ახალი ამბები

ISFED: საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაუქმება არჩევნების საყოველთაობის პრინციპს დააზიანებს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) დაგმო „ქართული ოცნების“ გეგმა, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ სამშობლოში ექნებათ ხმის მიცემის უფლება, და ამ ქმედებას „ინკლუზიური დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“ უწოდა, რომელიც „აზიანებს არჩევნების საყოველთაობის პრინციპს“.  

18 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ამგვარი შესაძლებლობის გაუქმება ეწინააღმდეგება „კარგ საერთაშორისო საარჩევნო პრაქტიკასა და გლობალურ ტენდენციებს და ცალსახად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არჩევნების საყოველთაობის პრინციპის წინააღმდეგ გადადგმული ეს ნაბიჯი მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესებით არის ნაკარნახევი“.

„ცნობისათვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე „ქართულმა ოცნებამ” ჯამში ამომრჩეველთა დაახლოებით 13%-ის მხარდაჭერა მიიღო, მაშინ, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული საერთო-ეროვნული შედეგებით, ამ პარტიას დაახლოებით 54%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა“, – აღნიშნა „სამართლიანმა არჩევნებმა“.

ორგანიზაციამ მოუწოდა სადავო პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის გარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაუქმებას და, პირიქით, „ხელი შეუწყოს ამ პირებისთვის ხმის მიცემის მეტი შესაძლებლობის გაჩენას“. 

This post is also available in: English

Back to top button