ახალი ამბები

პარლამენტის პლენარული სესიების მიმოხილვა. 4-7 ივნისი. 2002

(თბილისი, 10 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – 4 ივნისი, სამშაბათი

ადგილობრივი არჩევნების შემდეგ პარლამენტის სხდომა დეპუტატების დაჟინებული მოთხოვნით დებატებით დაიწყო.

გიორგი ბარამიძემ მოითხოვა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც გამოიძიებდა 2 ივნისის არჩევნების დარღვევებს და დამნაშავე სუბიექტებს. ბარამიძემ აღნიშნა ევროსაბჭოს დამკვირვებელთა შეფასება, რომელიც საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებთან შედარებით უმკაცრესია. ბარამიძემ გარკვეული პოლიტიკური ძალები კანცელარიასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან(ცსკ) გარიგებაში დაადანაშაულა. ბარამიძემ განაცხადა, რომ სასამართლოში დამარცხებული ჟვანიას არჩევნებში დამარცხება ხელისუფლებამ ვერ შეძლო.

ფრაქცია “აღორძინების” ლიდერი ჯემალ გოგიტიძე არჩევნებისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებაზე საუბრობს. მან ხელისუფლებას ჟვანია-სააკაშვილის მფარველობა დააბრალა – “ჩემი ინფორმაციით, შევარდნაძის მითითებით 32 ათასი ზედმეტი ბიულეტენი გაიცა ჟვანიასა და სააკაშვილზე”. გოგიტიძემ არჩევნების არაორგანიზებულად ჩატარებაზე მთელი პასუხისმგებლობა ცსკ-ოს დააკისრა.

ფრაქცია “სოციალისტის” წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ სოციალისტური პარტია 4%-იანი ბარიერის გადალახვის იმედს არ კარგავს. მან პარლამენტს წარუდგინა გაყალბებული ოქმების ნიმუშები, სადაც სოციალისტებს რეალური ხმები გადაკეთებული ჰქონდათ. ქუცნაშვილმა წინასაარჩევნო პერიოდში მასმედია ტენდენციურობაში დაადანაშაულა.

ფრაქცია “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის” თავმჯდომარემ კოტე კემულარიამ ღიად დაასახელა საარჩევნო კომისიების მაკონტროლებელი ოთხი პოლიტუკური ძალა – ახალი მემარჯვენეები, აღორძინება, სოციალისტები და მრეწველები, რომლებიც მისი თქმით, ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებდნენ.

დებატებისას ყველა ფრაქცია თანხმდებოდა, რომ 1999 წლის არჩევნებიდან მოყოლებული საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნები უნდა გადაიხედოს. უმრავლესობა მათგანი ადგილობრივი არჩევნების ბათილად ცნობას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდა.


5 ივნისი, ოთხშაბათი

1. კანონპროექტი “უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო – პედაგოგიური კადრების ატესტაციის შესახებ”

კანონპროექტი წარადგინა საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ხარაძემ.

განიხილეს I მოსმენით.

მომხრე – 119
მოწინააღმდეგე – 6

2. კანონპროექტი “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ”

კანონპროექტი წარადგინა ეკონიმიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა გიორგი გაჩეჩილაძემ.

განიხილეს II მოსმენით.

მომხრე – 123
მოწინააღმდეგე – 0

3. დადგენილების პროექტი “საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დადეგენილების პროექტი წარადგინა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრმა არნოლდ ჟვანიამ.

მომხრე – 114
მოწინააღმდეგე – 0

4. დადგენილების პროექტი “საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დადეგენილების პროექტი წარადგინა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრმა არნოლდ ჟვანიამ.

მომხრე – 119
მოწინააღმდეგე – 5

5. დადგენილების პროექტი “ლევან გაჩეჩილაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე”

დადეგენილების პროექტი წარადგინა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრმა არნოლდ ჟვანიამ.

მომხრე – 103
მოწინააღმდეგე – 16

6. დადგენილების პროექტი “ქ. თბილისში 2002 წლის 25 აპრილს მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ”

დადგენილების პროექტი წარადგინა Pპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგი წერეთელმა.

დადგენილების მიხედვით, მთავრობამ ბიუჯეტში უნდა გაითვალისწინოს მიწისძვრით დაზარალებულ თბილისელთათვის თანხები.

