
სახელმწიფო ქართველებს თრეფიქინგისგან ვერ იცავს
ქართველ სამართალდამცველებს თრეფიქერთაგან ან თრეფიქინგის ხელშემწყობთაგან ჯერ არავინ დაუკავებიათ. ერთის მხრივ, ამაში გასაკვირი არაფერია – ქართველოში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ქართველებს და საქართველოში მაცხოვრებლებს თრეფიქინგისგან დაიცავდა. “სამართალდამცველები არ არიან სათანადოდ გაწვრთნილნი და ინფორმირებულნი თრეფიქინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”, აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი პაატა გომელაური. მისი თქმით, ქართველთა თრეფიქინგის გამოძიება ინტერპოლის საქართველოს ბიუროს საქმეა. ინტერპოლის საქართველოს ბიუროს სამდივნოში კი აცხადებენ, რომ ბიუროს თრეფიქინგის შემთხვევებთან საქმე არასოდეს ჰქონია. უცხოელ მოქალაქეთა და მიგრანტთა დაცვის ცენტრის განცხადებით, თრეფიქინგს დამცველები მთავრობის მაღალ ეშელონებში ჰყავს. ცენტრმა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია ერთ-ერთი დეპუტატის შესახებ. ინფრომაციის თანახმად, დეპუტატი თრეფიქინგის მფარველობაში იმხილებოდა. ერთადერთი პასუხი რომელიც ცენტრმა მიიღო, შემდეგი იყო: “ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია ამ პირის შესახებ, თუმცა ვერავითარი დარღვევა ვერ აღმოვაჩინეთ”. ორგანიზაცია დეპუტატის პიროვნებას არ ასახელებს. “ჩვენ ინფორმაციას ათობით ტურისტული სააგენტოზე ვფლობთ, რომლებიც თრეფიქინგის ბიზნესს უწყობენ ხელს. სამართალდამცველებისგან რამდენჯერმე მოვითხოვეთ საქმის აღძვრა ძალდატანებითი პროსტიტუციისა და თაღლითობის მუხლით, ვინაიდან მხოლოდ ამ მუხლების საშუალებით არის შესაძლებელი თრეფიქინგის წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა, სამწუხაროდ, სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ერთ სააგენტოზე აღიძრა. ეს საქმე დღესაც არ არის გამოძიებული”, აცხადებს ცენტრის დირექტორი ნუგზარ სულაშვილი. მისი თქმით, სამართალდამცველ ორგანოებს თრეფიქინგის ასობით მსხვერპლი მიმართავს და მათ საკუთარი უფლებების დაცვას ანუ იმ პირების დასჯას სთხოვს, რომლებმაც ისინი უმძიმეს პირობებში ჩააგდეს. ამ მოთხოვნებს შედეგი არასოდეს მოჰყოლია. სამართალდამცველები სათანადო ყურადღებას არც იმ ფაქტს აქცევენ, რომ მიგრანტთა უმრავლესობა საზღვარგარეთ გასამგზავრებელი ვიზების მოსაპოვებლად სამუშაო ადგილისა და საბანკო ანგარიშის შესახებ ყალბ დოკუმენტაციას იმოწმებს. “ასეთ ყალბ დოკუმენტებს შეიძლება შეხვდეთ პარლამენტიდან, სამინისტროებიდან, სახელმწიფო კანცელარიიდან”, ამბობს ნუგზარ სულაშვილი. “ეს დოკუმენტები იმდენად კარგად არის შესრულებული, რომ საეჭვოა ისინი იატაკქვეშ კეთდებოდეს. როგორც ტურისტული სააგენტოებიდანაც ვიცი, ისინი მართლაც აძლევენ ფულს რომელიმე სახელმწიფო უწყებას, რათა მან ყალბი დოკუმენტი მოამზადოს”, ამბობს სულაშვილი. ქართველთა თრეფიქინგისათვის ყველაზე სასურველი ქვეყნები თურქეთი, საფრანგეთი და ესპანეთია. ასევე გავრცელებულია ქართველთა თრეფიქინგი აშშ-ში. თრეფიქინგის ქართველი მსხვერპლნი ძირითადად დასაქმებულნი არიან სექსინდუსტრიაში, ოჯახებში მომვლელებად, სტრიპტიზბარებში, რესტორნებში, ქარხნებსა და მშენებლობებზე. როგორც წესი, თრეფიქერები მიგრანტებს ყველანაირ საბუთს ართმევენ; სამუშაო დაპირებულზე გაცილებით მძიმეა, ხოლო ანაზღაურება – დაპირებულზე გაცილებით დაბალი. უცხოელ მოქალაქეთა და მიგრანტთა ცენტრს