ახალი ამბები

ახალი კანონპროექტი სამხედრო მოსაკრებელს ითვალისწინებს

არსებობის 11 წლის აღნიშვნის პარალელურად ქართული არმია დამატებითი ფონდების მოძიებასა და მოძველებული სტრუქტურის გარდაქმნას ცდილობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ახალი კანონპროექტი ორივე პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად.

კანონპროექტის მიზანს სამხედრო-სავალდებულო გაწვევის სისტემის რეფორმირება წარმოადგენს. ამ მიზნით შემოღებულია სამხედრო გადასახადი, რომელიც წვევამდელს სავალდებულო სამსახურის გადავადების საშუალებას მისცემს. თავდაცვის სამინისტროს მგეგმავები მიიჩნევენ, რომ ეს სქემა ხელს შეუწყობს კორუფციის აღმოფხვრასა და აუცილებელი ფონდების მოზიდვას პროფესიონალური არმიის ჩამოსაყალიბებლად.

კანონპროექტი ეროვნული უშიშროების საბჭომ მოიწონა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გადაგზავნა განსახილველად.

არსებული კანონის თანახმად, 18 წელს მიღწეული, მამრობითი სქესის, საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იმსახუროს. თუმცა, სავალდებულო გაწვევისგან თავის ასარიდებელი უამრავი ღრიჭო არსებობს კანონმდებლობაში და თავდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად ვერ ახერხებს დაგეგმილი კონტიგენტის შეგროვებას.

აღსანიშნავია, რომ თადვაცვის სამინისტრო ადეკვატური საცხოვრებელი პირობებითა და აღჭურვილობით გაწვეულთა მომარაგებასაც ვერ ახერხებს. რეგიონში საქართველოს ყველაზე მცირე თავდაცვითი ბიუჯეტი აქვს, ხოლო დამტკიცებული თანხები გადასახადების მოუკრებლობის გამო, რეალურად, უფრო მცირეა. A
 
საქართველოს თავდაცვის მგეგმავებმა, უცხოელი ექსპერტების რჩევით, აქცენტი შეიარაღებული ძალების შემცირებასა და წვრთნის ხარისხის ამაღლებაზე გადაიტანეს. ამჟამად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ეროვნულ გვარდიაში, დაახლოებით, 20 000 კაცი მსახურობს, რომელთა უმრავლესობას სავალდებულო სამსახურის მოსამსახურენი შეადგენენ.

საქართველოს თავდაცვის “თეთრი წიგნის” მიხედვით, 2003  წლისთვის სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 13 000-მდე უნდა შემცირდეს.  დაგეგმილია კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცთა რიცხვის თანდათანობით გაზრდა და 2005 წლისთვის მთლიანად პროფესიონალური არმიის დაკომპლექტება. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი ჯარისკაცები სამხედრო-სავალდებულო სამსახურის ვადის ამოწურვის შემდეგ კონტრაქტის საფუძველზე, არანაკლებ, სამი წელი იმსახურებენ შეიარაღებულ ძალებში.

ქართული ჯარის პროფესიულ არმიად გადაქცევის თარიღი, შესაძლოა, საკამათო იყოს, მაგრამ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი კანონპროექტი მაინც წინგადადგმული ნაბიჯია გაწვევის სისტემაში ზოგიერთი მწვავე პრობლემის, პირველ რიგში, კორუფციის აღმოფხვრის თვალსაზრისით.

კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო კომისარიატები გაუქმდება. კომისარიატები საბჭოთა სისტემის გადმონაშთია, რომლის ფუნქციას გაწვევის სისტემის ორგანიზება და ზედამხედველობა წარმოადგენს. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მოხსენებების თანახმად, ეს თავდაცვის სამინისტროზე დაქვემდებარებული უწყება სამოქალაქო კონტროლს მიღმა რჩება და კორუფციის წყაროს წარმოადგენს.

სწორედ კომისარიატები წყვეტენ, ვის ეკუთვნის სამხედრო სამსახურის გადავადება, ან ვინ უნდა გათავისუფლდეს სამხედრო სავალდებულო-სამსახურიდან სამედიცინო შემოწმების საფუძველზე. სამედიცინო კომისიების ფორმირების წესი ნათელი არ არის, არ არსებობს  როტაციის მექანიზმი. შედეგად, გასაწვევთა უმრავლესობა ქრთამის მეშვეობით სავალდებულო სამსახურისათვის თავის არიდებას ახერხებს.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო კომისარიატების ნაცვლად გაწვევის პროცესს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გააკონტროლებენ. ამ შემთხვევაში ძირეულ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ ფიცის მიღებამდე ახალწვეულს მხოლოდ სამოქალაქო პირებთან ექნება კავშირი. კომისარიატები სამობილიზაციო განყოფილებებად გარდაიქმნება და ეროვნულ გვარდიას დაექვემდებარება და რეზერვისტების რეგულარულ შეკრებებსა და წვრთნების კოორდინირებას მოახდენს.

