ახალი ამბები

პარლამენტის მუშაობის კვირის მიმოხილვა. 3 – 9 სექტემბერი. 2001

ზურაბ ჟვანია მზადაა თანამდებობა დატოვოს

პარლამენტის თავჯდომარე, ზურაბ ჟვანია თანაახმაა დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს, იმ შემთხვევაში, თუ მისი მოწინააღმდეგე პარლამენტარები 100 დეპუტატის ხელმოწერის შეგროვებას შეძლებენ.

ამის შესახებ, 7 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარის პირადი კაბინეტის ხელმძღვანელმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. სპიკერის სამდივნომ აღნიშნული განხადება პარლამენტის შესაბამის ორგანოში რეგისტრაციაში უკვე გაატარა.

ზურაბ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება 7 სექტემბერსვე დაიწყო. ხელმოწერების პროცესი ერთ კვირას გასტანს. ბოლო ინფორმაციით, უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის განცხადებაზე ჯერჯერობოთ არც ერთ პარლამენტარს ხელი არ მოუწერია.   

ზურაბ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე ოპოზიციური ფრაქცია გამოვიდა. ისინი ამ საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასმას აპირებენ.

ოპოზიციური ფრაქცია `ტრადიციონალისტის~ თავმჯდომარე აკაკი ასათიანი, რომელსაც სხვა ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარესთან ფარულ ალიანსში სდებენ ბრალს, ზურაბ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნას არ იზიარებს. მისი თქმით, ამის აუცილებლობა არ არსებობს. ასათიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის ასეთი მოძრაობა სახელმწიფო კანცელარიიდან იმართება.


თვითმმართველობის არჩევნების გადადებას მხარს “მოქალაქეებიც” უჭერენ

ფრაქცია “ტრადიციონალისტის” ინიციატივას თვითმმართველობის არჩევნების 2002 წლის გაზაფხულამდე გადადების შესახებ მხარი მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს. მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, ედვარდ სურმანიძემ განაცხადა, რომ “თუ აკაკი ასათიანი არჩევნების გადადების მსურველებს სხვა პოლიტიკურ ძალებშიც იპოვის, მოქალაქეთა კავშირი ამ იდეას მიესალმება”.

ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდა 4 სექტემბერს ოპოზიციურ ძალთა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ტრადიციონალისტები არ დასწრებიან. საბჭოში საქართველოში მოღვაწე 12 გავლენიანი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლითაც მათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. ამასთან, ბოიკოტი არ ვრცელდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან მიმართებაში, სადაც 4 ნოემბერს არჩევნები გაიმართება.  

5 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” წევრებმა, ვასილ მაღლაფერიძემ, ზურაბ ადეიშვილმა და ვანო მერაბიშვილმა ოპოზიციას სააარჩევნო კოდექსის შეცვლისაკენ მოუწოდეს.

ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, შესაძლებელია თვითმმართველობის კანონისა და საარჩევნო კოდექსის შეცვლა. “თუ ოპოზიციის მიერ არჩევნებისადმი ბოიკოტის გამოცხადების მიზეზი ცუდი კანონმდებლობაა, ჩვენ მათ ამ კანონთა შეცვლის საშუალებას ვაძლევთ”, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ. მისი თქმით, ამ პოზიციას ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” 30 წევრი უჭერს მხარს.

ამასთან, მაღლაფერიძემ დასძინა, რომ საქართველოს მოსახლეობამ თავისი რჩეულები, თვითმმართველობის ყველა დონეზე, მაჟორიტარული წესით პირდაპირი არჩევნებით უნდა აირჩიოს და არა პარტიული პრინციპით. პარლამენტარის თქმით, “საქართველოში არ არსებობს არც ერთი პარტია, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა და კორუფციაში არ გაისვარა”.


საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტისთვის წერილის გაგზავნა გადაიფიქრა

3 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ შეწყვიტა ხელმოწერები წერილზე, რომლის ადრესეტიც პრეზიდენტი იყო. ხელმოწერათა შეწყვეტის შესახებ პირველად ღია განცხადება გააკეთა მოქალაქეთა კავშირის გენერალურმა მდივანმა, ედვარდ სურმანიძემ. მას მხარი დაუჭირა ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ნიკო ლეკიშვილმა.

მიუხედავად ამ მოწოდებისა, პრეზიდენტისადმი წერილის გაგზავნა აუცილებლად მიიჩნია უმრავლესობის წევრთა მცირე ჯგუფმა. “ვისაც მიაჩნია, რომ ასე ცხოვრება შეუძლებელია, ხელმოწერები უნდა გააგრძელოს. ხოლო ის, ვინც დღევანდელი მდგომარეობით კმაყოფილია, დარჩეს თავის ფეშენებელურ კაიუტაში გემის ჩაძირვამდე”, – დასძინა ვასილ მაღლაფერიძემ. საბოლოოდ, უმრავლესობას პრეზიდენტისთვის წერილი არ გაუგზავნია.

საპარლამენტო უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისა და პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიას პირისპირ შეხვედრა.


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

2 სექტემბერს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის 50-კაციანი დელეგაცია ეწვია. 3 სექტემბერს გაიმართა მათი შეხვედრა პარლამენტარებთან, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიაც დაესწრო. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა კავკასიის რეგიონში სტაბილურობის დამყარების საკითხებზე. მათ შორის, განხილული იყო აფხაზეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის პროცესის მიმდინარეობის საკითხებიც.

შეხვედრაზე სკანდალური მოხსენება გააკეთა პარლამენტის ვიცე-თავმჯდომარემ, ოპოზიციური ფრაქცია “სოციალისტის” წევრმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა. მან საპარლამენტო უმრავლესობას “ერთპარტიული კომუნისტურ-ფაშისტური დიქტატურა” უწოდა. რჩეულიშვილი გამოსვლაში შეეხო უმრავლესობის მიერ პულტებით მანიპულირების შედეგად მიღებულ საარჩევნო კოდექსსა და თვითმმართველობის კანონს. მისი თქმით, უმრავლესობა საქართველოს კანონმდებლობას უხეშად არღვევს, რადგან დღეს პარლამენტში ოთხი უფლებამოსილებამოხსნილი პირი ზის, რომელიც კანონშემოქნედებით საქმიანობას ეწევა.

პარლამენტის ვიცე-თავმჯდომარის გამოსვლა გააკრიტიკა უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ. მისი თქმით, ოპოზიციას სურს, რომ საქართველო ევროსაბჭოდან გარიცხონ.

ეს პოზიცია გაიზიარა საქართველოს წარმომადგენელმა ევროსაბჭოში ლანა ღოღობერიძემ. მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული დაპირისპირება ისე არ უნდა გამოვამზეუროთ, რომ ამით საქართველოს ინტერესები შეილახოს.

მსგავსი/Related

Back to top button