skip to content
ახალი ამბები

საქართველო აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე „ევროპის მომავალი“

აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 30 ივლისს მოსმენა გამართა თემაზე „ევროპის მომავალი“, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი ევროპისთვის აშშ-ის დახმარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მოხსენებით გამოვიდა. მან ასევე ისაუბრა საქართველოს, უკრაინაში რუსეთის ომის, სამხრეთ კავკასიასა და დასავლეთ ბალკანეთში არსებული ვითარების შესახებ. მოსმენაზე  საქართველოს მოკრძალებული დრო დაეთმო, რა დროსაც ძირითადი გზავნილები ის იყო, რომ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ ზურგი აქცია ევროკავშირსა და ნატოს და რომ „უკან დაბრუნების გზა“ მოიცავს ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გაუქმება, და ჩინეთისთვის ანაკლიის პორტის განვითარების უფლების მინიჭებაზე უარის თქმა.

საქართველო

„როგორ უნდა გავაგრძელოთ დემოკრატიის სულისკვეთების მხარდაჭერა ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც ხელისუფლება ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, მიუხედავად მისი ხალხის  პროევროპული მისწრაფებებისა?“ – განაცხადა შაჰინმა სხდომის გახსნისას.

უცხოელი აგენტების შესახებ კანონის კონტექსტში, სენატორმა შაჰინმა ხაზი გაუსვა, რომ „არსებობს ორპარტიული წინააღმდეგობა იმის მიმართ, რაც ხდება საქართველოში“ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებასაც  ესმის, რომ კონგრესი ამას ორპარტიულ პრობლემად განიხილავს. შაჰინმა მოუწოდა აშშ-ის ხელისუფლებას მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს, რათა „ფინანსური სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციასა და სხვა ქმედებებზე, რამაც ხელი შეუწყო იქ [საქართველოში] არსებულ სიტუაციას“.

შემდეგ მან სთხოვა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო’ბრაიენს განახლებული ინფორმაცია მიაწოდოს სახელმწიფო დეპარტამენტის ამ ძალისხმევის შესახებ.

ქართული ელიტა „ზურგს აქცევს ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზას“, განაცხადა ო’ბრაიენმა. „ჩვენ ვცდილობთ ძალიან მკაფიო ვიყოთ იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს, რადგან საქართველო ითხოვს გაწევრიანებას იმ კლუბებში, რომელთაგან ერთის წევრი ჩვენც ვართ, მეორე კი ჩვენი მთავარი პარტნიორია. და ისინი ვერ შეცვლიან ამ კლუბების წესებს იმისათვის, რომ იქ გაწევრიანდნენ“.

რაც შეეხება შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოსთვის, მან აღნიშნა, რომ აშშ ამჟამად საქართველოსთვის გაწეული ყველა დახმარების გადახედვის პროცესშია და აღნიშნა, რომ აშშ-ს ძალიან უნდა „მხარი დაუჭიროს ყველაფერს, რაც ხელს შეუწყობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ამ შემოდგომაზე…“ თუმცა, აშშ-მა მკაფიოდ უნდა განუმარტოს „ქართულ ოცნებას“, რომ მის ქმედებებს რეალური შედეგები მოყვება. „ჩვენ უკვე გადავდეთ მნიშვნელოვანი სამხედრო სწავლება და განვაგრძობთ იმის გადახედვას, რასაც ახლა ვაკეთებთ, იმედი მაქვს, რომ მალე გვექნება სათქმელი ამის თაობაზე“, – განაცხადა მან.

„ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ჩვენს ვარიანტებს“, – განაცხადა მან აშშ-ის დამატებით ნაბიჯებზე საუბრისას და დასძინა, რომ სანქციები შეეხება არა მხოლოდ მათ, ვინც სარგებელი მიიღო კორუფციით, არამედ „მათ, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევაში“. კონგრესის მიერ გადადგმულ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ო’ბრაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონგრესი უკვე ამუშავებს კანონმდებლობას, რომელიც საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერას გადახედავს და რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს დაუჭერს ამ ძალისხმევას.

