ახალი ამბები

ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ

შევარდნაძე არასამთავრობოებს ტერორიზმში ადანაშაულებს

როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტმა ზედმეტად გააფართოვა ანტიტერორისტული გეგმები, როდესაც 24 აპრილს განაცხადა, რომ, შესაძლოა, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას დახმარებას საერთაშორისო ტერორისტები უწევდნენ.

იმ დროს, როდესაც ამერიკელ “მწვანე ბერეტებს” საქართველოს მიწაზე მასპინძლობენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა უმეტესობა ამერიკელების მიერ ფინანსდება, ტერორისტებთან კავშირში ადანაშაულებენ.

ჯერ კიდევ 2001 წლის სექტემბერში პრეზიდენტმა შევარდნაძემ ნათლად გამოხატა, რომ არ მოსწონს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება. აშშ-ში ვიზიტის წინ მან განაცხადა, რომ მთავრობამ კონტროლი უნდა გაამკაცროს არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტებზე. როგორც ჩანს, მან ეს საკითხი აშშ-ს სახელმწიფო მდივანთანაც განიხილა.

მაგრამ, ამერიკელების ცივმა პასუხმა არ შეასუსტა საქართველოს მთავრობის სურვილი, გაზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო გრანტების კონტროლი. როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავენ, ამას პოლიტიკურთან ერთად, ეკონომიკური მიზეზიც აქვს.

რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტებს, დამოუკიდებელი სამოქალაქო ჯგუფები საკმაოდ გაიზარდნენ და მათი მთავრობაზე თვალყური აშკარად იგრძნობა. სულ ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას ანგარიში წარუდგინეს საქართველოში მათ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ, ხოლო ზოგიერთმა სამოქალაქო ჯგუფმა რამოდენიმე მაღალი ოფიციალური პირის გადაყენებასაც კი მიაღწია მათ მიერ შემოსავლების დაფარვის ფაქტების მხილებით.

ეკონომიკური თვალსაზრისით, არასამთავრობოების გრანტები ერთადერთი ფინანსური ნაკადია, რომლებსაც ბიუროკრატები ვერ აკონტროლებენ და როგორც ექსპერტები ამბობენ, არც უნდა გააკონტროლონ.

“საგრანტო შეთანხმება არის კერძო კონტრაქტი არასამთავრობო ორგანიზაციასა და დონორს შორის. მთავრობას არანაირი როლი არა აქვს ამ სახის შეთანხმების კონტროლში”, – ამბობს ექსპერტი ეკონომიკის დარგში და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე.

ზეწოლა დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებზე  გასული წლის შემოდგომიდან გაიზარდა როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკური ასპექტით. გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც სათავეში მოქალაქეთა კავშირის პროპრეზიდენტული ფრაქციები უდგანან, აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები “გრანტიჭამიები” არიან, რომლებიც მოქალაქეებს ათასობით დოლარს ართმევენ.

სხვები ირწმუნებიან, რომ არასამთავრობოები დასავლეთის აგენტები არიან, რომლებიც არყევენ ქართულ ეროვნულ ფასეულობებს, შეთქმულები არიან პატრიოტების წინააღმდეგ და მხარს უჭერენ ჰომოსექსუალიზმსა და სხვადასხვა რელიგიურ სექტებს.

გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პრესაში გაჩაღებული ისტერიული კამპანია ხელს უწყობს ისეთი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, რომელიც აუცილებელია დამოუკიდებელი სამოქალაქო მოძრაობას აღსაკვეთად.

კანონპროექტი “გრანტებსა და ჰუმანიტარულ დახმარებების” შესახებ, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ შევარდნაძის პირდაპირი დავალებით იქნა შემუშავებული, აუქმებს მოქმედ კანონს გრანტების შესახებ, მაგრამ ამავე დროს ვერ იძლევა ახალ წესებს, მხოლოდ მიუთითებს არარსებულ “შესაბამის კანონმდებლობაზე”.

“ამ დოკუმენტით მთავრობა შეეცადა მიეღო  უფლება, გადაეწყვიტა – რომელი ფინანსური შემოსავალი არის გრანტი და რომელი არა”, – ამბობს საქართველოს ბიზნეს სამართლის ცენტრის ხელმძღვანელი ვაჟა სალამაძე. ის აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კონტროლის პროცედურის განსაზღვრის გარეშე ეს კანონი პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი გახდება.

