ახალი ამბები

სავარაუდოდ პრეზიდენტი მთავრობას გადააყენებს

“რეზონანსი”, “ახალი თაობა”, “ალია”

პარლამენტის თავნჯდომარის ზურაბ ჟვანიას მიერ პრეზიდენტისადმი მიწერილი ღია წერილი და ანტიკორუფციული სამთავრო სხდომა, რომელიც 4 სექტემბერს ჩატარდა კვლავ პრესის ყურადღების ქვეშ არის.

პარლამენტის თავმჯდომარის ღია წერილმა რამდენიმე შედეგი უკვე მოიტანა, წერს `ახალი თაობა”. ერთ-ერთი შედეგი ანტიკორუფციული სამთავრობო სხდომა იყო, რომელიც, “რეზონანსის” აზრით, უშედეგოდ დამთავრდა. პრეზიდენტმა არც ერთი მინისტრი არ დაითხოვა და მკვეთრი განცხადებების გაკეთებისგანაც თავი შეიკავა რაც ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. 

“შევარდნაძეს თანდათან ეკარგება სურვილი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისა და ნათლად ჩანს, რომ მხოლოდ ძალზე მნიშვნელოვანი და საჯაროდ გახმაურებული მოვლენა თუ უბიძგებს ამისკენ”, წერს “ახალი თაობა”. გაზეთმა ამგვარ მოვლენად ჟვანიას მიერ გაკეთებული ღია წერილი მიიჩნია. ღია წერილმა მხარდაჭერა ჰპოვა დასავლეთის მხრიდან. “ზოგიერთი ელჩის პირით ლამის პირდაპირ უთხრეს შევარდნაძეს – მთავრობის გადადგომა არამხოლოდ შეცვლის სიტუაციას, არამედ დიდ დარტყმას მიაყენებს კორუფციასო”.

კანცელარიამ ფარხმალი არ დაყარა და ოპოზიციის მეშვეობით ჟვანიას გადაყენება მოითხოვა. გაზეთი “ახალი თაობისთვის” გაუგებარია ოპოზიციის მოთხოვნა, რაც, ფაქტიურად, აღმასრულებელი მთავრობის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. “პოლიტიკოსებისათვის საკუთარი ინტერესების გარდა ყველა და ყველაფერი სულ ერთია… მოკლედ, ეს შეშლილი, შეშლილი ქვეყანაა, სადაც კორუფციის გარდა არაფერი ჰყვავის”, წერს “ალია”.

მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძეს მთავრობის სხდომაზე მწვავე განცხადებები არ გაუკეთებია, დღევანდელ ქართულ პრესას მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა თავისი მოსაზრებები ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარის მირიან გოგიაშვილის პირით გამოთქვა. გოგიაშვილი კი თავის გამოსვლაში ყველაზე მძაფრად ძალოვან უწყებებს შეეხო და მათი რეფორმირება უპირველეს ამოცანად დასახა. “ნაკლებსავარაუდოა, რომ მხოლოდ გოგიაშვილის ინიციატივა იყო ისეთი განცხადებების გაკეთება, რაც უკავშირდებოდა ძალოვანებისა და სპეცსამსახურების დანაშაულებრივ კავშირს საეჭვო რეპუტაციის ტრანსნაციონალურ კომპანიებთან და ნარკომაფიასთან”, წერს “რეზონანსი”. “დღეს რომ გამოვაცხადო, მთავრობა გადადგეს-მეთქი, ნაჩქარევი იქნება”, განაცხადა პრეზიდენტმა. ექსპერტთა გარკვული ნაწილის აზრით, შევარდნაძემ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ მოხსნებაში უბრალოდ დროზე ადრე არ გახსნა კარტები (“რეზონანსი”).

ამავე გაზეთის აზრით, პრეზიდნეტი კორუფციის წინააღმდეგ სერიოზულ ნაბიჯებს ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ გადადგამს. “ახალ თაობაც” დარწმუნებულია, რომ შევარდნაძე მთავრობას აუცილებლად დაითხოვს.       

რაც შეეხება ისევ სხდომას, მასზე კორუფციის წინააღმდეგ მხოლოდ რამდენიმე მომხსენებელმა ისაუბრა. ესენი იყვნენ მხოლოდ ანტიკორუფციული საბჭოს წარმომადგენლები და პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია. “სხვა დანარჩენებმა ტრიბუნა ექსკლუზიურად საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენეს” (“ალია”).

 

მსგავსი/Related

Back to top button