ახალი ამბები

სმკ-ს აღონძინების იმედი აქვს

ჟვანია ყოფილი თანაპარტიელების მცდელობას სკეპტიკურად უყურებს

ყოფილი მმართველი პარტია ძველი სტატუსის დაბრუნებისთვის იბრძვის. მოქალაქეთა კავშირი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება. პარტიის ეს ორი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება 29 ივნისს სმკ-ის მეხუთე რიგგარეშე ყრილობაზე გაცხადდა, რომელიც პირველი იყო მას შემდეგ, რაც ზურაბ ჟვანიას რეფორმატორთა გუნდი იძულებული გახადეს პარტია დაეტოვებინა.

“ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში. ეს არის ორი ძირითადი მიზანი. შევარდნაძე წავა მაშინ, როცა მისი საპრეზიდენტო ვადა დასრულდება. ამისთვის კიდევ ორწელიწადნახევარი მაქვს დარჩენილი. ამ ხნის განმავლობაში კიდევ ბევრ რამეს მოვასწრებ და გავაკეთებ,” – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

“დაპირისპირებიდან თანამშრომლობისკენ” – ამ ლოზუნგით ჩაირა პარტიის ყრილობამ, რომელზეც, როგორც მოსალოდნელი იყო, სმკ-ს თავმჯდომარედ სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე აირჩიეს. პრეზიდენტი შევარდნაძე, რომელიც პარტიის დაარსების დღიდან გასულ სექტემბრამდე პარტიის უცვლელი თავმჯდომარე იყო, ამჯერად სიმბოლურ – საპატიო თავმჯდომარის პოსტზე აირჩიეს.

სმკ-ს ახალი თავმჯდომარის განცხადებით, პარტია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა მან უნდა მონახოს ძალები, რათა კვლავ ფეხზე დადგეს. პრეზიდენტ შევარდნაძის თქმით კი, მან მოქკავშირის რეანიმაცია მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა (ლეიბორისტული პარტია, ნაციონალური მოძრაობა) გაიმარჯვეს.

სახელმწიფო მინისტრმა აქტიურად დაიწყო სმკ-ს აღდგენა. მან ყველაფერი გააკეთა, რათა პარტიაში საზოგადოებაში არაკორუმპირებული იმიჯის მქონე რამდენიმე მინისტრი გაეწევრიანებინა. მათ შორისაა ფინანსთა მინისტრი (ანტიკორუფციული საბჭოს ყოფილი მდივანი) მირიან გოგიაშვილი. ჯორბენაძე შევარდნაძის აშკარა ფავორიტად იქცა. პრეზიდენტის განცხადებით, იგი ამჟამინდელ სახელმწიფო მინისტრს თავის მემკვიდრედ მოიაზრებს. 

1995 წლიდან 2001 წლამდე მოქკავშირს მმართველი პოლიტიკური ძალის სახელი ჰქონდა დამკვიდრებული. იგი პრეზიდენტის საყრდენს წარმოადგენდა პარლამენტშიც. თუმცა მას შემდეგ რაც პრეზიდენტ შევარდნაძესა და პარტიის შეგნით რეფორმატორთა სახელით ცნობილ გუნდს შორის დაპირისპირება აშკარა გახდა, ედუარდ შევარდნაძემ პარტიული საქმიანობიდან და სმკ-ში არსებული დაპირისპირებიდან გაცლა ამჯობინა და შარშან სექტემბერში პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მოქკავშირიდან გამიჯნულმა დაჯგუფებებმა რამდენიმე გავლენიანი პოლიტიკური გაერთიანება ჩამოყალიბეს, მათ შორის მიხელი სააკაშვილმა – “ნაციონალური მოძრაობა”, ლევან გაჩეჩილაძემ და დავით გამყრელიძემ – “ახალი მემარჯვენეები”.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ ჟვანია ბოლომდე ცდილობდა სმკ-ს შენარჩუნებას და პარტიის ხელში ჩაგდებას, თუმცა რეფორმატორთა გუნდის მოწინააღმდეგეებმა რამდენიმე სასამართლო პროცესის შემდეგ მას პარტიის დატოვება აიძულეს, რის შემდეგაც ჟვანიამ სულ ახლახანს საკუთარი პარტია ჩამოყალიბა – “გაერთიანებული დემოკრატები”.

ყოფილი მოქკავშირელები და ამჟამად ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსები სმკ-ს აღდგენას უპერსპექტვიო წამოწყებად აფასებენ. “ეს უფრო კომპარტიის აღდგენის მცდელობაა ვიდრე მოქკავშირისა. არა მგონია, რომ პარტიამ წარმატებას მიაღწიოს, რადგან ის ხელისუფლების შენარჩუნების გარშემო გაერთიანდა,” – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 1 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

ჟვანია მოქკავშირს “გაერთიანებული დემოკრატების” კონკურენტად არ მოიაზრებს. მისი თქმით სმკ, ძირითადად, “ახლებისა” და “მრეწველების” კონკურენტი იქნება, რადგან ეს ის პარტიები არიან, რომლებიც ჟვანიას აზრით, ადგილობრივ არჩევნებში ხელისუფლების ორბიტაზე იმყოფებოდნენ.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button