მომხრე – 135
მოწინააღმდეგე – 1

7. “ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ” კონვენციის რატიფიცირება

მომხრე – 146
მოწინააღმდეგე – 2

8. “საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ხელმოწერილი – “სოციალური დაცვის რეფორმის პროექტი” – იაპონური საგრანტო ხელშეკრულების რატიფიცირება

მომხრე – 138
მოწინააღმდეგე – 0

9. “საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ხელმოწერილი – “სოციალური ინვესტიციების ფონდის მეორე პროექტი” – იაპონური საგრანტო ხელშეკრულების რატიფიცირება

მომხრე – 136
მოწინააღმდეგე – 0

10. “დასაქმების სამსახურის ორგანიზების შესახებ” შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 88-ე კონვენციის რატიფიცირება

მომხრე – 141
მოწინააღმდეგე – 0

11. “დასაქმების კერძო სააგენტოების შესახებ” შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 181-ე კონვენციის რატიფიცირება

მომხრე – 138
მოწინააღმდეგე – 0

6 ივნისი, ხუთშაბათი

1. “საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ევროპაში გაერთიანებული ძალების უმაღლეს სარდლობას შორის, მასპინძელი ქვეყნის მიერ “კოოპერატივ ბესთ ეფფორტ-2002″ წრთვნაში მონაწილე ძალების მხარდაჭერის შესახებ” 2002 წლის 18 აპრილს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის რატიფიცირება

ხელშეკრულება ეხება 17 ივლისს დაგემილ ერთობლივ წრთვნებს, რომელიც განახლებული ვაზიანის ბაზაზე უნდა გაიმართოს. ხარჯების 85%-ს ნატო გაწევს.

მომხრე – 142
მოწინააღმდეგე – 0

2. დადგენილების პროექტი “საქართველოს მიერ “რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ” გაეროს 1966 წლის კონვენციით გათვალისწინებული რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კომიტეტის კომპეტენციის აღიარების თაობაზე”

მომხრე – 143
მოწინააღმდეგე – 0

3. დადგენილების პროექტი “საქართველოს მიერ წამების, და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ” გაეროს 1975 წლის კონვენციით გათვალისწინებული წამების საწინააღმდეგო კომიტეტის კომპეტენციის აღიარების თაობაზე

მომხრე – 134
მოწინააღმდეგე – 0

4. კანონპროექტი “სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

კანონპროექტი წარადგინა გადასახდებისა და შემოსავლების კომიტეტის თავჯდომარის პირველმა მოადგილემ რომან დალაქიშვილმა.

განიხილეს I მოსმენით.

მომხრე – 123
მოწინააღმდეგე – 2

5. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში “2001 წლის მეორე ნახევარში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ”

ანგარიში წარადგინა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა.

განსაკუთრებით მკაცრად შეაფასეს ომბუცმენის საქმიანობა ფრაქცია “XXI საუკუნის” წარმომადგენლებმა და გურამ შარაძემ. მათ დევდარიანი სექტების მფარველობაში და საერთაშორისო საზოგადოებისათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულეს.
მათი მტკიცებით საქართველოში არ აქვს ადგილი ეროვნული უმცირესობებისა და ტრადიციული რელიგიების დისკრიმინაციას.

 

7 ივნისი, პარასკევი

1. დადგენილების პროექტი “პეტრე ჩხეიძის თურქმენეთსა და ავღანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დამტკიცების თაობაზე”

ელჩის კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა.

პეტრე ჩხეიძე წლების მანძილზე გაერო-ში საქართველოს წარმომადგენელი იყო.

მომხრე – 143
მოწინააღმდეგე – 0

2. დადგენილების პროექტი “გიგა ბურდულის ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლად დამტკიცების თაობაზე”

ელჩის კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა.

მომხრე – 140
მოწინააღმდეგე – 0

3. დადგენილების პროექტი “რატიფიცირებული კრედიტების საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ”

მომხრე – 113
მოწინააღმდეგე – 0

4. დადგენილების პროექტი “საარჩევნო დარღვევების მიზეზების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ”

პარლამეტარების მოთხოვნით არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა, გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ და ცსკ-ოს თავჯდომარემ ჯუმბერ ლომინაძემ. ძალოვანების მოწვევის ძირითადი მიზეზი გახდა რუსთავის, ზუგდიდის ინციდენტები.

ნარჩემაშვილის მტკიცებით, პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არჩევნების დღეს წესრიგი შენარჩუნებულიყო. თუმცა დეპუტატები შინაგან საქმეთა სამინისტროს სწორედ უმოქმედობაში და ინერტულობაში ადანაშაულებდნენ.

პარლამეტის დადგენილების მიხედვით, სადაც დაგმობილია 2 ივნისს არჩევნებში დაფიქსირებული უხეში დარღვევები, შეიქმნება 15 წევრიანი საგამოძიებო კომისია, რომელიც 1999 წლიდან დღემდე საარჩევნო დარღვევების ფაქტებს 3 თვის ვადაში გამოიძიებს და საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს.

მომხრე – 106
მოწინააღმდეგე – 14

 

Back to top button