ახალი ამბები

პატრიარქების შემოდგომა

საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიტიკა იცვლება

საქართველოსა და აზერბაიჯანში ახლოვდება ის დღე, როდესაც ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთი კავკასიის ორი პატრიარქის – ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის – მმართველობას დაასრულებს. ეს პროცესი ორი ქვეყნის პოლიტიკური სიმწიფისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. თუმცა, სათუოა, რამდენად მოხერდება ხელისუფლების შეცვლისას სტაბილურობის შენარჩუნება.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და ნაციონალისტი ლიდერების პოლიტიკური სცენიდან წასვლის შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანში ხელისუფლების სათავეში კვლავ ორი ლიდერი ბრუნდება, რომელთა მმართველობა ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან იწყება. ედუარდ შევარდნაძე და ჰეიდარ ალიევი თითქმის იდენტური წარსულისა და გამოცდილების მქონე პიროვნებები არიან, რომლებმაც საკუთარ სახელმწიფოებში სტაბილურობის დამყარება და განვითარების გარკვეული პერსპექტივა შექმნეს.

თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, 21-ე საუკუნეში მათ მიერ მართვისას დაშვებული შეცდომები ასევე ერთმანეთის მსგავსია, რაც მათი სახელმწიფოების მომავალ განვითარებას შეაფერხებს.

ორივე ქვეყანაში დიდია უკმაყოფილება არსებული რეჟიმებით, რაც ოპოზიციურ ძალებს შანსებს მატებს. აღსანიშნავია, რომ შიდაპოლიტიკურ ძალებს ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესები და საგარეოპოლიტიკური ხედვა გააჩნიათ, თუმცა, ხანშიშესული პრეზიდენტების კრიტიკა მათი საერთო დამახასიათებელი ნიშანია.

თუმცა, სამხრეთი კავკასიის ამ ორ ქვეყანას უამრავი, ერთმანეთის მსგავსი პრობლემა დაუგროვდა, რაც არსებული პოტენციალის გამოყენებას აფერხებს და მათ მომავალს გაურკვეველს ხდის. კორუფციის უზარმაზარი მასშტაბები და სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე, მოსახლეობის უმრავლესობის სიღარიბეში ცხოვრება და იძულებით გადგილნაცვალ პირთა დიდი რაოდენობა, ეკონომიკის სტაგნაცია ბადებს შიშს, რომ კონკრეტული ლიდერების პიროვნებების გარშემო შექმნილი ურთიერთკონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების მყიფე სისტემა მათი პოლიტიკური სცენიდან წასვლის შემდეგ დაინგრევა.

ამ ფონზე მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, რეგიონული ვითარების შეფასების თვალსაზრისით, დიდ მნიშვნელობას იძენს. ნათელია, რომ საპარლამენტო არჩევნებში ძალთა ხელახალი გადანაწილება საპრეზიდენტო არჩევნებისას გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს დღევანდელი პრეზიდენტებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საზოგადოებაში ორივე მათგანის სახელი კლანურ მმართველობის სისტემასა და მათი გარემოცვის მიერ კორუფციის გზით ნაშოვნ დიდძალ ქონებას უკავშირდება. ამდენად, ანალიტიკოსების თქმით, ორივე პრეზიდენტის წინაშე ორი მსგავსი ამოცანა დგას: ერთი მხრივ, ხელისუფლების გადაცემა უზრუნველყონ მშვიდობიანი გზით და მეორე მხრივ, უმაღლესი ხელისუფლება ისეთ პიროვნებებს გადააბარონ, რომლებიც მათი და მათი გარემოცვის ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს და მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება ხალხისთვისაც და საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც.

