რესპუბლიკა 100

თეთრი ემისრის ბოლო გასეირნება ბათომში

ვინ მართავდა უცნობ „მაუზერისტს“?

ნათაშვილის ნეიტრალიზაციის ოპერაციას სერიოზული საინფორმაციო უზრუნველყოფა ახლავდა თან. საიდუმლო მასალების გამოქვეყნების პარალელურად, 1919 წლის ივნისიდან მოყოლებული, ქართულმა პრესამ გენერალ ნათიშვილზე ნამდვილი იერიში დაიწყო. მისი მოქმედებები უკვე ღიად ჩანდა და ფელეტონისტების რეაქციაც მკაცრი იყო:

„ …გენერალი ნათიშვილი, ძმები ერისთავები, ოფიცრები; დადიან-ახვლედიანი და სხვა, აი ის მახინჯნი, უღირსნი შვილნი საქართველოსი, რომლის სახელებიც შავი ასოებით შავ დაფაზე იქნება შეტანილი. ჩვენ მოვითხოვთ ვისგანაც ჯერ არს ყურადღება მიაქციონ ამ ვაჟბატონებს, არავითარ შებრალებას, არავითარ სენტიმენტალობას არ უნდა ექნეს ადგილი მოღალატეების მიმართ,“ იწერებოდა ჟურნალ-გაზეთებში.

23 ივნისს, დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოციალ-ფედერალისტმა სიმონ მდივანმა, რომელსაც ბათუმთან წლების განმავლობაში მუშაობა აკავშირებდა, თავისი ვრცელი მოხსენება, რომელიც აჭარაში შექმნილ მდგომარეობას ეხებოდა შემდეგი სიტყვებით დაასრულა:

„რასაკვირველია ჩვენ ამით არ გვინდა აგრესიული ნაბიჯი მოვსთხოვოთ მთავრობას მაგრამ, ერთი კი უნდა გულახდილად ვსთქვათ; ის მთავრობა რომელიც არ მიიღებს ყოველგვარ ზომებს, ის მთავრობა თავის ადგილზე ვერ დარჩება, ის დამფუძნებელი კრება რომელიც დაჰკარგავს ბათომს, არ იქნება დამფუძნებელი კრება და ისტორიის წინაშე დამნაშავე შეიქმნება.“

პრესის და საზოგადოებრივი აზრის ასეთი მობილიზების ფონზე გენერალი ნათიშვილის მკვლელობა ლოგიკურ დასასრულად ჩანდა, რაც ყველას მკვლელობის ორგანიზატორობაზე თბილისისკენ მიუთითებდა. ბათუმის თავზე, მაშინ ბრიტანეთის დროშა ფრიალებდა, რაც მათ ამ საქმეში გადამწყვეტ არბიტრად აქცევდა. მათი საქმეში ჩათრევის მსურველი ბევრი იყო.

28 ივნისის სისხლიანი საღამოს შემდეგ,1919 წლის 5 ივლისს გაზეთ „ერთობაში“ სტატია „ბათუმის პროვოკატორები“ რომელსაც ხელს „განი“ აწერდა მომხდარ ამბავზე შენიშნავდა:

„რუსეთის რეაქციონერებს საქართველოს არსებობა მოსვენებას არ აძლევს და მისი სისხლში ჩაღრჩობა პირველ რიგში დაუსვამთ. ისინი მოუთმენლად ელოდნენ იმ დღეს როდესაც ბათუმში გაძლიერდებოდა ის კორპუსი, რომელიც – „ერთ დღეს მარშით ესტუმრებოდა თბილისს, ერევნის მოედანზე გილიოტინას დასდგამდა და საქართველოს მთავრობის წევრების თავებს ხიშტზე აგებულს დენიკინს მიართმევდა.“ – მაგრამ დახეთ ბედს … მოჰკლეს გენერალი, რომელსაც ეს მისია ჰქონდა დაკისრებული და რომლის ასეთი დიდი იმედი ჰქონდათ, ამიტომ რა გასაკვირია რომ, „ნაშ კრაი“ და მის გარშემო თავმოყრილი შავრაზმელები ამ მკვლელობასაც საქართველოს დასამხობად იყენებენ და ყოველგვარ საშუალებას ხმარობენ მომხდარი მკვლელობის ნიადაგზე ინგლისის სარდლობას აქტიური ნაბიჯები გადაადგმევინონ ჩვენს წინააღმდეგ.

„ნაშ კრაი“ ყველა ნომერში იმეორებს; გენ. ნათიევი წარმომადგენელი იყო „დიდი რუსეთის.“ ის იყო იმ ქალაქში სადაც ფრიალებს ინგლისის დროშა. ამ დროშის ქვეშ ხდება მკვლელობა და ეს ნიშნავს, რომ თავაგდებული რუსეთის დამღუპველნი იმდენათ გათამამდნენ, რომ ინგლისის მთავრობასაც არაფრად აგდებენო. მიზანი ცხადია; შავრაზმელებს უნდათ მკვლელობა ინგლისის სარდლობის პატივის და დიდების საკითხად აქციონ და ასე ის დრამის აქტიურ მონაწილეთ გახადოს. „ნაშ კრაის“ მკვლელების ვინაობა იმდენად არ აინტერესებს, რამდენათაც მკვლელების „იდეურნი ხელმძღვანელნი“ როგორც ისინი სწერენ ამ „ხელმძღვანელებათ“ ასახელებენ თფილისს…“

ასე იყო თუ ისე, ინგლისელებმა განზე დგომა ამჯობინეს, მხოლოდ თეთრი რუსული პრესა არ მალავდა აღშფოთებას.

