ახალი ამბები

„კანონსაწინააღმდეგო მიტინგში“ მონაწილეობის გამო, კობახიძემ ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრა გააუქმა  

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა მას შემდეგ, რაც ის რუსთველის გამზირზე მიმდინარე ღამის აქციას დაესწრო.

„გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, – დაწერა მთავრობის ადმინსტრაციამ „ფეისბუქზე“ 15 ოქტომბერს დილით.

ვალტონენი, რომელიც საქართველოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობს, 14 ოქტომბერს გვიან ღამით, რუსთველის გამზირზე მიმდინარე ევროკავშირის მხარდამჭერ და მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე გამოჩნდა.  

„მშვიდობიანი მომიტინგეები შეიკრიბნენ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, რათა ქვეყნის რეპრესიული მიმართულების გამო შეშფოთება გამოხატონ. მათ აქვთ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ადამიანის ძირითადი უფლებებით სარგებლობის სრული უფლება. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ“, – დაწერა ვალტონენმა X-ზე და გამოაქვეყნა ვიდეო რუსთაველის გამზირიდან.

მანამდე ვალტონენი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან შეშფოთება გამოთქვა საქართველოს მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე მზარდი ზეწოლის გამო.

ვალტონენი დღეს საოკუპაციო ხაზს ეწვევა.

This post is also available in: English

Back to top button