ახალი ამბები

რამსფელდი “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაზე საუბრობს

(თბილისი, 2 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – “საქართველო ყოველთვის ტერორიზმის წინააღმდეგ მებრზოლთა მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა იყო და რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას ყოველთვის ხელს უწყობდა. პროგრამაში, რომელსაც ჩვენ საქართველოში ვახორციელებთ, ჯერ-ჯერობით ძალიან ცოტა ადამიანია ჩართული”, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა 1 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

რამსფელდის განცხადებით, საქართველოში “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა” ამჟამად საწყის ეტაპზეა.

“თუმცა ის ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყნებს შორის უსაფრთხოების საკითხში თანამშრომლობასა და ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე”, – განაცხადა დონალდ რამსფელდმა.  

29 აპრილს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოში “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” რეალიზაცია დაიწყო.

რამსფელდის თქმით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამეტი საქართველოს სამხედრო შენაერთებს, მესაზღვრეებსა და სხვა სამსახურების წარმომადგენლებს გაწვრთნის. წვრთნების მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად მათი უნარის ამაღლება და “პანკისის ხეობაში ტერორისტების პრობლემის მოგვარება”.

“ჩვენი ქვეყანა ქართულ ბატალიონებს ბრძოლის ტაქტიკას ელემენტარულ დონეზე შეასწავლის; გარდა ამისა, მათ ჯგუფური თავდასხმითი და თავდაცვითი ოპერაციებისთვის გაწვრთნის და ინდივიდუალური ბრძოლის უნარს აუმაღლებს. პროგრამის ფარგლებში საქართველოს გაეგზავნება სამხედრო შეიარაღება, მათ შორის მსუბუქი სახის იარაღი”, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

“წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში” 2 000-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე იქნება ჩართული.

მსგავსი/Related

Back to top button