ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობას გამოცდას უწყობს

“რეზონანსი”, “ალია”, “დილის გაზეთი”

საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც პირველივე სესიაზე თავად აპირებდა ზურაბ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის საკითხის დაყენებას, გაუგებარ ვითარებაში აღმოჩნდა. ჟვანიამ მას დაასწრო და თანამდებობიდან გადადგომა პარლამენტს თავად შესთავაზა.

“მე არ ვაპირებ შევეგუო ამგვარ ვითარებას და მოსახლეობის თუნდაც მცირე ნაწილის თვალში საეჭვო გავხადო ჩემი ლეგიტიმურობა… საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებისათვის საჭიროა დეპუტატთა ორი მესამედის, ანუ 157 დეპუტატის მონაწილეობა, რომელთაგან 118-მა მაინც უნდა მისცეს ხმა მის გადარჩევას. ეს პროცედურა აშკარად უპერსპექტივოა ჩემი ოპოზიციისათვის, ამიტომ მნიშვნელოვნად გავუადვილებ ამოცანას – შეაგროვონ თუნდაც 100 ხელმოწერა და დავტოვებ მათთვის სანატრელ პოსტს”, ასეთი იყო ზურაბ ჟვანიას განცხადება, რომელიც დღეს პრესაში გავრცელდა.

ოპოზიციის წარმომადგენელთა უმეტესობა განცხადებაზე ხელის მოწერას არ აპირებს, ვინაიდან ჟვანიას ეს ნაბიჯი ინტრიგად და მორიგ თამაშად მიაჩნია. ფრაქცია “აღორძინება” აცხადებს, რომ ის ჟვანიას არც ერთ წერილს ხელს არ მოაწერს. “ახალ მემარჯვენეები” პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას მორიგ პროვოკაციას უწოდებენ. “რაღა ღქმა უნდა, მათთვის გაცილებით უფრო მისაღები იქნებოდა, პარლამენტის თავმჯდომარე ყოველგვარი ხელმოწერების გარეშე რომ გადამდგარიყო”, წერს “ალია”. “მრეწველებს” ხელმოწერების თაობაზე ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ფრაქცია “სოციალისტის” თავმჯდომარე ირაკლი მინდელი კი მზად არის განცხადებას ხელი მოაწეროს.

ფრაქცია “ტრადიციონალისტის” ლიდერი აკაკი ასათიანი დარწმუნებულია, რომ ზურაბ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომით ქვეყანაში სიტუაცია არ შეიცვლება. როცა პარლამენტის თავმჯდომარე ასეთი შინაარსის წერილს სწერს პრეზიდენტს (საუბარია ღია წერილზე, რომელიც ჟვანიამ 28 აგვისტოს გამოაქვეყან), ოპოზიციის მხრიდან მისი გადადგომის სურვილი უკვე სირცხვილია. “მაშინ პრეზიდენტის პარტია ჩვენ გამოვდივართ”, თვლის ასათიანი. ტრადიციონალისტთა ლიდერის აზრით, ჟვანია თავად საპარლამენტო უმრავლესობას უტარებს გამოცდას და არა ოპოზიციას.

ჯერ-ჯერობით განცხადებაზე არც ერთი ხელმოწერა არ დაფიქსირებულა. თავად პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია 100 ხელმოწერის შეგროვებას ვერ შეძლებს. არსებულ ძალთა ბალანსი მისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა, წერს “დილის გაზეთი”.

მსგავსი/Related

Back to top button