ახალი ამბები

შემოდგომაზე პარლამენტში ცვლილებებს მოელიან

“რეზონანსი”

გაზეთი “რეზონანსი” მიმოიხილავს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, განხეთქილების დასაბამს საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში. ამასთან, გვთავაზობს პოლიტიკოსების კომენტარებს. 

ხვალ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიის პირველ სხდომას გამართავს. მას პარლამეტნის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას მოხსენება გახნის. ოპოზიციურ ფრაქციათა ლიდერების გამოსვლების სიმძაფრე ბევრად არის დამოკიდებული შევარდნაძესა და აბაშიძეს შორის გამართულ დიალოგზე, წერს გაზეთი. დიალოგი ბათუმში შედგა და მასზე საქართველოს პრეზიდენტმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, სავარაუდოდ, საქართველოში არსებულ საპარლამენტო და სახელისუფლებო კრიზისზე ისაუბრეს.

საშემოდგომო სესიის პირველ სხდომას საპარლამეტნო უმრავლესობა ნახევრად დაშლილი ხვდება. განხეთქილებაა ოპოზიციის რიგებშიც. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია “სოციალისტის” თავმჯდომარე ვახტანგ რჩეულიშვილი ფრაქცია “ტრადიციონალისტის” ლიდერს აკაკი ასათიანს პარლამეტის თავმჯდომარესთან გარიგებებში ადანაშუალებს. გარიგებების არსებობის შემთხვევაში, რჩეულიშვილი “აღორძინების” ბლოკში სერიოზულ განხეთქილებას წინასწარმეტყველებს.

თავად აკაკი ასათიანი ჟვანიასთან თანამშრომლობას უარყოფს. მისი თქმით, ის პარლამენტის თავმჯდომარესთან მხოლოდ ადგილობრივი არჩევნების გადადებისა და ინსტიტუციონალური ცვლილებების გატარების გამო აწარმოებს მოლაპარაკებას.

საპარლამენტო კრიზისის არსებობას უმრავლესობის წარმომადგენელი ვასილ მაღლაფერიძეც ადასტურებს. “ოპოზიციაშიც იგივე ხდება, რაც საპარლამენტო უმრავლესობაში. საქართველოს პარლამენტში ორი მიკროპარლამეტნია ჩამოყალიბებული. ერთს პრეზიდენტი მართავს, მეორეს კი რეგიონის ხელმძღვანელი (იგულისხმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი). ამ ორ მიკროსივრცეს ერთად კორუფცია კრავს”, განაცხადა მაღლაფერიძემ “რეზონანსთან” საუბრისას. მისი თქმით, უახლოეს ხანში საქართველოში განსახორციელებელია ინსტიტუციონალური ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისის დაძლევა და ქვეყნის განვითარება შეუძლებელი გახდება.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერს დავით ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ “ტრადიციონალისტები”, “მრეწველები” და “მოქლაქეთა კავშირის” რეფორმატორთა გუნდი შემოდგომაზე ახალ კოალიციას შექმნიან. ბერძენიშვილის აზრით, ეს კოალიცია ქმედითუნარიანი იქნება და პრეზიდენტ შევარდნაძის ოპოზიცია გახდება.

საპარლამენტო და სახელისუფლებო კრიზისის დროს საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია შეიქმნა, რომლის თავმჯდომარე ჯუმბერ პატიაშვილია, ხოლო თანათავმჯდომარე – ალექსანდრე ჭაჭია (იხ. 07.09.01 ქართული პრესის მიმოხილვა). პარტიის იდეოლოგია და პოლიტიკური მიმართულება ჯერ უცნობაია. საპარლამეტნო უმრავლესობის წარმომადგენელთა აზრით, ალექსანდრე ჭაჭია არის რუსეთის იმ ძალების კურიერი, რომელთაც საქართველოს მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ. თუმცა, ვასილ მაღლაფერიძის აზრით, ქვეყანაში გამეფებული კორუფცია არის რუსეთის ყველაზე სერიოზული დასაყრდნი საქართველოში.

მსგავსი/Related

Back to top button