ახალი ამბები

პარლამენტის მუშაობის კვირის მიმოხილვა. 10 – 16 სექტემბერი, 2001.

ოპოზიცია ჟვანიას საწინააღმდეგო ხელმოწერებს აგროვებს

ზურაბ ჟვანიას გადადგომის განცხადებაზე, რომელიც პარლამენტის კადრების დეპარტამენტშია დაცული, ჯერ არც ერთი ხელმოწერა არ გაკეთებულა. პარლამენტის თავმჯდომარემ გასულ კვირას განაცხადა, რომ მზადაა, დატოვოს თანამდებობა, თუ პარლამენტში მოიძებნება ამის მსურველი 100 დეპუტატი.

ოპოზიციამ ჟვანიას ამ განცხადებას პროვოკაციული უწოდა. შესაბამისად, მათ აღნიშნეს, რომ არ აპირებენ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის შესახებ განცხადებაზე ხელმოწერათა გაკეთებას. თუმცა 12 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ვახტანგ რჩეულიშვილის (ფრაქცია “სოციალისტი”) და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, ჯემალ გოგიტიძის ინიციატივით, ოპოზიციამ ხელმოწერათა შეგროვება დაიწყო, რომლის მიზანიც ის იყო, რომ დაედგინათ, ოპოზიციიდან რამდენი უჭერდა მხარს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას. აღნიშნულ სიაზე ხელმოწერა ოპოზიციამ უმრავლესობის რამდენიმე წევრსაც შესთავაზა.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ხელმოწერა შეგროვდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ხელმოწერათა რაოდენობამ 50-ს მიაღწია. თუმცა, როგორც ვახტანგ რჩეულიშვილმა განაცხადა, ოპოზიციური ფრაქციები ხელმოწერების პროცესს თავად უკეთებენ ორგანიზებას.

ამჟამად ცნობილია, რომ ზურაბ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნით ღიად გამოდიან ფრაქციები “აღორძინება”, “ახალი მემარჯვენეები” და “სოციალისტი”. რაც შეეხება სამ სხვა ოპოზიციურ ფრაქციას – “ტრადიციონალისტს”, “მრეწველებსა” და “ახალი აფხაზეთი – ქრისტიან-დემოკრატებს”, ისინი ხელმოწერების შეგროვებას არ აპირებენ.

უმრავლესობამ ერთი წევრი “დაკარგა”

საპარლამენტო უმრავლესობამ ერთი დეპუტატი დაკარგა. ახალციხელი დეპუტატი ანზორ თამარაშვილი, რომელიც პარლამენტში მმართველი პარტიის სიით მოხვდა, ოპოზიციურ ფრაქცია “ახალი მემარჯვენების” წევრი გახდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, თამარაშვილის ეს გადაწყვეტილება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს გიგლა ბარამიძისა და “მოქალაქეთა კავშირს” შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება, რადგან თამარაშვილი ბარამიძის ახლო ნათესავია.

პარლამენტში ახალი ფრაქცია იქმნება

კობა დავითაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. “როგორც გამოჩნდა, ედუარდ შევარდნაძისთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კორუფციული წყობის შენარჩუნება და განმტკიცება, ვიდრე ქვეყანაში რეფორმების გატარება”, – აღნიშნა პარლამენტარმა. მისი თქმით, საქართველოში რეალური გადაწყვეტილება კლანების მიერ მიიღება.

დავითაშვილმა განაცხადა, რომ თუ მისი მეგობრებიც მის კვალს გაჰყვებიან, შესაძლოა, მათ პარლამენტში ახალი ფრაქცია ჩამოაყალიბონ.

კობა დავითაშვილი ე.წ. მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრია. ამ გუნდის რამდენიმე წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ მათ შეიძლება შექმნან კიდეც ახალი ფრაქცია.

ოპოზიცია ბოიკოტს ძალაში ტოვებს

11 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნა პარლამენტის საშემოდგომო სესია, რომლის პირველი პლენარული სხდომა პოლიტიკურ დებატებს დაეთმო. პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას განცხადებით, “აუცილებელია კორუფციის აღმოფხვრა. საკადრო ცვლილებების განხორციელებას ალტერნატივა არ გააჩნია. თუმცა მხოლოდ რამდენიმე მინისტრის მოხსნა ვითარებას ვერ შეცვლის”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ყველაზე ეფექტური გამოსავალი მინისტრთა კაბინეტის შემოღება იქნებოდა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, შესაძლებელია სხვა სახის გამოსავლის პოვნაც. 

ოპოზიციამ არც ამჯერად დაარღვია ბოლო რამდენიმე თვის “ტრადიცია” და პარლამენტის პლენარულ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა. სხდომას, უმრავლესობის წარმომადგენელთა გარდა, დაესწრნენ მხოლოდ ფრაქციების “ტრადიციონალისტის”, “მრეწველებისა” და “21-ე საუკუნის” წევრებიც.

რა სურს ოპოზიციას?

11 სექტემბერს საქართველოს ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებათა საკოორდინაციო საბჭომ, რომლის წევრიცაა 12 ოპოზიციური საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტია, გაავრცელა განცხადება, რომელშიც საბჭო მმართველ პარტიას ქვეყანაში სამოქალაქო და სოციალური აფეთქების პროცრსის გაღვივებაში ადანაშაულებს.

