
არჩევნების საბოლოო შედეგები 12 ივნისისთვის გახდება ცნობილი
(თბილისი, 6 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ცენტრალური საარჩევნო კომისია 6 ივნისს ხმების გადათვლის წესზე იმსჯელებს. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგები ხმების ხელახლა დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი. როგორც ცსკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ზესაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ხმების გადათვლა 10 ივნისს დასრულდება და არჩევნების საბოლოო შედეგები 12 ივნისისთვის გახდება ცნობილი. ხმების გადათვლას მხოლოდ ლეიბორისტული პარტია ეწინააღმდეგება, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლიდერობს. ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა 5 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი პარტია ხმების გადათვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ხმების დათვლას არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის წარმომადგენელი დაესწრება და მთელი ეს პროცესი ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.