ახალი ამბები

გამოუცნობი რუსები

რუსების მოულოდნელი ლაშქრობა კოდორში მოსკოვის პოლიტიკურ საიმედოობას ეჭვქვეშ აყენებს

რუსი სამხედროების (დსთ-ის სამშვიდობო ძალების) მოულოდნელმა გადასროლამ კოდორის ხეობაში გაცხოველებული დისკუსია და დაპირისპირება გამოიწვია საქართველოში. ამ სამხედრო ავანტიურის მიზნები უცნობია. ამჟამად, ექსპერტები მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების საშუალებებსა და ზომებზე მსჯელობენ.

12 აპრილს რუსეთმა სამშვიდობო ძალები მოულოდნელად კოდორში გადმოსხდა, აფხაზეთის ერთადერთ ნაწილში, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს. რუსული მხარის ოფიციალური განმარტებით, ჯარების გადაადგილება აუცილებელი იყო საკონტროლო-სამეთვალყურეო პუნქტის აღსადგენად ხეობაში და ამავდროულად, 2 აპრილს ხელმოწერილი პროტოკოლის შესრულების გასაკონტროლებლად, რომლის თანახმადაც, ქართულ მხარეს 10 აპრილამდე ჯარი უნდა გაეყვანა ხეობიდან.

თუმცა, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, მძიმედ შეიარაღებული რუსი სამხედროების 80-კაციანი კონტიგენტი სამხედრო ვერტმფრენებთან ერთად დესანტის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებდა. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ არც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და არც გაერო-ს დამკვირვებელთა მისია საქართველოში წინასწარ არავის გაუფრთხილებია.

გაერო-ს დამკვირვებლები ქართული მხარის შეშფოთებას იზიარებენ: “დსთ-ის მშვიდობისმყოფელები სამეთვალყურეო პუნქტის აღდგენას აგრესიული ფორმით შეეცადნენ. გამოვთქვავთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას გაერო-ს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო პროცესზე ამგვარი ოპერაციის უარყოფითი გავლენის თაობაზე და ვეწინააღმდეგებით ამ ფორმით განხორციელებულ აქციებს”, – ნათქვამია გაერო-ს დამკვირვებელთა მისიის ოფიციალურ განცხადებაში.

თუმცა, რუსული შენაერთების ხეობიდან გაყვანას რუსი პოლიტიკოსების შეხედულებაზე გავლენა არ მოუხდენია. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი დაჟინებით იმეორებს, რომ “რუსი მშვიდობისმყოფელები კოდორის ხეობაში პატრულირებას, სულ მცირე, კვირაში ერთხელ განახორციელებენ”. ზოგიერთის აზრით, ეს განცხადება, მეტწილად, რუსეთის იმიჯის შესანარჩუნებლად არის გამიზნული. საქართველოს პარლამენტართა ნაწილის მოსაზრებით კი, ამ ინციდენტს გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება.

ყველაზე უფრო გავრცელებული შეხედულებით, რუსებს ხეობაში სიტუაციის პროვოცირება ჰქონდათ განზრახული. კოდორი დიდი ხანია, რაც ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებზე დავის საგანს წარმოადგენს. კოდორის გამო ფერხდება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების  გაერო-ს მიერ შემუშავებული პროექტის განხილვა.

რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კოდორში საქართველოს შეიარაღებული ძალების გარკვეული კონტიგენტი იმყოფება. გარდა ამისა, აფხაზური მილიციის შემოჭრის შიშის გამო ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ კარგად არის შეიარაღებული. ამდენად, გათვლა მარტივი იყო: მშვიდობისმყოფელთა მოულოდნელი გამოჩენა ხეობაში აუცილებლად აუბნევდა თავგზას ხეობაში მყოფებსაც და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასაც. ამგვარ ვითარებაში კი დიდია იმის ალბათობა, რომ ვინმეს ნერვები უმტყუნებს და გაისვრის.

საქართველოს პარლამენტის წევრის რევაზ ადამიას (თავდაცვისა და უშიშროების კონიტეტის ყოფილი თავმჯდომარის) თქმით, “როგორც ჩანს, გენერალი ევტეევი (დსთ-ის კოლექტიური სამშვიდობო ძალების მეთაური აფხაზეთში) ელოდა, რომ იქ (კოდორში) შეხლა-შემოხლა მოხდებოდა და სისხლი დაიღვრებოდა. შესაბამისად, ამ ფაქტის გამოყენება რუსული ჯარების ნებისმიერ ადგილზე შესაყვანად ძალიან იოლი იქნებოდა”.

ჩნდება ბუნებრივი შეკითხვა, ვის სჭირდებოდა მოვლენების ამგვარი განვითარება. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება გენერლების ურჩობაც ყოფილიყო. ამ არგუმენტის სასარგებლოდ მეტყველებს ზოგიერთი რუსი მაღალჩინოსნის დაბნეულობა და მათ მიერ გაკეთებული განცხადებები.

კოდორის მოვლენების დაწყებამდე თბილისში ჩამოვიდა რუსეთის დუმის დელეგაცია დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბორის პასტუხოვის ხელმძღვანელობით. დელეგაციას რუსეთ-საქართველოს ჩარჩო-ხელშეკრულების დეტალები უნდა შეეთანხმებინა. რუსი მშვიდობისმყოფელების მოულოდნელი მოქმედებების შემდეგ პასტუხოვი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ `რუსმა მშვიდობისმყოფელებმა დიდი შეცდომა დაუშვეს~. ამასთანავე, პასტუხოვის მისია კრახით დამთავრდა, რადგან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი განახცადა.

