რესპუბლიკა 100

თეთრი ემისრის ბოლო გასეირნება ბათომში

თეთრების აჭარული გეგმები

ახლა, როცა დენიკინის ემისარში ალექსანდრე ნათიშვილი ამოვიცანით, მივიბრუნდეთ დენიკინის აჭარულ გეგმებს.

გენერალი ნათიშვილი ჩამოსვლისთანავე მონდომებით შეუდგა მუშაობას „ამიერკავკასიის მკვიდრთა კორპუსის“ შესადგენად. მან საიდუმლო კავშირები გააბა თბილისთან, საქართველოს სხვა რეგიონებთან. მის კორპუსში ძირითადად თბილისში მცხოვრებმა საქართველოს ხელისუფლებით უკმაყოფილო რუსულმა და სომხურმა ელემენტებმა იწყეს დენა.

თუმცა, ემისრების მუშაობა მალე სრულიად კომპრომეტირებული აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, საქართველოს ხელისუფლებას ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდა ნათიშვილისა და რომანოვსკის საქმიანობის შესახებ.

რუსი სამხედრო ისტორიკოსი და ჟურნალისტი ნიკოლაი კირმელი თავის წიგნში „Белогвардейские Спецслужбы в Гражданской Войне. 1918-22 гг“ წერს, რომ 1919 წლის მარტში ქართულმა მხარემ ხელში ჩაიგდო მოხალისეთა არმიის მთავარი შტაბის სრულიად საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შტაბის უფროსის ივან რომანოვსკის მიმოწერას და მნიშვნელოვან სადაზვერვო მონაცემებს მოიცავდა.

ინფორმაციის გაჟონვის შესახებ რუსებმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც ქართულმა მხარემ ამ დოკუმენტების ნაწილის პრესაში გამოქვეყნება დაიწყო – 1919 წლის ივლისის შუა რიცხვებიდან. როგორც ქართულ პრესაში შემონახული საიდუმლო მიმოწერის თარიღებიდან ჩანს, ქართულ მხარეს ეს მისთვის ძალზედ საჭირო ცნობები ერთჯერადად არ მიუღია და ნათიშვილის ჩამოსვლიდან მის მკვლელობამდე მუდმივად იღებდა მოხალისეთა შტაბის სრულიად საიდუმლო დოკუმენტაციას. ნათიშვილის თუ რომანოვსკის მოხსენებები მოხალისეთა სარდლობისადმი, საქართველოს ხელისუფლებისათვის მუდმივად ცნობილი იყო.

შესაბამისად, რუსული გეგმების გასაცნობად, მრავალფეროვანი მასალა გაგვაჩნია. თუმცა საკვანძ მაინც 1919 წლის 31 მაისით დათარიღებული ივან რომანოვსკის 14 პუნქტიანი, N 53 მოხსენებაა, რომელიც მას ცნობილი რუსი დიპლომატი ალექსანდრ ალექსანდრეს ძე სავინსკის ხელით გაუგზავნია ცენტრში. უკვე 13 ივლისს, ეს მოხსენება სრული სახით გამოაქვეყნა ქართულმა გაზეთმა „სახალხო საქმემ“.

გაზეთის გადმოცემით, რომანოვსკი წერდა:

„ვსარგებლობ რომ ბათომზე გამოიარა ა.ა სავინსკიმ რომელთანაც ხანგრძლივი საუბარი მქონდა ბათომის ოლქის პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ და ამასთანავე გაცნობებთ, თქვენო აღმატებულებავ, მოსაზრებებს ბათომისა და მისი ოლქის შესახებ. ამასთანავე, ვთხოვე ა. სავინსკის რომ, ჩემი მოკლე მოხსენება მან შეავსოს პირადი დაწვრილებითი მოხსენებით. ბათომისა და მის ოლქში რუსეთის პოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლად საჭიროა ეხლავე დაწყება მუშაობისა, რისთვისაც საჭიროა შემდეგი;

1) მოეწყოს წესიერი აღებ მიცემობა ბათომისა და მოხალისეთა არმიასთან, უპირველესად საჭიროა მცხოვრებთა უზრუნველყოფა სურსათითა და ფურაჟით. (რეზოლუცია გენ. დრაგომიროვისა: „სურსათი“.) ამისთვის კარგი იქნებოდა მოეწყობოდეს სამხრეთ რუსეთის სამხედრო წარმომადგენელთან ბიურო ან დაინიშნებოდეს საამისო რწმუნებული. (რეზოლუცია მთავარსარდლისა: „ამას ინგლისელები აკეთებენ, ვფიქრობ გაგვიძნელდება“).

2) საჭიროა მოწესრიგება გემთა, ტელეგრაფის და ფოსტის ურთიერთობებისა (გენ. დრაგომიროვის რეზოლუცია; „ვაჭრობა-მრეწველობა“).

3) გაადვილება ბათომიდან გასვლისა მოხალისეებთან და იქედან ბათომში (რეზოლ. დრაგომიროვისა: „შინაგანი საქმე“).

4) მოეწყოს ბანკის ოპერაციები ჩრდილოეთ კავკასიასა და ბათომს შორის.

5) დაწესდეს ვალუტის ერთიანობა რაიც უეჭველად მოკლავს ქართულ ბონებს, რომელნიც შეუჩერებლივ და სწრაფად ეცემიან ფასში (ჩემს აქ ერთი თვის ყოფნის დროს ისინი დაეცნენ 1400 მ. 1700 მანეთამდე, კერენსკის ათას მანეთზე). (ამ ორთავე მუხლს აქვს გენ. დრაგომიროვის მინაწერი: „ფინანსები“).

