ახალი ამბები

ცსკო ხმების გადათვლაზე უარს აცხადებს

თბილისში ხმათა გადათვლა არ შედგება. 6 ივნისის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) სხდომაზე კომისიის წევრები ვერ შეთანხმდენ იმ პროცედურაზე, რომელიც ხმათა ხელახალი დათვლის წესს განსაზღვრავდა. ასე, რომ ხმათა დათვლა ჩვეულებრივ გაგრძელდება და საბოლოო შედეგები 10 ივნისისთვის გამოქვეყნდება. ცსკო-ს არჩევნების საბოლოო შედეგები კანონის თანახმად 6 ივნისის საღამოს უნდა გამოეცხადებინა.

ცსკო-ს ამ გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგენი უკვე გამოუჩნდნენ. როგორც ცსკო-ს წევრმა, სოციალისტური პარტიის წარმოამდგენელმა დენის დავითაშვილმა “სივილ ჯორჯიას” 7 ივნისს განუცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ეს საკითხი წესრიგით საერთოდ არ ყოფილა განსაზღვრული.

ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ამ პროცედურის ჩატარებას კატეგორიულად მოითხოვდა აპირებს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ცსკოს გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის მოთხოვნით. “ჩვენ დაველოდებით ცსკოს მხრიდან განკარგულებას, რომელიც ოფიციალურად გააუქმებს გადაწყვეტილებას ხმათა გადათვლის თაობაზე და სამი დღის ვადაში სასამართლოში სარჩელს შევიტანთ,” განუცხადა კობა დავითაშვილმა, ნაციონალური მოძრაობიდან სივილ ჯორჯიას 7 ივნისს.

ერთადერთი პარტია, რომელიც თბილისში ხმათა გადათვლის წინააღმდეგ გამოდიოდა, იყო არჩევნების ლიდერი – ლეიბორისტული პარტია.

ზოგიერთი პარტიის პროტესტის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცსკო-მ გადაწყვეტილება შეცვალოს და ხმების გადათვლა დაიწყოს. ამიტომ თბლისის დარჩენილი სამი საარჩევნო უბნის ხმების დათვლა არსებულ ხმათა გადანაწილებაზე დიდად ვეღარ იმოქმედებს.

თბილისის საკრებულოში ადგილების მოსაპოვებლად საჭიროა 4%-იანი ბარიერის გადალახვა, რაც ამ დროისთვის ექვსმა პარტიამ მოახერხა. ლიდერობენ ლებორისტული პარტია და ნაციონალური მოძრაობა. მათ მოსდევენ ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან-კონსერვატორული პარტია – ჟვანიას გუნდი, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, ბლოკი “აღორძინება” და ბლოკი “ერთობა”.

ხმათა ამ გადანაწილების შემთხვევაში ადგილები თბილისის საკრებულოში შემდეგნაირად გადანაწილდება: ლეიბორისტები – 16 ადგილი, ნაციონალური მოძრაობა – 15; ახლები – 6; მრეწველები – 4; ქრისტიან-კონსერვატორები – ჟვანიას გუნიდ – 4; აღორძინება – 3; ერთობა – 2. 

Back to top button