, რომლის მეშვეობით უზბეკური ტვირთები დაახლოებით 12 დღით ადრე მოხვდებოდა ევროპულ ბაზრებზე, ვიდრე – ჩრდილოური მარშრუტით. თუმცა, წევრი სახელმწიფოების მიერ სატრანზიტო ტარიფების გაზრდამ და სამართალდამცავი უწყებების კორუმპირებულობამ ‘სუუამ’-ის სატრანზიტო გზას ტაშკენტისათვის მიმზიდველობა დაუკარგა.

გასათვალისწინებელია აგრეთვე 11 სექტემბერის შემდეგ შექმნილი ვითარება. ამჟამად, უზბეკეთის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზები არის განლაგებული და საქართველოში ‘წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა’ დაიწყო. შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების სფეროში განვითარებული ახალი ურთიერთობების ფონზე, ორმხრივი თანამშრომლობას ‘სუუამ’-ის წევრ სახელმწიფოებსა და აშშ-ის შორის მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე – უფუნქციო გაერთიანებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წევრი სახელმწიფოები ხშირად სერიოზული ვალდებულებების აღებას თავს არიდებდნენ. 

უკანასკნელი წლები ცხადყობს, რომ მოლდოვას წვლილი მხოლოდ ასო ‘მ’ იქნება აბრევიატურაში, რადგან კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კიშინოვი ‘სუუამ’-ის მიმართ სულ უფრო ნაკლებ ინტერესს იჩენს. უკრაინაში, რომელიც, სავარაუდოდ, გაერთიანების ლიდერი უნდა გამხდარიყო, უკანასკნელ ხანებში შიდაპოლიტიკური გართულებების გამო საგარეოპოლიტიკურმა საკითხებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა.

უნდა აღინიშნოს შეერთებული შტატების უკმაყოფილება უზბეკეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. “მართალია, ‘სუუამ’-ს ჯერ კიდევ ბევრი უკლია მთელი თავისი პოტენციალის ასამოქმედებლად, მაგრამ ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ ის იმედისმომცემი ინიციატივა არის რეგიონული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და წევრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გასაფართოებლად ვიმედოვნებთ, რომ უზბეკეთის მთავრობა გადასინჯავს თავის გადაწყვეტილებას”, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

“ამერიკას ძალიან უნდოდა, რომ ‘სუუამ’-ის პროექტი გამოსულიყო, მაგრამ როცა ეს არ უნდა რუსეთს, გაუგებარია, უნდა, თუ არა მონაწილეებს, ძნელია, რომ ამერიკა ყოვლისშემძლე იყოს ამგვარ ვითარებაში”, შენიშნავს სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ცენტრის დირექტორი დავით დარჩიაშვილი.

ექსპერტების აზრით, უზბეკეთის გასვლა, სავარაუდოდ, უბიძგებს უკრაინას, საქართველოს, აზერბაიჯანსა და მოლდოვას უფრო ინტენსიურად იფიქრონ ‘სუუამ’-ის მომავალზე. “ორი ‘უ’ შეიძლება უარესიც იყო. მართალია, ერთი ‘უ’ დაიკარგა, მაგრამ ამით აბრევიატურა ძალიან არ დაშავებულა”, შენიშნავს ალექსანდრე რონდელი. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ უზბეკეთმა მართლაც ‘გადაიფიქროს’ გასვლა, რადგან შეერთებული შტატებისათვის ამ გაერთიანების არსებობას პოლიტიკური მნიშვნელობა არ დაუკარგავს.

ერთი რამ ცხადია, რომ ‘სუუამ’-ის წევრი სახელმწიფოების შიდა სისუსტეები და განვითარების ერთიანი ხედვის არარსებობა, ამ გაერთიანების მოქნილი და ეფექტიანი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის. ‘სუუამ’-ი დღემდე უფრო პროექტის სახეს ატარებდა, ვიდრე – რეალური გაერთიანების. როგორც ჩანს, წევრი სახელმწიფოები საკუთარი ინტერესების განხორციელებას კვლავ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების მეშვეობით შეეცდებიან, ‘სუუამ’-ი კი, მრავლის მსგავსად, უბრალო აბრევიატურად დარჩება.

რეზო ბახტაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button