ახალი ამბები

ა.შ.შ.-ის პრეზიდენტი პანკისის ოპერაციის დეტალების შესახებ

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით, 150 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი ქართველ სამხედროებს გაწრვთნიან, რათა მათ პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება შეძლონ. ამავე დროს, ვოშინგტონი ჯერ არ ადასტურებს აფხაზეთში ალ ქაიდელების ყოფნის შესახებ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

“ალ ქაიდასთან კანშირში მყოფი ტერორისტები პანკისის ხეობაში, რუსეთის საზღვართან ახლოს იმყოფებიან. პრეზიდენტ შევარდნაძის თხოვნით, აშშ საქართველოში 150 სამხედრო ექსპერტს გაგზავნას აპირებს, რათა მათ იქაური ჯარისკაცები უკონტროლო რეგიონში კონტროლის აღსადგენად მოამზადონ”, განაცხადა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 11 მარტს.

11 სექტემბრის მოვლენების 6 თვის თავზე წარმოთქმულ სიტყვაში აშშ-ის პრეზიდენტმა მადლობა მოუხადა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლ მსოფლიო კოალიციას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის განცხადებით, ამერიკელ სამხედრო ექსპერტთა ერთი ნაწილი საქართველოში 15-დან 25 მარტის შუალედში ჩამოვლენ. როგორც უკვე ცნობილია, ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 4 ბატალიონს გაწვრთნიან, რათა მათ თავად შეძლონ ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება.

ჯორჯ ბუშის განცხადებით, აშშ-ის მიერ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის – საქართველოსთვის გაწეული დახმარება “ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება”.

შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვის შემდეგ, საბოლოოდ დადასტურდა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები საქართველოში შესაძლო ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილებას არ მიიღებენ. 

“ჩვენ არ გავაგზავნით საკუთარ სამხედროებს ყველა საბრძოლო მოქმედებაში. ჩვენი მიზანია მოვამზადოთ სხვა სახელმწიფოების რათა ისინი თავად გაუსწორდნენ ტერორიზმის საფრთხეს,” განაცხადა პრეზიდენტმა ბუშამა.

ა.შ.შ. საქართველოს შეიარაღებული ჯარებისთვის განკუთვნილი “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის გარდა, რომელიც უახლეოს დღეებში დაიწყება, დაგეგმილია ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ცალკე დელეგაციის ვიზიტი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ანტიკრიზისული ცენტრის დახმარებაში დაეხმარება. დავით თევზაძის განცხადებით, აღნიშნული ცენტრი ანტიტერორისტული ოპერაციების დაგეგმვას განახორციელებს.

ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება ჯერ ვერ ახერხებს სეპარატისტული აფხაზეთის საერთაშორისო ტერორისტების თავშესაფრად გამოცხადების საერთაშორისო აღიარებას. ა.შ.შ.-ის მთავრობა ჯერ-ჯერობით არ ადასტურებს ინფორმაციას აფხაზეთში ალ ქაიდას ტერორისტული დაჯგუფების წევრების არსებობის თაობაზე.

“ჩვენ არ გაგვაჩნია დაზუსტებული ინფორმაცია აფხაზეთში ალ ქაიდას მებრძოლების ყოფნის შესახებ,” განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის რიჩარდ ბაუჩერმა 11 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

ა.შ.შ.-ის ხელისუფლება გამორიცხავს, რომ შესაძლოა საქართველომ ანტიტერორისტულ კოალიციაში მონაწილება საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს და ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის საფარველით აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს.

ბაუჩერის განცხადებით ამის საშიშროება არ არსებობს, რადგან “ჩვენ საქართველოს მხარესთან ამ საკითხთან დაკავშირებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.”

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია, რომელიც ამჟამად ვოშინგტონსა და ლონდონში თავის კოლეგებთან მოლაპარაკებებს მართავს პანკისში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე განაცხადა, რომ აფხაზეთი ტერორისტების თავშესაფრად გადაიქცა. მან არ გამორიცხა, რომ იქ შესაძლოა ალ ქაიდას წევრებიც იყვნენ.
 
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელი თამაზ ნადარეიშვილი კი ირწმუნება, რომ ამჟამად, აფხაზეთში 40-მდე ალ ყაიდელი იმყოფება.

Back to top button