
დაძაბულობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში
რუსეთის ხელისუფლება საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების მზადებაში ადანაშაულებს. რუსეთი შიშობს, რომ საქართველო ამერიკელების მიერ მომზადებულ ანტიტერორისტულ ბატალიონებს სეპარატისტული რეგიონების წინააღმდეგ გამოიყენებს. რუსეთის სათათბიროს წევრები აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების კონტიგენტის 400 ჯარისკაცით გაზრდას (ამჟამად იქ 1700-მდე მშვიდობისმყოფელი იმყოფება) და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას მოითხოვენ. ამას გარდა, პრეზიდენტ პუტინს პარკისის ხეობაში ანტიტერორისტულ ოპერაციებში რუსეთის მონაწილეობის საკითხის დაყენებას სთხოვენ. სწორედ ეს მოთხოვნებია დაფიქსირებული იმ განცხადებაში, რომელიც რუსმა დეპუტატებმა 22 მარტს პარლამენტის სხდომაზე მიიღეს. რუსეთის სათათბიროს საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დმიტრი რაგოზინი კი რუსეთის ხელისუფლებას საქართველოზე ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტების ამოქმედებისაკენ მოუწოდებს. რუსეთ-საქართველოს შორის ახალი დაპირისპირების საბაბი 18 მარტს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონიდან ოთხი რუსი მშვიდობისმყოფელის გატაცებას მოჰყვა, რომლებიც მოგვიანებით ორ ქართველში გაცვალეს. რუსეთი, აფხაზეთის არაღიარებულ მთავრობასთან ერთად ინციდენტში ქართველ პარტიზანებს ადანაშაულებს, რომლებსაც ოფიციალურ თბილისთან აქვთ კავშირი. ამ ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 მარტს გაავრცელა განცხადებ, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა. თუმცა როგორც მრავალი ქართველი პოლიტიკოსი მიიჩნევს რუსეთი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბრიუსელში 18-19 მარტს ვიზიტისას გაკეთებულმა განცხადებებმა და ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობამ გააღიზიანეს. ვიზიტისას ედუარდ შევარდნაძემ დაადასტურა, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მიისწრაფის. ეს მოსაზრებაა გამოთქმული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საპასუხო განცხადებაში. “რუსეთის გარკვეულ ძალებსა და პოლიტიკოსებს აღიზიანებთ ა.შ.შ.-ის მიერ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა. სწორედ ეს გახდა ბოლო დროს რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებების მიზეზი,” ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ 22 მარტს გავრცელებულ საპროტესტო განცხადებაში. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია აცხადებს, რომ “ა.შ.შ.-ის საქართველოსთვის დაგეგმილი სამხედრო დახმარებას აფხაზეთის კონფლიქტს არ უკავშირდება. საქართველოს ერთგული რჩება იმ საერთაშორისო ვალდებულებისადმი, რომლის მიხედვითაც თბილისი აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებას მშვიდობიანი გზით აპირებს.” გასული ერთი თვის განმავლობაში ეს რუსეთ-საქართველოს დაძაბულობის უკვე მეორე მნიშვნელოვანი ტალღაა. პირველი თებერვლის ბოლოს ა.შ.შ.-ის მიერ საქართველოში 200 სამხედრო ინსტრუქტორის გაგზავნის გადაწყვეტილებას მოჰყვა. მაშინაც რუსეთის სათათბირომ საქართველოსთან მიმართებაში საკმაოდ მწვავე განცხადება მიიღო, რომლის მიხედვითაც რუსი დეპუტატიბი არ მორიცხავენ რუსეთის მიერ მომავალში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარებას არ გამორიცხავს. მაშინ დაძაბულობა პრეზიდენტმა პუტინმა შეანელა, როდესაც ალმაატის დ.ს.თ.-ის სამიტზე განაცხადა, რომ “არაფერი ტრაგიკული ამერიკელი ჯარისკაცების საქართველოში ყოფნაში არ არის.” რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს 22 მარტს საქართველოს პარლამენტის რეაქცია მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რუს კოლეგებს შეხვედრისაკენ და კონსულტაციების გამართვისაკენ მოუწოდა. საქართველოს პარლამენტმა 20 მარტს უკვე მიიღო განცხადება, რომელითაც დაგმობილია რუსეთის ოფიციალური წრეების მიერ წარმოებული ანტიქართული პროპაგანდა. განცხადებაში სინანულია გამოთქმული, რომ რუსეთის სათათბირო არასწორ ინტერპრეტირებას უკეთებს ა.შ.შ.-ის მიერ საქართველოსთვის გამიზნულ დახმარებას. ბურჯანაძის განცხადებით იგი აუცილებლად განიხილავს საქართველო-რუსეთს შორის ბოლო დროინდელ დაძაბულობას თავის რუს კოლეგებთან უახლოეს დღეებში რუსეთში დაგმილი ვიზიტისას.საქართველოში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ჩამოსვლის მოახლოებასთან ერთად და საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობამ კვლავ იმატა.
ოფიციალური თბილისი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ოპერაციებისათვის მზადყოფნის შესახებ განცხადებებს კატეგორიულად უარყოფს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამგვარ ინფორმაციას “აბსურდულს” უწოდებს.