ახალი ამბები

პარლამენტის კომიტეტების სხდომების მიმოხილვა. 03 – 09 სექტემბერი, 2001

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი

4 სექტემბერს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტმა განიხილა 2002 წლის თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც შესაბამის სამინისტროში მომზადდა. ბიუჯეტის პროექტით,  მინიმალური ხარჯები გათვალისწინებულია 71 მლნ. ლარის ოდენობით (მათ შორის, პირადი შემადგენლობის ხარჯები – 34 მლნ. ლარი). თუმცა, ფინანსთა სამინისტრო თანახმაა, თავდაცვის სფერო მხოლოდ 36 მლნ. ლარით დააფინანსოს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ ბიუჯეტის პროექტს. “სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, პარლამენტმა ამ პროექტს მხარი უნდა დაუჭიროს”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიძემ. მისი თქმით, როდესაც “ქვეყანა, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში იმყოფება, ფინანსთა სამინისტროს სასაცილოდ არ ჰყოფნის თავდაცვის უწყების მოთხოვნა ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორები მზად არიან საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე სამსჯელოდ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი ჯარი შესაბამის სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს”.

თავდაცვის მინისტრის, დავით თევზაძის განცხადებით, მომავალ კვირას სახელმწიფო უშიშროების საბჭო განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც განხორციელდება სამხედრო კომისარიატების რეორგანიზაცია. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, 18-დან 27 წლამდე ყველა წვევამდელი, რომელსაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობის სურვილი არა აქვს, ვალდებული იქნება ყოველწლიურად გადაიხადოს განსაზღვრული ოდენობის თანხა. მისი ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის. წვევამდელის ასაკის გასვლის შემდეგ კი, მინისტრის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურს დაქვემდებარებული ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება, ერთთვიანი სამხედრო მომზადება გაიაროს ნებისმიერ სამხედრო ნაწილში.


საბიუჯეტო-საფინანსო და გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტები     

საბიუჯეტო-საფინანსო და გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ლევან ძნელაძეს, რომ მან დაიკავოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის სავარძელი, რომელიც ორი კვირის წინათ მიხეილ მაჭავარიანის გადადგომის შემდეგ გათავისუფლდა.

ლევან ძნალაძემ კომიტეტებების წევრთა წინაშე წარმოადგინა სამოქმედო პროგრამა, თუ რას განახორციელებს ის მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში. ძნელაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია საგადასახადო სისტემაში რეფორმის დასრულება.

მისი თქმით, ქვეყნის საბიუჯეტო პოტენციალი რამდენჯერმე აღემატება დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრებს და ისინი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. ამისათვის, მინისტრობის კანდიდატი საჭიროდ მიიჩნევს საგადასახადო კოდექსის სერიოზულ რევიზიას. “ჩვენი მიზანია ისეთი საგადასახადო სისტემის მშენებლობა, რომელიც გადასახადების ამოღებას უზრუნველყოფს”, – აღნიშნა ლევან ძნელაძემ.

ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენელმა კომიტეტების წევრებმა ლევან ძნელაძის კანდიდატურის მხარდაჭერისაგან თავი შეიკავეს.

მსგავსი/Related

Back to top button