განცხადების მიხედვით, საკოორდინაციო საბჭო ხელისუფლებისგან მოითხოვს “უმოკლეს ვადებში საარჩევნო კოდექსის და ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობის არსებით შეცვლას სრული დემოკრატიზაციის მიმართებით, უშუალოდ ხალხისაგან თბილისის, ფოთის და სხვა ქალაქების მერების, რაიონის გამგებლებების არჩევითობას, პოლიტიკურ პარტიათა თანასწორ მონაწილეობას საარჩევნო პროცესებში, ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს”.

განცხადება 11 სექტემბერს საპარლამენტო ოპოზიციის სხდომაზე წაიკითხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა.

ფრაქცია “ერთიანი საქართველოს” (ბლოკი “აღორძინება”) თავმჯდომარემ, გიორგი თარგამაძემ უარყოფითად შეაფასა ზოგიერთი ოპოზიციური ფრაქციის გადაწყვეტილება, დასწრებოდა პლენარულ სხდომას და პოლიტიკურ დებატებში მიეღო მონაწილეობა.

“პრეზიდენტ შევარდნაძის პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი საპარლამენტო უმრავლესობაა. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება ზურაბ ჟვანიას ტახტი გაუმყაროს, შევარდნაძეს მმართველობის ვადას უხანგრძლივებს”, – დასძინა თარგამაძემ.

“ტრადიციონალისტი” საკონსტიტუციო უმრავლესობას ითხოვს

10 სექტემბერს ფრაქცია “ტრადიციონალისტის” ლიდერმა, აკაკი ასათიანმა წერილი გაუგზავნა პარლამენტის თავმჯდომარეს, ზურაბ ჟვანიას, რომელშიც ის საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, “ეს, ერთი მხრივ, ერთპარტიული, მით უფრო კი ერთპიროვნული მმართველობის დასასრულს ნიშნავს. მეორეს მხრივ კი, რეალურ და არაბუტაფორიულ ხელისუფლებაში მყოფი რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის ხელისუფლების შიგნიდან ურთიერთკონტროლი მრავალპარტიულ-კოალიციური მმართველობის კლანურ-პოლიციურ მმართველობად გადაქცევის შანსს გამორიცხავს”.

აკაკი ასათიანი აცხადებს, რომ “არათუ შესაძლებელი, აუცილებელიც კია ახალი და თანაც საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა”. ის ასევე მხარს უჭერს მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას. “ასევე ძალზე მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ვაკუუმის შევსება სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობის თვალსაზრისით”, – აღნიშნავს ასათიანი და დასძენს, რომ აუცილებლად უნდა გადაწყდეს საქართველოს რეგიონალიზაციის საკითხი.

სამი ოპოზიციური ფრაქცია კოალიციას ქმნის

ფრაქცია “ტრადიციონალისტები”, “მრეწველები” და “ახალი აფხაზეთი – ქრისტიან დემოკრატები”, სულ 38 დეპუტატი ოთხი ძირითადი პრინციპის გარშემო გაერთიანდა. ესენია: ტერიტორიული მთლანობის აღდგენა, მინისტრთა კაბინეტი შემოღება, რეგიონალიზმის პრინციპების განხორციელება, და ეკონომიკური პრობლემების მოგვარება.

ახალი კოალიციის შექმნის წინააღმდეგია საპარლამენტო უმცირესობა, რომელშიც ცოტა ხნის წინ თავად “ტრადიციონალისტები” და “მრეწველებიც” შედიოდნენ. ახალმა კოალიციამ საპარლამენტო უმრავლესობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

ოპოზიცია ევროსაბჭოს სანქციებს ითხოვს

12-13 სექტემბერს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სერ დევიდ რასელ ჯონსტონი. ვიზიტის მიმდინარეობისას მას შეხვედრები ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

ოპოზიციასთან შეხვედრისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა საქართველოს მიმართ ევროსაბჭოს სანქციების გამკაცრება მოსთხოვა. მისი პოზიცია ოპოზიციის სხვა ლიდერებმაც გაიზიარეს.

“საქართველოს ხელისუფლება, რომელიც იმითაა ცნობილი, რომ არჩევნებს აყალბებს, სამწუხაროდ, დასავლეთში მხარდაჭერით სარგებლობს”, – განაცხადა ფრაქცია “მრეწველების” ლიდერმა, გოგი თოფაძემ. “ზურაბ ჟვანიამ საქართველოს პარლამენტი გადააქცია მოქალაქეთა კავშირის სათათბირო ორგანოდ”, – აღნიშნა ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარემ, დავით გამყრელიძემ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლების ბრმა მხარდაჭერისთვის უსაყვედურეს.

ევროსაბჭოს საქმიანობის ასეთი შეფასება არ გაიზიარა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ევროსაბჭოს მოხსენებები საკმაოდ კრიტიკულია. სერ დევიდ რასელ ჯოსტონმა თავი შეიკავა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობის კომენტირებისაგან.

საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

11 სექტემბერს პარლამენტმა 118 ხმით ლევან ძნელაძე საგადასახადო შემოსავლების მინისტრად დაამტკიცა. მანამდე მას სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის პოსტი ეკავა.

საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო, რომლის შემადგენლობაშიც შედის საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტები და საგანგებო ლეგიონი, 1999 წელს ჩამოყალიბდა. ამ უწყების პირველი ხელმძღვანელი იყო მიხეილ მაჭავარიანი, რომელმაც აგვისტოში დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. მისი თანამდებობიდან წასვლის ოფიციალური მიზეზი გახლდათ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს შორის არსებული დაპირისპირება.  
      

მსგავსი/Related

Back to top button