თუმცა, ზოგიერთი ქართველი დამკვირვებელი გამორიცხავს რუსი სამხედროების თვითნებურ მოქმედებას: “მე არ მჯერა იმის, რომ ეს ვიღაც პოლკოვნიკის ან მაიორის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებაა”, ამბობს რევაზ ადამია. მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის რიტორიკა იმაზე მეტყველებს, რომ, ყოველშემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროში ამ ოპერაციის შესახებ იცოდნენ და გამართლებულად მიაჩნდათ.

ქართველი ანალიტიკოსების მტკიცებით, რუსი სამხედროების “დამოუკიდებელი მოქმედება” მითია. არასამთავრობო ორგანიზაცია “სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ცენტრის” დირექტორის დავით დარჩიაშვილის თქმით, რუსულ სამხედრო სისტემას პოლიტიკური წრეების ერთგულების, მათი მხრიდან დაქვემდებარების, დაბეჩავების ისტორია აქვს. “ასეთ სისტემაში აღიზარდნენ რუსი ოფიცრები. მათგან დიდი გამბედაობა ავანტიურებში ცოტა უცნაურად მეჩვენება”, – აღნიშნავს დავით დარჩიაშვილი.

ქართულ პოლიტიკურ წრეებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ კოდორში რუსებმა სამხედრო აქცია საქართველოში ამერიკელი ინსტრუქტორების ჩამოსვლის წინ სპეციალურად მოაწყეს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია შეემოწმებინათ და პირველყოვლისა, შეერთებული შტატების პოზიციები მოესინჯათ, ან ამერიკელი ინსტრუქტორების ჩამოსვლა შეეფერხებინათ.

თუმცა, რუსებისთვის ამერიკელთა გეგმები კარგა ხანია ცნობილია და მეტ-ნაკლებად, შეთანხმებულიცაა. ამგვარი აქციის განხორციელება უფრო ლოგიკური იქნებოდა თებერვალში, როდესაც ამერიკის ადმინისტრაციამ ანტიტერორისტული კამპანიის საქართველოში გაგრძელების თაობაზე გააკეთა განცხადება. მეორე მხრივ, სანამ ამერიკელი ინსტრუქტორები რეალურად ჩამოვლენ საქართველოში და დახმარების პროგრამა მთელი ძალით ამოქმედდება, მანამ მოსახერხებელია დროის ამ მონაკვეთის გამოყენება ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაციისთვის.

მეოთხე და ყველაზე უფრო რეალისტური მიზეზი არის რუსულ პოლიტიკაში კოორდინაციის უქონლობა, უწყებათაშორისი კონკურენცია, ერთმანეთის პოზიციების უცოდინრობა და ზოგჯერ პოლიტიკური სიბეცე. ამ შემთხვევაში, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ელცინის გადადგომის შემდეგ რუსეთის ბიუროკრატიული მანქანა დიდად არ შეცვლილა.

ამ არგუმენტის სასარგებლოდ მეტყველებს რუსი მშვიდობისმყოფელების ისეთივე სწრაფი გაუჩინარება, როგორც მათი გამოჩენა იყო. არადა, თუ მათი აღჭურვილობისა და სასურსათო მარაგის მიხედვით ვიმსჯელებთ, ისინი კარგახანს აპირებდნენ ადგილზე გაჩერებას.

ეს ოპერაცია რომ წინასწარ დაგეგმილი და ყველა უწყებასთან შეთანხმებული ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია, რუსეთის დელეგაცია თბილისში ასე დაბნეულიყო. მედიასაც უფრო მიზანმიმართული პოზიცია შეიძლება ჰქონოდა. რუსეთის ოფიციალური მედია გონს მხოლოდ კრიზისის დასასრულს მოეგო. გარდა ამისა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მკაცრმა  განხცადებებმა რუსეთის ისედაც შელახული საერთაშორისო პრესტიჟი კიდევ უფრო დასცა.

საქმის კურსში იყო თუ არა პუტინი? ეს შეკითხვა ხშირად გაისმის. თუ იცოდა, მაშინ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ თვალთმაქცობასა და ოპერაციის არაპროფესიონალურ დაგეგმვას. თუ არ იცოდა, მაშინ კრემლის პოზიციების მიმართ საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება. ორივე შემთხვევაში რუსეთი არასანდო და გამოუცნობი პარტნიორის იმიჯს იმკვიდრებს საერთაშორისო არენაზე.

შეიძლება ითქვას, რომ საერთო ჯამში, ზემოთჩამოთვლილი მიზეზები ერთმანეთს სულაც არ გამორიცხავს და პირიქით, ერთმანეთს ავსებს კიდეც. დღეს საქართველოს ხელისუფლების უმთავრეს საზრუნავს მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილება წარმოადგენს.

დავით დარჩიაშვილის აზრით, მომავალში მსგავსი ქმედებების შესაძლებლობის მინიმუმამდე დასაყვანად საჭიროა ჩვენი პოზიციის ნათლად და პრინციპულად ჩამოყალიბება, რომ განსხვავებული მოსაზრებებისთვის ადგილი არ დარჩეს. რევაზ ადამიაც მიიჩნევს, რომ საქართველომ უფრო მტკიცე პოზიცია უნდა დაიკავოს. თუმცა, მომავალში მსგავსი ინციდენტებისგან აბსოლუტურად დაზღვეული ვერ ვიქნებით, “ვინაიდან ეს ზოგადი კანონზომიერებაა – სიბრიყვეს საზღვარი არ აქვს”, – შენიშნავს ადამია.

რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანის მიუხედავად, ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ჯარების გაყვანით კოდორის ინციდენტი არ ამოწურულა. აფხაზეთის ომიდან თითქმის 9 წლის გასვლის შემდეგ, მხარეები კვლავ შიშით შესცქერიან მომავალს.  

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button