შევარდნაძემ ასევე წამოაყენა წინადადება არასამთავრობოების “სიმბოლური” – 0.2%-იანი გადასახადით დაბეგვრის თაობაზე. ექსპერტებს სჯერათ, რომ ეს წინადადება ფარულ პოლიტიკურ საფრთხეს შეიცავს.

ამჟამად არასამთავრობოები იხდიან საშემოსავლო გადასახადებს ხელფასებიდან და კიდევ ზოგიერთ მცირე სოციალურ გადასახადს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მოგების გადასახადით დაბეგვრა გააბათილებს ამ ორგანიზაციების საქველმოქმედო სტატუსს, გაართულებს დონორებისგან დახმარების მიღებას და, რაც ყველაზე მთავარია, შესაძლებელს გახდის შემოწმდეს არა მხოლოდ საფინანსო ოპერაციები, არამედ პროექტების შინაარსიც.

“სრულიად შესაძლებელია, რომ კონტროლის პალატამ მოგვთხოვოს დონორებთან კორესპონდენციის შემოწმება, ან წინადადების დამოწმება დონორისათვის გაგზავნამდე. პრეზიდენტის წინადადება დემოკრატიული განვითარების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია”, – ამბობს ხიდაშელი.

მეორეს მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებიც და ექსპერტებიც აცხადებენ, რომ სწორედ მთავრობის მიერ მიღებული გრანტები და კრედიტები იქნა არასწორად გამოყენებული. “მთავრობის გრანტები იქნა არამიზანმიმართულად ათვისებული და არა არასამთავრობოებისა, რომლებიც დონორების მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან”, – ამბობს რომან გოცირიძე.

ამასთან, მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციების ასობით ათასი დოლარის ოდენობის ვალი აქვს 20%-იანი დამატებითი ღირებულების გადასახადის ანაზღაურების სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსით. თუმცა, შესაბამისი ფონდების უქონლობის მიზეზით მთავრობას ეს თანხები არ დაუბრუნებია.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკმაოდ მოულოდნელი მხარდაჭერა მიიღეს ფინანსთა მინიტრ ზურაბ ნოღაიდელისგან, რომელმაც მთავრობის სხდომაზე საკმაოდ მწვავე კამათისას განაცხადა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება “არღვევს დემოკრატიის პრინციპებს”, ცდილობს რა აკონტროლოს არასამთავრობოების საქმიანობა. ნოღაიდელი მთავრობის სხდომის მეორე დღესვე თანამდებობიდან დაითხოვეს.

პრეზიდენტისა და სახელმწიფო კანცელარიის რისხვა მხოლოდ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებსკენ არის მიმართული, რადგან არსებობს მრავალი “სამთავრობო არასამთავრობო”, რომლებიც საბიუჯეტო ფონდებიდან შეიქმნა საერთაშორისო დახმარებების ოფიციალური პირების ჯიბისკენ მიმართვის მიზნით.

ამასწინათ ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას შევარდნაძე მიესალმა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას. კახა თარგამაძე თანამდებობიდან 2001 წლის ნოემბრის მასობრივი გამოსვლების შედეგად გადააყენეს. კორუფციასა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმაში დადანაშაულებული თარგამაძის არასამთავრობო ორგანიზაცია აცახდებს, რომ მისი მიზანი სამართლებრივი რეფორმების მხარდაჭერაა.

პრეზიდენტის მიერ ნახევრადხუმრობით გაკეთებულმა განცხადებამ ტერორისტებთან კავშირის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერთა აღშფოთება გამოიწვია, რომლებიც აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ღიად ემუქრება გაერთიანების თავისუფლებას და ხელყოფს სამოქალაქო ჯგუფების დამოუკიდებლობას.

არასამთავრობოების ლიდერები ეთანხმებიან რომან გოცირიძეს, რომელიც აღნიშნავს, რომ “ეს გრანტების წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა ახლოსაა ბელორუსის პრეზიდენტის ლუკაშენკოს პოლიტიკასთან. ყოფილ საბჭოთა კავშირში არსად სხვაგან ასეთი რამ არ ხდება. მაგრამ თუ შევარდნაძეს სურს, რომ მისი სახელი ლუკაშენკოს გვერდით მოიხსენიებოდეს, ეს მხოლოდ მისი პოლიტიკური გემოვნების საკითხია”.

ჯაბა დევდარიანი, სივილ ჯორჯია

Back to top button