skip to content

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში გაიმართა

სახელმწიფო მინისტრმა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ 5 სექტემბერს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

კომისიის სხდომაზე ნატოს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაგმეს რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ისინი მიესალმნენ საქართველოს მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების კონტექსტში.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე, მათ შორის ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი „ცდილობს გააღრმავოს დაშორიშორება ადგილზე საზოგადოებებს შორის“ და რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება „არ არის გამონაკლისი, ეს არის ყველაზე მძიმე გამოვლინება იმისა, თუ რას ნიშნავს განგრძობითი ოკუპაცია“.

ნატო-საქართველოს კომისია ალიანსსა და საქართველოს შორის პოლიტიკური კონსულტაციების და პრაქტიკული თანამშრომლობის ფორუმია. ბოლო შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის ათ წლისთავს დაემთხვა. პირველად კომისია 2008 წლის 15 სექტემბერს შეიკრიბა.

მსგავსი/Related

Back to top button