ახალი ამბები

ქართული პრესა მხარდაჭერას უცხადებს ამერიკელ ხალხს

“რეზონანსი”, “ახალი თაობა”, “დილის გაზეთი”

ყველასათვის ცნობილია აშშ-ში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ, რომელსაც ათასობით ადამიანი შეეწირა. ტრაგედიამ გამოძახილი ჰპოვა მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. ქართული გაზეთების პირველი გვერდები სწორედ ამ მოვლენას ეხება.

“რეზონანსის” მთავარი სტატია განიხილავს მომხდარს საქართველოსთან მიმართებაში, თუ რა არის მოსალოდნელი საქართველოში და რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს აშშ-სთვის. “მდგომარეობას უფრო დრამატულს ხდის ისიც, რომ კავკასია, კერძოდ საქართველო, ნებისმიერი ტერორიზმისთვის მიმზიდველია… შიდა პოლიტიკური ვითარება, ეკონომიკური კრიზისი და მორღვეული საზღვარი არალეგალური ტრანზიტის განხორციელების შანსს ზრდის”, წერს “რეზონანსი”.

გაზეთს მიაჩნია, რომ მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს ტერორიზმის საფრთხე ემუქრება. გეოპოლიტიკური მდებარეობისა და სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით ფართომასშტაბიან ტერორს საქართველოშიც ელიან.

“რეზონანსში” განცხადებას აკეთებენ პოლიტიკოსები და მინისტრები. უშიშროების მინისტრყ ვახტანგ ქუთათელაძე აღიარებს, რომ საქართველოში ტერორიზმის საფრთხე ამერიკაში განხორციელებულ ტერაქტამდეც იგრძნობოდა.

ვარაუდობენ, რომ ამერიკის პოლიტიკა აგრესიული გახდება. “საუბარია იმაზეც, რომ მსოფლიოს ზესახელმწიფოები ვერ გაართმევენ მშვიდობის შენარჩუნების პროცესს თავს და წარმოიქმნება მსოფლიოში ტერორიზმის დაკანონების საშიშროება”, აცხადებს გაზეთი.

“ახალ თაობაში” ვხვდებით ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თავმჯდომარესთან ლევან ბერძენიშვილთან. მას მიაჩნია, რომ საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევანი ამერიკასა და რუსეთს შორის. “თავის დროზე ეს ტერორისტები ემზადებოდნენ და საბჭოთაAკავშირის ხელმძღვანელობით სპეციალური ბანაკები ჰქონდათ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას”, აცხადებს ბერძენიშვილი. მას მიაჩნია, რომ შესაძლოა, ტერაქტში რუსეთიც იყოს გარეული, თუმცა ამაზე პირდაპირი მინიშნებები არ არსებობს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით “დილის გაზეთმა” ინტერვიუ სთხოვა ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს. საყვარელიძის აზრით, ამერიკელებმა ფსიქოლოგიური შეცდომა დაუშვეს, როდესაც მიიჩნიეს, რომ ტერორს მათ ვერავინ მოუწყობდა.

მსგავსი/Related

Back to top button