
პარლამენტის მუშაობის კვირის მიმოხილვა. 04 – 11 მარტი. 2002
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 4 მარტს გაიმართა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, სადაც განიხილეს დეპუტატთა პერსონალური საკითხები. პირველი საკითხი მიეძღვნა დეპუტატ ლევან პირველსა და “თავისუფლების ინსტიტუტის” თანამშრომელ გივი თარგამაძის შორის მომხდარ ინციდენტს. პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა კომიტეტს, რათა დახმარებოდა დეპუტატის დაკითხვაში. აღინიშნა, რომ საქმე გამოძიების პროცესშია და ჯერ არ დასრულებულა. 4 მარტს სახელმწიფო დაცვის სამსახურმა კომიტეტს მიმართა თხოვნით მიეღო ზომები ბორის კაკუბავას მიმართ, რათა იგი დამორჩილებოდა დაცვის სამსახურს და პარლამენტის შენობაში ჩაებარებინა იარაღი. კაკუბავამ აღიარა, რომ კანონს არღვევს, მაგრამ განაცხადა, რომ ის არც მომავალში აპირებს იარაღის ჩაბარებას პარლამენტში. მან განაცხადა, რომ დაუცველია თვით პარლამენტის შენობაში, როცა ცალკეული დეპუტატების პერსონალური დაცვა იარაღით დადის პარლამენტის დერეფნებში. კაკუბავას პოზიცია გაიზიარეს “აღორძინების” წარმომადგენლებმა და საკითხს პოლიტიკური ანგარიშსწორების კვალიფიკაცია მიანიჭეს. პროკურატურის თხოვნა გააცნეს კაკუბავას, რათა იგი მისულიყო დაკითხვაზე ავთანდილ იოსელიანის და ნუგზარ საჯაიას წინააღმდეგ 15 თებერვალს დევნილთა ყრილობაზე გაკეთებული განცხადებების გამო. ბორის კაკუბავამ თავის გამოსვლაში უნდობლობა გამოუცხადა პროკურატურას და თავის მხრივ ბრალდება წაუყენა ორწლიანი დევნის გამო, რომელიც მის მიმართ ხორციელდებოდა. კაკუბავამ განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იოსელიანი გადადგება თანამდებობიდან ის გამოაჩენს საკუთარი განცხადებების დამამტკიცებელ დოკუმენტებს. საკითხის განხილვა საკმაოდ დაძაბულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. კომიტეტის თავჯდომარის მოადგილემ ხათუნა ხოფერიამ წარმოადგინა გენერალური პროკურორის წერილი, რომელიც ეხმაურებოდა პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს “ინვალიდთა ლიგის” უკანონო ფინასურ ოპერაციაბთან დაკავშირებით. სტატიებში ფიგურირებს ფრაქცია “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის” ორი დეპუტატის კოტე კემულარიასა და გიორგი კოხრეიძის გვარი. კემულარიამ წერილში მოყვანილი ინფორმაცია უარყო და სერიოზული ულტიმატუმი წაუყენა პროკურატურას. მისი თქმით, თუ გენერალური პროკურორი 10 დღის ვადაში არ წარმოადგენს მისი ბრალის დამადასტურებელ დოკუმენტებს, მაშინ იგი ნუგზარ გაბრიჩიძის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს. კემულარიამ განაცხადა, რომ პროკურატურა ტრადიციებს არ ღალატობს და კვლავაც “ზევიდან” კარნახის მიხედვით მოქმედებს. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავჯდომარემ მიხეილ ოსაძემ გააკეთა ინფორმაცია, რომ კომისიამ შეისწავლა ეს საქმე და ბრალის დამადასტურებელი არგუმენტები არ არსებობს. კომიტეტმა იმსჯელა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც. თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი 11 მარტს თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა “მოქალაქეთა კავშირის” კანონპროექტი ” ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”. კანონპროექტის განხილვა გააპროტესტა “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ. მისი ინფორმაციით ინტერფრაქციული ჯგუფი მუშაობს თვითმმართველობის საკითხებზე და უახლოეს მომავალში შეჯერდება ფრაქციების პოზიციები. “ხომ არ არის ეს განხილვა იქით მიმართული, რომ ჩიხში შევიდეს ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა და არჩევნების ჩატარების საკითხი?”-ეჭვი გაუჩნდა ჩიხრაძეს. კომიტეტის თავჯდომარემ რომან კუსიანმა განმარტა, რომ პარლამენტს მხოლოდ 20 დღე აქვს კანონპროექტის მოსამზადებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების ჩატარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. 3 აპრილს პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოს არჩევნების თარიღი. ამ პერიოდში კომიტეტი ვალდებულია ყველა ოფიციალურად შესული კანონპროექტი განიხილოს. ყველა ფრაქცია თანხმდება იმაში, რომ თვითმმართველობის არჩევნები გაზაფხულზე აუცილებლად უნდა გაიმართოს და საკრებულოებისთვის ვადის გაგრძელების უხეში პრეცედენტი არ უნდა განმეორდეს. კანონპროექტი წარადგინა ედურდ სურმანიძემ. მისი თქმით, მოქალაქეთა კავშირი თანახმაა გაიზიაროს ფრაქციათა შენიშვნები და პოზიციები კანონპროექტის მიმართ. პრინციპულად განსხვავებული პოზიციები არ გააჩნიათ მსხვილ პოლიტიკურ ძალებს, როგორიცაა “აღორძინება”, “სოციალისტები”, “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის”, “მაჟორიტარები”, “ახალი მემარჯვენეები”, “მრეწველები”. ფრაქცია ტრადიციონალისტი კვლავ პრინციპულად სვავს საკითხს რეგიონალიზმთან დაკავშირებით. განსხვავებული ხედვა აქვს ფრაქციას “ალიანსი ახალი საქართველოსთვის”. ცნობილი გახდა, რომ ურბანულმა ინსტიტუტმა შეიმუშავა კანონპროექტი ადგილობრივი ქონების გამიჯვნის შესახებ, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოიწონა და უახლოეს მთავრობის სხდომაზე აპირებს მის განხილვას. პრეზიდენტის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსმა ბადრი ხატიძემ თანამშრომლობა აღუთქვა კომიტეტს. ხატიძის საკმაოდ პესიმისტურმა გამოსვლამ დეპუტატებს არჩევნების გაზაფხულზე ჩატარების იმედი შეურყია. კომიტეტმა განხილულ კანონპროექტზე კენჭისყრისაგან თავი შეიკავა.