ახალი ამბები

პარლამენტის პლენარული სესიების მიმოხილვა. 23-26 აპრილი. 2002

23, 24, 25 აპრილი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი


1. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილებებისა და დსამატებების შეტანის შესახებ”

კანონპროექტი წარადგინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავჯდომარემ ჯუმბერ ლომინაძემ.

კანონპროექტის ძირითადი მიზანი იყო 2002 წლის 2 ივნისს დაგეგმილი არჩევნების სრულყოფილად ჩატარება. იგი ექვსი პუნქტისაგან შედგებოდა და ძირითადად ცვლილებები ტექნიკური ხასიათს ატარებდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის მიღებაზე იყო დამოკიდებული არჩევნების ჩატარების ბედი.

დავა გამოიწვია მრავალმანდატიანი ოლქების საკითხმა. “მოქალაქეთა კავშირისა” და “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის” ფრაქციები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ მრავალმანდატიანი ოლქები არ დაყოფილიყო 3-3 მანდატიან ქვეოლქებად იმ მოტივით, რომ მაჟორიტარული სისტემის პირობებეში ხმების მოსყიდვის ადვილი შესაძლებლობა ჩნდებოდა. საპირისპიროს ამტკიცებდა მეორე მხარე, რადგან მათი აზრით ოლქების დაყოფის გარეშე ამომრჩეველს გაუჭირდებოდა სასურველი კანდიდატურის მოძებნა “წიგნის” სახით აკინძულ ბიულეტენში და არც კომისიის წევრს გაუადვილდებოდა ხმების დათვლა. ისმოდა ბრალდებები მოქალაქეთა კავშირის მისამართით, თითქოსდა მარავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებული მათი პოზიცია მხოლოდ წინა ორ არჩევნებში გამარჯვებულ ძალას ანუ მოქალაქეთა კავშირს აძლევდა ყველაზე მეტად ხელს.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ორივე ალტერნატივა სარეიტინგო კენჭისყრაზე დამდაგარიყო:

 მრავალმანდატიანი ოლქები დაყოფილი 3-3 მანდატიან ოლქებად

მომხრე – 108
მოწინააღმდეგე – 46

 მრავალმანდატიანი ოლქები დაყოფის გარეშე

მომხრე – 71
მოწინააღმდეგე – 74

კენჭისყრაზე დაისვა სარეიტინგო გამოკითხვის შედეგებით გამარჯვებული ვარიანტი – მრავალმანდატიანი ოლქები დაყოფილი 3-3 მანდატიან ოლქებად

მომხრე – 117
მოწინააღმდეგე – 46

კენჭისყრის შედეგები “მოქალაქეთა კავშირის” სახელით გააპროტესტა ვიტალი ხაზარაძემ და ჩატარდა ხელახალი კენჭისყრა, რის შედეგადაც საკითხი ჩავარდა.

მომხრე – 94
მოწინააღმდეგე – 51

მეორე სადავო საკითხი იყო ფრაქციებს შორის “შეთანხმებული ვარიანტი”, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრთა რაოდენობის გაზრდას 49 წევრამდე, წინა ადგილობრივი არჩევნებისას 4% გადალახული პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში დამატებითი წევრების დანიშვნის უფლებას და საარჩევნო კომისიების წევრთა გამოწვევის საკითხებს ეხებოდა.

კენჭისყრისას შეთანხმებული ვარიანტის მთლიანი პაკეტი ჩავარდა

მომხრე – 109
მოწინააღმდეგე – 28

კობა დავითაშვილმა “ახალი მემარჯვენეები” და “მრეწველები” შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. გადაწყდა, რომ ხელმეორე კენჭისყრისას შეთანხმებული ვარიანტის თითოეულ პუნქტს ცალ-ცალკე უყრიდნენ კენჭს.

 თბილისის საკრებულოს წევრთა რაოდენობის გაზრდა 49 წევრამდე

მომხრე – 144
მოწინააღმდეგე – 0 

 წინა ადგილობრივი არჩევნებისას 4% გადალახული პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში დამატებითი წევრების დანიშვნის უფლება

მომხრე – 123
მოწინააღმდეგე – 15

ასევე ცხარე კამათის საგანი გახდა საკითხი, რომელიც ცსკ-ასა და საოლქო კომისიებში გამოკლებული წევრების ნაცვლად ახალი წევრების დანიშვნის ვადებს ეხებოდა. ხანგრძილივი დავისა და ოთხი უშედეგო კენჭისყრის შემდეგ დეპუტატებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც კომისიის წევრის დამნიშნავ სუბიექტს უფლება ენიჭება კანონის გამოქვეყნებიდან ან უფლებემოსილების შეწყვეტიდან 15  დღის ვადაში დანიშნოს ახალი წევრი.

მომხრე – 135
მოწინააღმდეგე – 23 

საბოლოოდ, სამივე მოსმენით მიიღეს “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებები და დამატებები.


მომხრე – 133
მოწინააღმდეგე – 5  ( I მოსმენა)

მომხრე – 156
მოწინააღმდეგე – 1  ( II მოსმენა)

მომხრე – 156
მოწინააღმდეგე – 0  ( III მოსმენა)


პარლამენტმა განიხილა “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის” ფრაქციის ინიციატივა, რომელიც მაჟორიტარული სისტემის პროპორციული სისტემით შეცვლას გულისხმობდა. ამ ინიციატივის გასვლის შემთხვევაში დღის წესრიგიდან იხსნებოდა ის სირთულეები, რომელიც მრავალმანდატიანი ოლქების ირგვლივ შეიქმნა. მაგრამ საკითხი ჩავარდა.

მომხრე – 71
მოწინააღმდეგე – 59

26 აპრილი, პარასკევი

პარლამენტმა სხდომა თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასებას მიუძღვნა. ფრაქცია “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის” თავჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა გააჟღერა ინიციატივა, რომელიც დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სპეციალური ფონდის შექმნას გულისხმობს. პარლამენტმა გაიზიარა ეს აზრი.

დეპუტატმა ჯუმბერ პატიაშვილმა მოითხოვა ადგილობრივი არჩევნების გადადება და არჩევნებისათვის პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი 4 მილიონი ლარის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა ფონდში გადარიცხვა. პატიაშვილის ამ ინიციატივამ დეპუტატებში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

მსგავსი/Related

Back to top button