მართალია, ეს ცვლილებები გარკვეულ პრობლემებს მოაგვარებს, მაგრამ ზოგიერთი ამტკიცებს, რომ გაწვევის დროს სამედიცინო შემოწმების გამჭვირვალე პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღებაზე კონტროლის გარეშე კორუფციის წყარო სამხედრო უწყებიდან, უბრალოდ, სამოქალაქოში გადაინაცვლებს. სამწუხაროდ, კანონპროექტში სამოქალაქო კონტროლის მექანიზმებზე სიტყვაც არ არის ნახსენები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე კანონპროექტში არის სამხედრო მოსაკრებლების შემოღება. ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც 200 ლარს გადაიხდის, სამხედრო-სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადება შეეძლება. შესაძლებელია, აგრეთვე ერთბაშად 2000 ლარის გადახდა, რაც საქართველოს მოქალაქეს 18-დან 26 წლამდე გადაუვადებს სამხედრო სამსახურს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიხედვით ფულის გადახდა მთლიანად არ ათავისუფლებს პიროვნებას სამსახურიდან. საქართველოს მამრობითი სქესის ყოველი მოქალაქე 26 წლის ასაკში მაინც ვალდებულია ექვსი თვის ან ერთი წლის ვადით სავალდებულო შეკრება გაიაროს, რის შემდეგაც რეზერვში ჩაირიცხება.

აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვანი სახსრების მოზიდვას ელოდება – დაახლოებით 14-15 მილიონი ლარის ოდენობით წელიწადში. კანონპროექტის მიხედვით, აკუმულირებული თანხები ძირითადად განვითარებასა და  აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება, ხოლო ბიუჯეტით გამოყოფილი თანხები კონტრაქტით მომუშავე ჯარისკაცებსა და კადრის ოფიცრების ხელფასებსა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე დაიხარჯება.

დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი ახალ წამოწყებას სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, “200 ლარი არაფერს არ წყვეტს. შეიძლება ინფლაცია მოხდეს და ამ თანხამ მთლიანად აზრი დაკარგოს”. ალადაშვილის აზრით, საჭიროა სტიმულების შემოღება სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციის მიზნით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პარლამენტში არსებობს მოსაზრება, რომ აუცილებელია სპეციალური კანონის შემოღება, რომლის თანახმად, ჯარგაუვლელი პიროვნება საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობას ვერ დაიკავებს.

მართალია, ახალი კანონპროექტი ზოგიერთ ძველ სტერეოტიპსა და ჩვეულებას  ცვლის, მაგრამ ხელისშემშლელი ფაქტორები კვლავ რჩება. დამოუკიდებელი ანალიტიკოსების თქმით, საკანონმდებლო ხვრელები არ არის ამოვსებული. მაგალითად, კანონპროექტი ოფიცრების წვრთნის სისტემას უნივერსიტეტებში თითქმის ხელუხლებლად ტოვებს.

დღეს არსებული სისტემით, სამხედრო კათედრების მქონე უნივერსიტეტების სტუდენტები სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან თავისუფლდებიან. ამის ნაცვლად, ისინი წვრთნას თავად უნივერსიტეტებში გადიან, რასაც ერთთვიანი საველე წვრთნები მოსდევს, რის შემდეგ მათ დაბალი ჩინი ენიჭებათ. ახალი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში არსებული სამხედრო კათედრები კვლავ დარჩება, თუმცა, მას ყველა სტუდენტი არ გაივლის. საქართველოს გენერალური შტაბი წინასწარ განსაზღვრავს კონკრეტულ სპეციალობებსა და რეზერვისტთა რაოდენობას, რომელიც უნივერსიტეტებში არსებულმა სამხედრო კათედრებმა უნდა მოამზადოს, თუმცა, შეზღუდული რაოდენობის სტუდენტთა შერჩევის კრიტერიუმი არ არის ჩამოყალიბებული.

ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა სამსახურის უფროსის სერგო გუმბარიძის თქმით, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ უნდა შემუშავდეს კიდევ ერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს. თუმცა, ახალი კანონპროექტის ვარიანტი ჯერ-ჯერობით არ არსებობს და გაუგებარია, რატომ არ შეიძლება ამ საკითხის კანონპროექტის ამავე ვარიანტში შეტანა.

ექსპერტები ამბობენ, რომ კანონპროექტი ზოგად ხასიათს ატარებს. ეს სხვადასხვა უწყებების მიერ მისი თავისუფალი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, რაც სამოქალაქო კონტროლს მიღმა რჩება. ამდენად, საკანონმდებლო ხვრელები ამ კანონპროექტის მიღებით მთლიანად არ ამოივსება.

ახალი კანონპროექტი ქართულ საზოგადოებასა და პარლამენტში წინააღმდეგობას აუცილებლად გამოიწვევს. კანონპროექტის ავტორები იმედოვნებენ, მან ხელი უნდა შეუწყოს ქართული არმიის პროფესიულ პრინციპებზე გადასვლასა და შეიარაღებული ძალების მოქნილი სტრუქტურის ჩამოყალიბებას. თუმცა, კანონპროექტში არსებული ხარვეზები მიანიშნებს, რომ  ის სრულყოფილებისგან შორს არის.

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button