ახალი ამბები

4 ოქტომბრის არეულობის დროს ხელისუფლების მხარდამჭერი ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე შვიდ პირს ბრალი წარედგინა

4 ოქტომბრის მოვლენების დროს „ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის“ ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარედგინა. დაზარალებულებს შორის იყვნენ ხელისუფლების მხარდამჭერი ტელეკომპანიების „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები.

საქართველოს პროკურატურამ 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბრალდებულებმა „წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ასევე, ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი“ ჟურნალისტებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ექვს ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად, ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან 2 წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს, ან ორ წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.

მეშვიდე ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, თანამდებობის დაკავებას ან სამ წლამდე საქმიანობის უფლების ჩამორთმევას (ან უამისოდ), ითვალისწინებს.

This post is also available in: English

Back to top button