აღნიშნული ამოცანების გადასაჭრელად შევარდნაძემ და ალიევმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს. ედუარდ შევარდნაძე საკუთარი მემკვიდრის საკითხს დღემდე ღიად ტოვებს. იგი ფსონს ყოველთვის რამდენიმე პიროვნებაზე დებს და გარკვეული თვალსაზრისით. მათ “ბუნებრივ გადარჩევას” უწყობს ხელს. ეს, ერთი მხრივ, მათ ერთმანეთში დაპირისპირებას, ხოლო, მეორე მხრივ, პრეზიდენტზე მათ დამოკიდებულებას განაპირობებს.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, პრეზიდენტის ფავორიტის ზურაბ ჟვანიას აღზევება და დაცემა შევარდნაძის საყვარელი პოლიტიკური ბალანსირების საუკეთესო მაგალითია. ერთი შეხედვით, მემკვიდრედ შერჩეული ზომიერი ჟვანია ოპოზიციის რისხვას პრეზიდენტის მაგიერ საკუთარ თავზე იღებდა. როგორც კი მან შევარდნაძის კრიტიკა დაიწყო, პრეზიდენტის კანცელარიის მიერ ფარულად მართულმა “ოპოზიციურმა ძალებმა” ჟვანიას რამდენიმე მძიმე დარტყმა მიაყენეს და, ფაქტობრივად, ავანსცენას ჩამოაშორეს. (ლინკი)

ალიევმა შევარდნაძისგან სრულიად განსხვავებული სტრატეგია აირჩია და აქცენტი აშკარად ძალაუფლების გადაცემის დინასტიურ მოდელზე გააკეთა. ჰეიდარ ალევმა საკუთარი ვაჟი – ილჰამი რამდენიმე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშნა, მათ შორის,  სახელმწიფო სანავთობო კომპანიის ვიცე-პრეზიდენტად, აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ და ევროსაბჭოში დელეგაციის ხელმძღვანელად. 2001 წლის 21 ნოემბერს კი ილჰამი მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. “ჩვენ ხელისუფლებაში სამუდამოდ ვიქნებით”, – განაცხადა პარტიის კონგრესზე ილჰამ ალიევმა.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ილჰამი პოლიტიკურად გამოუცდელია და შიდა პარტიული დაპირისპირებების დაძლევას ვერ შეძლებს. ამავდროულად, პრეზიდენტმა ალიევმა რამდენიმეგზის განაცხადა, რომ 2003 წელს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში თავად მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, ეს უფრო პოლიტიკურ მანევრს ჰგავს, რომლის მიზანს ილჰამზე ზეწოლის შემსუბუქება წარმოადგენს.

ამ პროცესის პარალელურად აზერბაიჯანში ოპოზიციური ძალების გამსხვილების პროცესი მიმდინარეობს და მათი აქტიურობა თანდათან უფრო თვალსაჩინო ხდება. ამ გაზაფხულზე ორი ოპოზიციური ბლოკი ჩამოყალიბდა: გაერთიანებული ოპოზიციური მოძრაობა ნაციონალისტურ “მუსავათის” პარტიას, სახალხო ფრონტის ერთ ნაწილს, დემოკრატიულ პარტიასა და რამდენიმე წვრილ დაჯგუფებას აერთიანებს. ექსპერტები ამ გაერთიანებას სხვებთან შედარებით ყველაზე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. მეორე ჯგუფი სახალხო ფრონტის ე.წ. “რეფორმატორებისა” და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ალიანსს წარმოადგენს.

გამსხვილების მიუხედავად, ოპოზიციური ძალების წარმატებას ორი დიდი ხელისშემშლელი მიზეზი აქვს: პირველი, ამ პარტიებს არ აქვთ ეკონომიკური დასაყრდენი. ფაქტობრივად, ყველა ბიზნესმენი მმართველ პარტიასთან არის დაკავშირებული და ასოცირებული. მეორე ხელისშემშლელი ფაქტორი კი თავად ოპოზიციურ გაერთიანებებს შორის არსებული უთანხმოება და ამბიციებია, რაც მათ ერთიანი ძალით გამოსვლის საშუალებას არ აძლევს.

