ახალი ამბები

ანტიკორუფციული ბიუროს სამიზნე ორი პოლიტიკური პლატფორმა გახდა

ანტიკორუფციული ბიუროს სამიზნე ორი პოლიტიკური პლატფორმა – „თავისუფლების მოედანი“ და „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ გახდა. არც ერთი მათგანი ოფიციალურად პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირებული არ ყოფილა.

„თავისუფლების მოედნის“ წევრებმა, სიმონ ჯანაშიამ და გიორგი შაიშმელაშვილმა განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრმა ორჯერ თქვა უარი მათი პლატფორმის პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირებაზე და მესამე განაცხადი ჯერ კიდევ განიხილება, ანტიკორუფციულმა ბიურომ მათ აცნობა, რომ სასამართლომ მას პლატფორმის პირად საბანკო ანგარიშებზე წვდომის უფლება მიანიჭა და რომ ის ასევე ითხოვს ინფორმაციას მათი პირადი და პლატფორმის შემოსავლების შესახებ.

„რა თქმა უნდა ამ მოთხოვნას გავასაჩივრებ. თან პარტიად არ გარეგისტრირებდნენ და თან როგორც პარტიას გექცეოდნენ ხომ ცინიზმია“, – დაწერა ჯანაშიამ „ფეისბუქზე“ 6 ოქტომბერს.

ანალოგიურად, თებერვალში დაარსებულმა მემარცხენე პოლიტიკურმა პლატფორმამ, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“, განაცხადა, რომ სასამართლომ ანტიკორუფციულ ბიუროს მისცა ნებართვა, „მოიპოვოს მოძრაობისა და მისი საორგანიზაციო ჯგუფის თორმეტივე წევრის სრული ფინანსური ინფორმაცია, რაც ემსახურება კონტროლის დამყარებას ამ ადამიანების პირად სივრცეზე“.

„ამ ნაბიჯით სახელმწიფო ცდილობს, მოძრაობაზე გაავრცელოს პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი მთელი რიგი საკანონმდებლო შეზღუდვები და მოგვაქციოს იმ სპეციალური რეგულირების ქვეშ, რაც საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებს ეხებათ“, – წერს მოძრაობა „ფეისბუქზე“ 3 ოქტომბერს. „რა თქმა უნდა, ბიუროსთვისაც და სასამართლოსთვისაც ცნობილი იყო, რომ მოძრაობა არ არის პარტია, შესაბამისად არ მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში და აბსურდულია მასზე იმ კანონმდებლობის გავრცელება, რომელიც არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის არსებობს“.

This post is also available in: English

Back to top button