
ახლადშექმნილი უმრავლესობა
დიდი გაუგებრობა ადგილობრივი არჩევნების წინ “მოქალაქეთა კავშირის” აჩრდილი პარლამენტიდან გაქრა. კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტების გადანაწილებამ ძალაუფლება პრეზიდენტის მომხრე ფრაქციებს გადასცა, “მოქალაქეების” ყოფილი ლიდერის ზურაბ ჟვანიას ნავი კი აშკარად იძირება. ბევრი აღნიშნავს რომ იწყება პროპრეზიდენტული უმრავლესობის ზეობა, მაგრამ არავინ იცის, გადარჩება თუ არა ჟვანია ადგილობრივ არჩევნებში. იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც პრეზიდენტის “მოქალაქეთა კავშირის” სათავეში მყარად იდგნენ რეფორმატორები, კომიტეტების თამჯდომარეთა პოსტების უმრავლესობაც მათ ეკუთვნოდათ. მაგრამ დაპირისპირება შევარდნაძესა და რეფორატორებს შორის სულ უფრო იზრდებოდა, ჟვანიასა და მისი მომხრეების მიერ რეფორმების შეფერხებასა და კორუფციის ხელშეწყობაში პრეზიდენტის დადანაშაულებასთან ერთად. ამ ყველაფრის შედეგად შევარდნაძე გადადგა “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარეობიდან გასული წლის სექტემბერში, რამაც “მოქალაქეთა კავშირის”, როგორც მმართველი კოალიციის, დაშლა გამოიწვია. თუმცა, ოპოზიციაში შექმნილმა დაბნეულობამ შესაძლებლობა მისცა ჟვანიას, ხელში ჩაეგდო კომიტეტების პოსტების უმრავლესობა. მაგრამ 2 ივნისს დანიშნული ადგილობრივი არჩევნების წინ, სიტუაცია რეფორმატორებისთვის არც თუ ისე პოზიტიურად გამოიყურება. პრეზიდენტის მომხრე გუბერნატორის ლევან მამალაძის ინტრიგების შედეგად, მათ დაკარგეს ძალაუფლება “მოქალაქეთა კავშირზე” და შანსი – წარმოდგენილ იყვნენ ადგილობრივ არჩევნებში “მოქალაქეთა კავშირის” სახელით. ჟვანია და მისი მომხრეები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას პოლიტიკურად თითქმის უცნობი, ქრისტიან-კონსერვატული პარტიის დროშებქვეშ აპირებენ და წარმატების საკმაოდ დაბალი შანსები აქვთ. ჟვანიას გუნდმა კიდევ ერთი მძიმე დარტყმა განიცადა, როდესაც “ახალმა მემარჯვენეებმა” შეძლეს 147 პარლამენტარის ხელმოწერის შეგროვება კომიტეტების თავმჯდომარეთა პოსტების “მოქალაქეთა კავშირის” ნარჩენებზე სოკოებივით გამრავლებულ საპარლამენტო ფრაქციებს შორის გადანაწილების პროცესის დაწყების მიზნით. 10 მაისის სესიაზე საპარლამენტო კომიტეტების ყველა თავმჯდომარე გადადგა, გარდა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ბარამიძისა, რომელმაც არ მოისურვა პოსტის ნებაყოფლობით დატოვება. იგი თანამდებობიდან კენჭისყრით გადააყენეს. 118 დეპუტატმა მხარი დაუჭირა მის გადადგომას 27-ის წინააღმდეგ. კენჭისყრის შემდეგ მოქალაქეების წევრმა დავით ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ შეიქმნა ახალი უმრავლესობა, რომელსაც სათავეში “ახალი მემარჯვნეები” უდგანან და ფრაქციების: “სოციალისტი”, “თანადგომა”, “ალიანსი – ახალი საქართველოსთვის” და “აფაზეთის” მხარდაჭერით სარგებლობს. რეფორმატორები ირწმუნებიან, რომ ახალი უმრავლესობა სახელმწიფო კანცელარიიდან, კერძოდ კი პრეზიდენტ შევარდნაძისა და სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძის მიერ იმართება. იმ ფრაქციებს შორის, რომლებმაც “მოქალაქეები” დაამარცხეს, არიან პროპრეზიდენტული “თანადგომა” და “ალიანსი – ახალი საქართველოსთვის”. ეს ფრაქციები მას შემდეგ შეიქმნა, რაც განხეთქილება შევარდნაძესა და ჟვანიას შორის გარდაუვალი გახდა. “ახალი მემარჯვენეებიც” “მოქალაქეების” წევრები იყვნენ, მაგრამ დატოვეს პარტია მას შემდეგ, რაც მათ ლიდერობას ახალგაზრდა და ამბიციური რეფორმატორები დაუპირისპირდნენ. თავად “ახალი მემარჯვენეები” თავს არიდებენ განცხადებებს პარლამენტში ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბების შესახებ. “ჩვენ ვართ ოპოზიციაში, რათა მოვიდეთ ხელისუფლებაში და როდესაც მოვალთ, თავად გეტყვით ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბების შესახებ”, – განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ 10 მაისს. კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად, პოსტების გადანაწილება შეეხება ქვეკომიტეტების თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებსაც, ანუ ყველას -პარლამენტის თავმჯდომარის გარდა. საქართველო უახლოვდება ადგილობრივ არჩევნებს საკმაოდ ახალი და ცვალებადი პარლამენტით, სადაც პროპრეზიდენტული, მაგრამ, ამავე დროს, საკმაოდ დაქსაქსული ფრაქციები დომინირებენ. ჯერ კიდევ სანახავია, შეძლებს თუ არა ჟვანია გადააჯგუფოს თავისი ძალები ზოგიერთი მნიშვნელოვანი პოზიციის ხელმეორედ ხელში ჩასაგდებად. მხოლოდ ერთი რამ არის ცხადი: მოქალაქეთა ყოფილი “ვარსკვლავების” დღეები დამთავრებულია და მათ უნდა შექმნან თავიანთი მომავალი როგორც ოპოზიციურმა ძალამ. ამ ბრძოლაში ჟვანია დაგვიანებული მოთამაშეა. მიხეილ სააკაშვილმა, ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა და ამჟამინდელმა პარლამენტის წევრმა უკვე შექმნა რადიკალურად ოპოზიციური ძალა “ახალი ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტი”, რომელიც, ბევრი ექსპერტის აზრით, ძალიან შედეგიანად იმოქმედებს ადგილობრივ არჩევნებში, განსაკუთრებით კი – თბილისში. როგორც ჩანს, 2003 წლის არჩევნებისთვის საქართველოში სრულიად ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი იქმნება, მაგრამ მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის. ჯაბა დევდარიანი, სივილ ჯორჯია