მოსმენაზე იმსჯელეს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ არსებული უკუსვლის შესაცვლელად. „საქართველოში მმართველი პარტიისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ უკან დასახევი გზა არსებობს. რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ძალადობის გარეშე, გამჭვირვალობის მოთხოვნების წამოყენება … თავსებადი უნდა იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან და არა რუსეთის კანონმდებლობასთან. და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი ჩინეთმა არ უნდა განავითაროს – ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გადადგას“, – განაცხადა ო’ბრაიენმა.

მან ასევე აღნიშნა: „ერთადერთი ჯგუფი, რომელიც ძალიან ბედნიერი ჩანს ამ შემობრუნებით, არის რუსეთი. თუ გადავხედავთ მათი მთავარი პროპაგანდისტების ბოლო განცხადებებს, ისინი მიესალმებიან ამ შემობრუნებას“.

„მინდა შევაქო კონგრესის წევრების ძალისხმევა, რომლებიც გამოვიდნენ და თქვეს, რომ საქართველოს დიდი ხნის მეგობრები მიიჩნევენ, რომ ეს არასწორი გზაა. ერთი წლის წინ ჩვენ დავინახეთ არასწორი გზის ნიშნები, შემდეგ კი მმართველმა პარტიამ შეცვალა თავისი კურსი და უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა. იმედი მაქვს, რომ ეს მომდევნო თვეებში განმეორდება“, – დასძინა ო’ბრაიენმა.

მოსმენის დროს განხილული ძირითადი საკითხები

მოსმენის დასაწყისში სენატორმა ჯინ შაჰინმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის აშშ-ისა და ნატოს მხარდაჭერაზე, აშშ-სა და მის ევროპელ პარტნიორებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარებაზე, ასევე საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი აშშ-ის მხარდაჭერაზე. ამ კონტექსტში მან საქართველოც ახსენა, როგორც დღის წესრიგის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი.

სენატორმა პიტ რიკეტსმა ხაზი გაუსვა ჩინეთ-რუსეთის ალიანსის საფრთხეს ევროპის რეგიონული უსაფრთხოებისთვის. მისი თქმით, ომი უკრაინაში „არ არის მხოლოდ პუტინის აგრესიული ომი, არამედ ეს არის პირველი დარტყმა უფრო გაჭიანურებულ ბრძოლაში, რომელსაც ავტორიტარული სახელმწიფოები აწარმოებენ, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რუსეთი, და ჩრდილოეთ კორეა“. ”ძლიერი სიტყვები არ აჩერებენ დიქტატორებს. ამის გაკეთება მხოლოდ ძლიერ ქმედებებს შეუძლია“, – დასძინა მან.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო’ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნებმა უნდა ჩამოაყალიბონ ძლიერი რკალი კასპიის ზღვიდან ადრიატიკის ზღვამდე, რათა ხელი შეუწყონ უფრო მჭიდრო კავშირებს შეერთებულ შტატებთან. ეს არის „სახელმწიფოების ჯგუფი, რომელიც ცდილობენ ნაკლები რუსეთი ჰყავდეთ, მაგრამ უფრო ახლოს იყვნენ კანონის უზენაესობასთან, რასაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარება მოითხოვს“.

ო’ბრაიენმა ასევე უპასუხა კითხვებს, რომლებიც ეხებოდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს და რუსეთის ჩართულობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტში; ჩინეთის სტრატეგიულ ინტერესებს ცენტრალურ აზიაში და მის მხარდაჭერას რუსეთისადმი უკრაინის ომში; უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს და რუსეთის კონტროლს მარცვლეულის გლობალურ ბაზარზე; ასევე კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც აშშ-მა შეიძლება გადადგას, რათა მაქსიმალურად გაზარდოს უკრაინის ომში გამარჯვების შანსები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button