ახალი ამბები

საქართველო ტერორიზმს არ მფარველობს

“დილის გაზეთი”, “ახალი თაობა”, “რეზონანსი”, “ალია”

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დებუტატ ბორის ნემცოვის რუსეთის ტელევიზიით გაკეთებულმა განცხადებამ საქართველოში ტერორისტების არსებობის თაობაზე საქართველოში აღშფოთება გამოიწვია. პრესა ყურადღებას ამახვილებს აღნიშნულ ფაქტსა და “მოქალაქეთა კავშირის” ლიდერის რევაზ ადამიას საპასუხო განცხადებაზე.

“ნემცოვმა კიდევ ერთხელ გადაამღერა ოფიციალური მოსკოვის ნამღერი, რომ რუსმა და ქართვემა ძალოვნებმა პანკისის ხეობაში უნდა ჩაატარონ ერთობლივი ოპერაცია, რასაც, როგორც ცნობილია, ქვეყნის ხელისუფლება მტკიცედ ეწინააღმდეგება”, წერს “დილის გაზეთი”.

ადამიას ვარაუდით, ნემცოვის განცხადება საქართველოს ტერიტორიაზე ტერორსიტების არსებობის თაობაზე მიზნად ისახავს, დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, თითქოს საქართველო მხარს უჭერს ტერორიზმს.

“რუსეთმა არა ერთხელ მოსთხოვა საქართველოს ე.წ. ტერორისტების გადაცემა, ტერორისტებში კი რუსეთი იმ ჩეჩენ ლტოლვილებს გულისხმობს, რომლებიც საქართველომ 1999 წელს შეიფარა. რეზო ადამიას თქმით, ეს ის ხალხია, რომლებიც ჩეჩნეთიდან იმ ჟლეტას გამოექცნენ, რასაც რუსეთი ახორციელებდა”, წერს “ახალი თაობა”.

ქართული პრესა მხარს უჭერს რევაზ ადამიას და მიაჩნია, რომ საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც ტერორისტებს მფარველობს. ვინაიდან ჩეჩნეთის მონაკვეთის რუსეთ-საქართველოს საზღვარს რუსი სასაზღვრო ჯარი აკონტროლებს, საქართველოში რომც იყვნენ ჩეჩენი ტერორისტები, ამაში რუსეთის წვლილიც იქნება. რუსეთისთვის ხელსაყრელიც კი არის საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი ბოევიკების არსებობა, რათა საქართველო პროვოკაციაზე წამოაგოს.

“რეზონანსში” ვხვდებით ინტერვიუს თბილისის დიპლომატიური აკადემიის რექტორს, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან, მისი აზრით, რუსეთი ეცდება, ამერიკის ტრაგედია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ. ცინცაძე აცხადებს, რომ ცნიბილი ჩეჩენი ტერორისტი ბასაევი სწორედ რუსი სპეცსამსახურების გაზრდილია.

ცინცაძის მოსაზრებას იზიარებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც თავად ადანაშაულებს რუსეთს ტერორისტების მფარველობაში და მოჰყავს არგუმენტები. “ალიასთან” საუბრისას ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ტერორიზმზე ლაპარაკი საქართველოს იმიჯის შელახვის მცდელობაა.    


 

მსგავსი/Related

Back to top button