შევარდნაძეს სხვაგვარი პრობლემები აქვს. მისმა პარტიამ – საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა – როგორც ჩანს დროებითი კრიზისი გადაიტანა, რომელიც ყველაზე გამოკვეთილი ლიდერების, ე.წ. “რეფორმატორების” ოპოზიციაში გადასვლას უკავშირდება. ამჟამად, შევარდნაძე სახელმწიფო კანცელარიაში, საქართველოს რეგიონებსა და ოპოზიციურ პარტიებში არსებული მისი ერთგული პიროვნებებისგან ერთგვარი კოალიციის შექმნას ცდილობს.

ამ ტაქტიკამ, შესაძლოა, მას გარკვეული წარმატებაც მოუტანოს, თუმცა, “ახალი ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტი” ძალზე მნიშველოვან ოპოზიციურ ძალად გამოიყურება. შევარდნაძისთვის იდეალურ ვარიანტს 2003 წელს ძალზე ჭრელი, თანაბარი ძალის მქონე, რამდენიმე სუბიექტიანი პარლამეტის ჩამოყალიბება წარმოადგენს, სადაც იგი ტრადიციული ბალანსირების პოლიტიკის გაგრძელებას შეძლებს. თუმცა, ამგვარმა თამაშებმა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პარალიზება გამოიწვია. ახლა, საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო ხშირად გაისმის მოწოდებები პრეზიდენტის გავლენის შემცირებისა და პარლამენტის გაძლიერების მოთხოვნით.

მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიტიკა იცვლება, რომლის უმთავრეს ნიშანს კვლავ გაუგებრობა წარმოადგენს. ერთი შეხედვით, აზერაბაიჯანში სურათი გაცილებით უფრო სტაბილურია მაშინ, როდესაც ქართული პოლიტიკური სპექტრი ქართული სტანდარტებითაც კი ძალზე დაქსაქსულია.

პარადოქსულია, მაგრამ დემოკრატიის პირობებში საქართველოს სტაბილურობის გაცილებით მეტი შანსი გააჩნია. ეს დიდწილად იმით არის განპირობებული, რომ საქართველოში არსებობს მრავალი პარტია, რომელსაც წარმატების შესაძლებლობა აქვს. აგრეთვე არ არსებობს ერთი მტერი, რომლის წინააღმდეგ დარაზმვა შეიძლება. შევარდნაძის პოპულარობა მკვეთრად დაეცა, მაგრამ მისი ბალანსირების პოლიტიკა მის “ნომერ პირველ მტრად” გამოცხადების საშუალებას არ იძლევა.

აზერბაიჯანში ძალაუფლების დინასტიური გზით გადაცემა სხვა პარტიებს ძალიან ნაკლებ შესაძლებლობას უტოვებს. დაპირისპირებული ინტერესები მმართველ პარტიას შუაზე ხლეჩს, ხოლო ძლიერი ოპოზიცია საერთო პოლიტიკური მტრის წინააღმდეგ ერთიანდება. აქედან გამომდინარე, სტაბილურობას აზერბაიჯანში მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება.

აზერბაიჯანსა და საქართველოში განვითარება და შედარებითი სტაბილურობის შენარჩუნება, უმეტესწილად, მათი ლიდერების უნარზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც ძალაუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლის ნებისმიერ ფასად მოგებას ცდილობენ.

პრეზიდენტებისგან მტრის ხატის შექმნა ადვილი საქმეა. თუმცა, ერთი მტრის წინააღმდეგ გაერთიანებამ საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები, შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს. სასიცოცხლო ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გარეშე, ბიუროკრატიის რეფორმირებისა და ეთნიკური თვალსაზრისით ჭრელი მოსახლეობის ინტეგრაციის გარეშე, ალიევისა და შევარდნაძის გარდაუვალი წასვლა რეგიონში ვითარებას უბრალოდ გააუარესებს.

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

Back to top button