ახალი ამბები

BBC-ს გამოძიება ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციების დაშლისას ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებაზე საუბრობს

BBC-ს გამოძიების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების პირველ კვირაში შესაძლოა მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ტოქსიკური ნაერთი გამოიყენა.

BBC World Service-მა 1 დეკემბერს განაცხადა, რომ ის ესაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებს, ინფორმატორებს ქართული სპეცრაზმიდან და ექიმებს, და რომ მტკიცებულებები კამიტის სახელით ცნობილი აგენტის გამოყენებაზე მიუთითებს.

კამიტი, ანუ ბრომბენზილ ციანიდი, საფრანგეთის ძალებმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენეს და მიიჩნევა, რომ მისი ხანგრძლივი შედეგების შესახებ წუხილების გამო, ის 1930-იან წლებში გამოყენებიდან იქნა ამოღებული.  

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა, ლაშა შერგელაშვილმა, BBC-ს განუცხადა, რომ მან ამოიცნო სიმპტომები იმ პროდუქტიდან, რომლის გამოცდაც მას 2009 წელს სთხოვეს. მისი თქმით, ეს ნაერთი, ალბათ, ათჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე არეულობის კონტროლის ჩვეულებრივი საშუალებები.

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, მოსთხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაემჟღავნებინა, თუ რა ქიმიური ნაერთები იყო შერეული წყლის ჭავლსა და გაზში, მათი მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.

„BBC-ს გამოძიების შედეგები აჩვენებს იმას, რასაც ჩვენ ყველანი ჩვენი სხეულებით ისედაც ვგრძნობდით“, – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე.

BBC-ს თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გამოძიების დასკვნებს „ძალიან არასერიოზული“ და „აბსურდული“ უწოდა.

გამოძიების გამოქვეყნებიდან მალევე, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ BBC-ს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს.

„ცხადია, „დიპ სტეიტის“ პროპაგანდისტულ იარაღად ქცეულ ეგრეთ წოდებულ მედიას მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად არანაირი ფაქტი არ აქვს წარმოდგენილი“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“, – განაცხადა მმართველმა პარტიამ.

This post is also available in: English

Back to top button