
არჩევნები აფხაზეთში ოპოზიციისა და აღიარების გარეშე
აფხაზეთის თვითაღარებულ რესპუბლიკაში 2 მარტს ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. დემოკრატიულად თავის მოცვენების ამ მცდელობამ სულაც არ გაზარდა პოლიტიკური აქტივობა რეგიონში და მას არც საერთაშორი აღიარება შესძინა. აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ მიუღია მონაწილეობა. ოპოზიციური პარტიების – “აფხაზეთის აღორძინების”, “სახალხო პარტიისა” და “ამცახარას” წარმომადგენლების განცხადებით, მათ არ სურთ იყვნენ არძინბას ჯიბის პარლამენტის წევრები. 27 თებერვალს “აფხაზეთის აღორძინების” ლიდერებმა ლეონიდ ლაკერბაიმ და თამაზ ქეცბამ გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აფხაზეთში რეალურ ძალას წარმოადგენს არძინბას აღმასრულებელი ხელისუფლება და არა პარლამენტი. მათ მოუწოდეს მოსახლეობას არ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. გავრცელებული ცნობის თანახმად, თავად არძინბა მოსკოვის ერთ-ერთ სავადმყოფოში გადის მკურნალობას. ლიდერის არყოფნის პერიოდში მისი მთავრობის წევრები ძალაუფლებისთვის ბრძოლას ცდილობენ. ნათელია, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად, აფხაზეთში არსებული არც ერთი ოპოზიციური ძალა პარლამენტში არ აღმოჩნდება. ასე რომ, შინაგანი დაძაბულობა სეპარატისტული რესპუბლიკის მთავრობაში კიდევ უფრო გაიზრდება. შიდა პრობლემებს თან ერთვის ისიც, რომ საერთაშორისო საზოგადეობა არ აპირებს აფხაზეთში ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურად ცნოს. 1 მარტს ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ ჟაიმ გამამ შეშფოთება გამოხატა აფხაზეთში გამართული “არჩევნების” გამო. მისი თქმით, აფხაზეთის ტერიტორიაზე არც ერთი არჩევნები არ ჩაითვლება კანონიერად, სანამ რეგიონში ქართველი მოსახლეობა არ დაბრუნდება. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის განცხადებით, “არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად ვინაიდან ათასობით ადამიანი, რომელთა სახლიც აფხაზეთში, არჩევანის უფლებას მოკლებულნი არიან”. ეს თვითაღიარებული რესპუბლიკის მეორე “საპარლამენტო არჩევნები” იყო მას შემდეგ, რაც 1993 წელს საქართველოს მთავრობამ ამ რეგიონზე საკუთარი იურისდიქცია დაკარგა. მას შემდეგ დაახლოებით 300 000 დევნილი აფხაზეთში გამართულ არჩევნებში ვერ მონაწილეობს. საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გაეროს, ეუთოს და ევროსაბჭოს არც ადრე გამართული “არჩევნები” არ უცვნიათ ლეგიტიმურად. საქართველოს პარლამენტის წევრის, ფრაქცია “აფხაზეთის” თავმჯდომარე გივი ლომინაძის აზრით, ლაკერბაია არძინბას მთავრობის ძირითად ოპონენტად ითვლება. ის და მისი თანამოაზრეები თანახმა არიან საქართველოს კონფედერაციული მოწყობის შემთხვევაში აფხაზეთის საქართველოს შემადგენობაში დარჩენისა. აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება ასევე ეჭვს გამოთქვამს იმ მონაცემების გამო, რომელიც აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ “არჩევნებისას” დააფიქსირა. მისი მონაცემებით, “არჩევნებში” 200 ათასი ამომრჩეველი დაფიქსირდა, მაშინ როდესაც აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მონაცემებით აფხაზეთის ტერიტორიაზე, ამჟამად მხოლოდ 80 ათასი ადამიანი ცხოვრობს. სავარაუდოდ, არჩევნებში გამოყენებული იყო იმ პირთა მონაცემები, რომლებიც ჩაწერილი არიან აფხაზეთში, თუმცა ამჟამად დევნილთა სტატუსით საქართველოს სხვა რეგიონებში ცხოვრობენ. აფხაზურ “არჩევნებში” გალის რაიონის ქართული მოსახლეობის ერთმა ნაწილმაც მიიღო მონაწილეობა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. გივი ლომინაძე აღნიშნავს, რომ რამოდენიმე ეთნიკური ქართველი დეპუტატობის კანდიდატებს შორისაც იყვნენ. ქართველების არჩევნებში მონაწილეობა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უკვირთ. მათი განცხადებით, გალის რაიონის ქართული მოსახლეობა აფხაზების გამუდმებული ზეწოლის ქვეშ იმყოფება. პოლიტიკური ბრძოლა აფხაზეთის გარშემო კონფლიქტის ზონაში პრობლემების გადაჭრას არ ემსახურება. გაეროს მიერ შემოთავაზებული რეზოლუცია “თბილისსა და სოხუმს შორის ვალდებულებების გადანაწილების შესახებ” ერთადერთ დოკუმენტად რჩება, რომელიც კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაჭრის პირობას იძლევა. თუმცა აფხაზეთის მხარემ უკვე გამოხატა მისი უარყოფითი დამოკიდებულება დოკუმენტის მიმართ და განაცხადა, რომ კოდორის ხეობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაყვანამდე არავითარ კომპრომისზე არ წავა. უკანასკნელ ხანებში საქართველოსთან აშშ-ის სამხედრო თანამშროლმლობის პერსპექტივამ ქართველი სამართალდამცველი სტრუქტურები საკმაოდ შეაგულიანა. უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას ბოლო დროინდელი განცხადებით, ავღანელი ტერორისტების კვალი აფხაზეთში უნდა ვეძიოთ. თბილისსა და სოხუმს შორის თანაბარი უნდობლობისა და დაძაბული მშვიდობის პირობებში საზოგადოების ინდეფენტურობა პრობლემის მიმართ და ქართველი და აფხაზი ხალხის დაპირისპირება დღეს იმდენად დიდია, როგორც არასდროს. სალომე ჯაში, ჯაბა დევდარიანი, სივილ ჯორჯია