თრეფიქინგის 336-მა მსხვერპლმა მიმართა. მათგან 265 ქალია, ხოლო 71 – მამაკაცი. “ვფიქრობ, რომ თრეფიქინგის მსხვერპლთა რეალური რიცხვი ორჯერ ან სამჯერ აღემატება ჩვენთან დარეგისტრირებულთა რაოდენობას იმიტომ, რომ მსხვერპლთა უმრავლესობა მის წარსულზე საუბარს ერიდება. გარდა ამისა, ზოგიერთი დღესაც თრეფიქერთა ხელში იმყოფება და მათგან ჩაგვრას განიცდის”, აცხადებს სულაშვილი. უკანასკნელ ხანებამდე მიგრანტთა ცენტრი აცხადებდა, რომ თრეფიქინგის მსოფლიო ბიზნესში საქართველო ექსპორტ ქვეყანას წარმოადგენდა, თუმცა ბოლო დროს გამოაშკარავებულმა ფაქტებმა საპირისპირო დაამტკიცეს. 11 მარტს რუსი ჟურნალისტის ძალისხმევით გათავისუფლდა რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ იეპიშინი, რომელიც ირწმუნება, რომ პანკისის ხეობაში ჩეჩნებმა 1999 წელს ჩეჩნეთიდან გადმოიყვანეს. მისი თქმით, ის ჩეჩნების დაქვემდებარების ქვეშ იმყოფებოდა და მას ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე საქონლის მომვლელად ამუშავებდნენ. იეპიშინის თქმით, პანკისის ხეობაში რუსეთის კიდევ რამდენიმე მოქალაქე განიცდის ჩეჩენთაგან ექსპლუატაციას. თრეფიქინგის მსხვერპლთა წინააღმდეგ ხშირად გამოიყენება ფიზიკური ძალა და მუქარა. ხშირ შემთხვევაში მათ სიკვდილითაც კი ემუქრებიან. აქედან გამომდინარე აშკარაა, თუ რატომ არის ძნელი მონობისა და ექსპლუატაციისგან თავის დაღწევა. ერთ-ერთი ქართველი გოგონა ყვება, რომ ის თრეფიქინგში ჩართული სწორედ მუქარისა და ზეწოლის შედეგად აღმოჩნდა. ცენტრი, რომელიც ქართველთა თრეფიქინგს იკვლევს, არ ფლობს ინფორმაციას თრეფიქინგის რომელიმე მსხვერპლის მკვლელობის შესახებ. თუმცა, იყო შემთხვევა, როდესაც ერთმა ახალგაზრდა ქალმა თრეფიქერთა მხრიდან შანტაჟის საფუძველზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. “ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ თრეფიქინგის მსხვერლნმა არ იციან, როგორ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები. ისინი თავს არიდებენ იმავე დიპლომატიურ უწყებებსა და სამართალდამცველებს, რომელბსაც საკუთარი უფლებების დასაცავად უნდა მიმართონ”, აცხადებს ნუგზარ სულაშვილი. საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც ქართველ მოქალაქეებს თრეფიქინგისგან დაიცავდა. კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს, უკვე ორი წელია პარლამენტში განხილვას ელის, თუმცა მისი განხილვის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს. საკანონმდებლო ბაზის არარსებობისა და სახელმწიფო სტრუქტურების დაუდევრობის გამო მძიმე სოციალური პირობებისგან გამოსავლის საძიებლად საზღვარგარეთ მიმავალი ნებისმიერი ქართველი შესაძლოა თრეფიქინგის მსხვეპლი გახდეს. იხილეთ სხვა სტატიები: ადამიანის უფლებებს ყველაზე ხშირად პოლიცია არღვევს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო მილიონამდე ადამიანმა დატოვა. მათმა უმრავლესობამ საცხოვრებლად და სამუშაოდ რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს მიაშურა. ემიგრანტთა რაოდენობის ზრდასთან ერთად იმატა საქართველოში დარეგისტრირებული ტურისტული სააგენტოების რიცხვმაც. ათობით ასეთი სააგენტო ხელს უწყობს ქართველთა საზღვარგარეთ თრეფიქინგს, აცხადებს უცხოელ მოქალაქეთა და მიგრანტთა დაცვის ცენტრის დირექტორი ნუგზარ სულაშვილი.
სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია
ადამიანის უფლებები მასიურად ირღვევა