ახალი ამბები

ტრადიციონალისტთა ლიდერი გაერთიანებულ ოპოზიციას ემიჯნება

გაერთიანებული საპარლამენტო ოპოზიცია და მის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭო რღვევის ზღვარზეა. ფრაქცია `სოციალისტის” ლიდერი აკაკი ასათიანი აცხადებს, რომ ის მხარს არ უჭერს ოპოზიციის ინიციატივას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირების შესახებ და არჩევნების 2002 წლის გაზაფხულისთვის გადადებას ითხოვს.

ერთ-ერთი საბაბი აკაკი ასათიანის გადაწყვეტილებისა არის ის, რომ ოპოზიციის წევრები, ასათიანის განცხადებით, ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომლებშიც ხშირად კერძო ინტერესები ჭარბობს, მიიჩნევს “რეზონანსი”.

“ახალი თაობის” ინფორმაციით, არჩევნების გადადება მოქალაქეთა კავშირის სურვილიც არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ “ტრადიციონალისტები” “მოქალაქეთა კავშირთან” ალიანსზე მიდიან, წერს გაზეთი. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება “დილის გაზეთი”: “როგორც ჩანს, ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე უფრო საბაბს ეძებს ოპოზიციასთან კონტაქტების შესასუსტებლად და გარკვეულ სახელისუფლებო წრეებთან დასაახლოვებლად”.

ტრადიციონალისტები, ყველაფრის მიუხედავად ოპოზიციაში აპირებენ დარჩენას, მაგრამ არ სურთ ისეთ საკოორდინაციო საბჭოსთან თანამშრომლობა, რომელიც, ასათიანის აზრით, იმ საფეხბურთო გუნდს ჰგავს, რომელსაც ბურთის გატანა არ შეუძლია.

მსგავსი/Related

Back to top button