ახალი ამბები

საქართველოში სამხედრო ინსტრუქტორების პატარა ჯგუფი იმყოფება – რამსფელდი

(თბილისი, 20 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – აშშ-ის თავდაცვის მდივანმა დონალდ რამსფელდმა 19 აპრილს განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები იემენს სამხედრო დახმარებითა და წვრთნით უზრუნველყოფენ. ამავე დროს, სამხედრო ინსტრუქტორების “საკმაოდ მცირე რაოდენობა” ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანაშიც, საქართველოშიც იმყოფება, – დასძინა რამსფელდმა.

ამერიკის ჯარების პრესსამსახური თავდაცვის მდივნის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჩეჩნეთს მოსაზღვრე პანკისის ხეობაში ქართველებს პრობლემები აქვთ და ინსტრუქტორები მათ დახმარებას “საკმაოდ მცირე შემადგენლობითა და საკმაოდ მცირე დროით” აღმოუჩენენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრი იუწყება, რომ უახლოეს ხანებში გაირკვევა, თუ როდის ჩამოვა საქართველოში აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორების ძირითადი კონტინგენტი. ქართველ სამხედროთა წვრთნები “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში გაიმართება, რომელიც საქართველოში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს.

მსგავსი/Related

Back to top button