6) ყოველი საშუალებით უნდა დავეხმაროთ აქაურ რუსულ გაზეთ „ნაშ კრაის“ და არ დავიშუროთ სახსარი რომ, გამოვიდეს სამ ენაზე: რუსულად, თურქულად და ქართულად. საჭიროა მისი მინიმუმამდე გაიაფება და იმის მოხერხება რომ, კვირაში ერთხელ მაინც გამოვიდეს სურათებიანი დამატებით.

7) საჭიროა ძლიერი ბრძოლა ქართველების პროპაგანდასა და მათ მტაცებელ სურვილებთან. უნდა გვახსოვდეს რომ, მათი გავლენა ბევრად უფრო საშიშია ბათომის ოლქში რუსის საქმისთვის, ვიდრე ოსმალებისა. იგი არამცთუ ხრწნის ზნეობრივად მცხოვრებლებს და ხელს ჰკრავს სოციალისტურ, ბოლშევიკურ ანარქიისკენ, არამედ განსაკუთრებით მტრულად არის განწყობილი ყოველგვარ რუსულთან. ოლქის მუსულმანური მცხოვრებნი თითქმის სულ ქართველების ჩამომავალნი არიან, მაგრამ აქამდე თუ უმცირესობას არ მივიღებთ მხედველობაში, მცირედ გამონაკლისს, არამც თუ საქართველოსკენ არ იწევიან, არამედ პირიქით სძულთ თავიანთი მოძმეები, ეს მტრობა აიხსნება როგორც სარწმუნოების სხვადასხვაობით, ისე წინანდელი სიძულვილით რომელსაც, ოსმალეთი მათში აღვივებდა თავისი ბატონობის დროს და სარგებლობდა აჭარლებით, როგორც საქრისტიანო საქართველოს საზღვარზე აღმართული კედლით. აჭარლებს ჰგონიათ რომ, ქართველებთან შეერთება დაასუსტებს მათს სარწმუნოებას, შემდეგ სულ მოსპობს მას და დაანგრევს მათ პატრიარქალურ ცხოვრებას. რუსეთის გავლენისა მათ არ ეშინიათ და ამით უნდა ვისარგებლოთ.

8) ქართველებთან ბრძოლის გასაადვილებლათ საჭიროა ქადაგება აჭარლებში იმისა რომ, რუსეთი არ მომკვდარა, იგი სწრაფის ნაბიჯებით აღორძინდება და ისევ ძლიერი იქნება როგორც წინათ. აჭარლებში საამისო მუშაობისთვის საჭიროა ძლიერი დახმარება გავლენიან პირთადმი, საჭიროა მათი მიღება და ჯამაგირის მიცემა ვისაც რაიმე სამხედრო ხარისხი აქვს. საჭიროა აგრეთვე დავეხმაროთ რამდენიმე გავლენიან ხოჯას. (ყველა პუნქტს აქვს მინაწერი გენ. დრაგომიროვისა: „პროპაგანდა“).

9) აუცილებელია ბათომსა და მის ოლქში ჩაყენება მოხალისეთა ჯარისა, თუნდ არა უმეტეს 3-4 ბატალიონისა, დიდძალ ტყვიისმფრქვევლებითა და შეიარაღებით.

10) საჭიროა გარკვევით მოველაპარაკოთ ინგლისელებს, რუსის გავლენას დაეხმარონ და იძულებული არ ჰყონ, როგორც ახლა, რუსებმა იმუშაონ თითქმის არალეგალურად. ამასთან მდგომარეობა შეურაცმყოფელია „აღდგენილ რუსეთისათვის“ თუ ინგლისს გულწრფელად ჰსურს რუსეთის ხსნა ბოლშევიკურ გახრწნილებისაგან, იგი უნდა სცდილობდეს აშკარად გაატაროს რუსეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენის პოლიტიკა. (ამ ორ მუხლს აქვს მინაწერი მთავარსარდლისა; „ჯერ ეს ძნელი იქნება“).

11) აუცილებელია ბათომში ჩვენი წარმომადგენლობის კარგად მოწყობა როგორც ფულის და პირადი შემადგენლობის, ისე გადასაყვან-გადმოყვანის საშუალებით. (რეზოლუცია მთავარსარდლისა; „იყავით თავდაბლად, მორალური გავლენა-პომპეზობა არაა საჭირო“).

12) ინგლისელებს უნდა მოვსთხოვოთ რომ ჩვენი ერთი წარმომადგენელი მიღებული იყოს ოლქის მმართველ ორგანოში, აგრეთვე უფლება გვქონდეს ზოგი ერთ ინგლისელ თანამდებობის პირთა უარყოფისა, რომელნიც რუსეთის მიზნებს არ ემსახურებიან.

13) საზოგადოდ უნდა მოვაგვაროთ საქმე ისე რომ, შეიცვალოს ინგლისელების დამოკიდებულება რუსეთის საქმესთან: ქართველების გავლენას ისინი აშკარად მხარს უჭერენ, ხოლო რუსებს აშკარადვე არ თანაუგრძნობენ.

14) საჭიროა მომეცეს ფული არანაკლებ 100-150 ათასისა აქ პოლიტიკური მუშაობის კარგად დაყენებისთვის, თუ პრინციპულად დაეთანხმებით ფულის მოცემას მე წარმოვადგენ დაწვრილებით ხარჯთაღრიცხვას ამის შესახებ. (მთავარსარდლის მინაწერი: „საჭიროა პროგრამა და ხარჯთაღრიცხვა“). ნამდვილს ხელს აწერს; გენერალ-მაიორი რომანოვსკი. მთავარსარდლის რეზოლუცია: „დანარჩენ მუხლებს ვადასტურებ“. სწორე: საპოლიტიკო კანცელარიის უფროსი, გენერალური შტაბის პოლკოვნიკი (გვარია).“

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7შემდეგი გვერდი
Back to top button