თეთრების შფოთვებზე პასუხად „ერთობაში“ „განის“ მიერ გამოქვეყნებული ირონიული და ნიშნისმომგები სტატია დღეისთვის დამატებით არგუმენტადაც გამოდგება, რადგან ცნობილია რომ, ამ ფსევდონიმს ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატი გიორგი (გოგიტა) ფაღავა იყენებდა, რომელიც გარდა დამფუძნებელი კრების წევრობისა, სახალხო გვარდიის ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ფაღავა საკვანძო ფიგურად ითვლებოდა წინააღმდეგობის მოძრაობაში და სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ დაარსებულ სამხედრო კომისიაში.

ეჭვს ამძაფრებს ივნისის ბოლოს საქართველოს შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრ ნოე რამიშვილის ვიზიტიც ბაქოში, სადაც დასრულდა აზერბაიჯანის მთავრობასთან მოლაპარაკებები მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ ერთობლივი თავდაცვითი ხაზის შექმნის შესახებ – 2 ივლისს კი სტუმრის საპატივცემულოდ გამართული ბანკეტის შემდეგ აზერბაიჯანულ პრესასთან მინისტრმა რამიშვილმა კმაყოფილება გამოთქვა ქართულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობის შესახებ, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი არტაანი-აჭარის საკითხებს და ინგლისელებთან მიღწეულ ეკონომიკურ შეთანხმებებზეც ისაუბრა.

მიუხედავად ამისა, დასკვნის გამოსატანად საჭიროა განვიხილოთ იმ ძალების შესაძლებლობები და მოტივაცია, რომლებიც გენერალი ნათიშვილის მკვლელობისას ბათუმით იყვნენ დაინტერესებული.

პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ინგლისელები რადგან ისინი ჯერ კიდევ დენიკინის მფარველები იყვნენ და თავისუფლად შეეძლოთ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე არ შემოეშვათ თეთრი რუსეთის ემისრები ან სიტუაციის გართულების გამო ზედმეტი ექსცესების გარეშე ტერიტორიიდან იძულებით გაეძევებინათ.

რაც შეეხება თურქულ მხარეს, მიუხედავად ბათუმში მათი აგენტურის არსებობისა, იმ დროისთვის მათ არც ეცალათ და არც კონკრეტული პერსპექტივა ქონდათ ბათუმის პორტის გაკონტროლებისა. მითუმეტეს, როგორც რომანოვსკის მოხსენება ცხადყოფს, მათთვის მოხალისეთა აგენტურა საშიშროებას არ წარმოადგენდა.

აუცილებელია ასევე ბოლშევიკური ვერსიის განხილვაც, თუმცა აქაც გასათვალისწინებელია ორი გარემოება;

პირველ რიგში, მოცემულ მომენტში, ამიერკავკასიის ტერიტორიაზე მოქმედი ბოლშევიკები, მათი არსებობის განმავლობაში ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში იყვნენ. მათი ძალები და იატაკქვეშა ჯგუფების დიდი ნაწილი განადგურებული იყო, გადარჩენილი ნაწილი კი მთლიანად კონტროლქვეშ ყავდათ. პირველ რიგში ეს შეიძლება ითქვას საქართველოს მაგალითზე და ისინი არც მეზობელი რესპუბლიკების ფარგლებში იყვნენ უკეთეს პირობებში.

მეორეც, იმ პირობებში როცა საბჭოთა პროპაგანდა ხშირად იგონებდა ან სხვის განხორციელებულ ტერაქტებს მიიწერდა, არც „რევოლუციის მატეანეში“, მოგონებებში და სხვა მასალებში არ გვხვდება „თეთრ გენერალზე გმირული თავდასხმის“ ამბავი, რის შანსსაც, რა თქმა უნდა საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა ხელიდან არ გაუშვებდა. მითუმეტეს, რომ უმეთაუროდ დარჩენილი ნათიშვილის რაზმი სწორედ წითელი არმიის წინააღმდეგ საბრძოლვევად გადაისროლეს ოდესაში.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა აჭარაში მოქმედ „სამუსლიმანო საქართველოს“ შეიარაღებულ ჯგუფს ქონოდა რეალური შესაძლებლობა მსგავსი დონის მკვლელობის ჩადენისა, თუნდაც ჩავარდნის შემთხვევაში მოსალოდნელი რეპრესიების გათვალისწინებით.

ამიტომ გამორიცხვის წესით, ყველაზე დაინტერესებულ მხარედ მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შეიძლება ჩავთვალოთ. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, თუ რა ძალისხმევა დახარჯა ქართულმა დიპლომატიამ ბათუმის დასაბრუნებლად, ყველაფერი გასაგები ხდება.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7შემდეგი გვერდი
Back to top button