skip to content
დაწვრილებით

ვინ არის სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის შვილი?

Რა მოხდა?

20 სექტემბერს აშშ-ის მიერ სანქცირებულმა საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ შვილს, ანდრია ანზორ ფარცხალაძეს საქართველოში საკუთრებაში არსებული მთელი ქონება და მიწა აჩუქა. ქონება ანდრია ფარცხალაძის სახელზე დაჩქარებული წესით დარეგისტრირდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მამამისს სანქციები დაუწესა.

ახლა, 25 წლის ასაკში, ანდრია ფარცხალაძე რამდენიმე ქონების მფლობელია, რომელთაგან ზოგიერთი მამის მიერ დანარჩენი ქონების ჩუქებამდე უკვე მის საკუთრებაში იყო. ამასთან, იგი სხვადასხვა ბიზნესისა და ორგანიზაციის მეწილეა. მიუხედავად მისი სოლიდური სიმდიდრისა, ის საზოგადოებისთვის ცნობადი სახე არაა, რამაც გამოიწვია მისი საქმიანობის შესწავლა და სპეკულირება იმის თაობაზე გახდება თუ არა ის აშშ-ის მომავალი სანქციების სამიზნე.

რა ქონებას ფლობს ანდრია ფარცხალაძე?

მამისგან საჩუქრების მიღებამდე ანდრია ფარცხალაძე ფლობდა სამ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს მუხაწყაროს მახლობლად, მიწის ნაკვეთს ბაკურიანში, მშენებარე ბინას ჭავჭავაძის გამზირზე და სახლს ყიფშიძის ქუჩაზე, ასევე კერძო სახლს კაკლების დასახლებაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებულ სხვა აქტივებთან ერთად. გარდა ამისა, მას მამისგან საჩუქრად გადაეცა სამი სასოფლო-სამეურნეო მიწა სოფელ წავკისში, ორი ოთახი ბაკურიანის სასტუმრო კომპლექსში, სამი კომერციული ფართი ვაკის რაიონში და სამი ბინა საბურთალოს რაიონში.

აღსანიშნავია, რომ ამ მიწის ნაკვეთებს შორის არის ოთარ ფარცხალაძისთვის აშენებული წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია, რომელიც ამჟამად ანდრიას ეკუთვნის. თუმცა, ტაძრის მღვდელმსახური ამტკიცებს, რომ ეს დროებითი ღონისძიებაა და საჭირო დოკუმენტაციის დასრულების შემდეგ, ტაძარი საქართველოს საპატრიარქოს გადაეცემა.

ანდრია ფარცხალაძე ასევე ფლობს წილებს რამდენიმე კომპანიაში: L.T.D ECO Group (სადაც ის დირექტორის თანამდებობას იკავებს და წილის ნახევარს ფლობს; დანარჩენი 50%-ის მფლობელი კი მისი დედაა), L.T.D Georgia Grand Consulting (სადაც იგი ასევე დირექტორად მსახურობს, წილის ნახევარს ფლობს, მეორე ნახევრის მფლობელი კი ანდრის სეხნიაშვილია), შპს „ჰექსა“ (სადაც მას აქციების 20% აქვს) და L.T.D GPS Consulting (სადაც მას 19 სექტემბერს მამამ აქციების 100% აჩუქა). გარდა ამისა, ის არის არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსერვატორთა კავშირის“ დამფუძნებელი.

რა არის „კონსერვატორთა კავშირის“ ძირითადი მიზნები?

„პუბლიკას“ ინფორმაციით,  ორგანიზაცია დაარსდა 2022 წლის 25 მაისს. ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია კავკასიის ხალხებს შორის ძლიერი კავშირების დამყარება კავკასიის რეგიონში უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ეს მოიცავს ქვეყნის შიგნით აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებთან კულტურული, სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო ურთიერთობების „აღდგენას და განმტკიცებას“.

ამ მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია სხვადასხვა საქმიანობას ეწევა,  მათ შორისაა მიტინგები, დემონსტრაციები  და მსვლელობები. ორგანიზაციის წესდებაში ნათქვამია, რომ იგი თანხებს ადგილობრივი და უცხოური ფიზიკური პირებისგან, კომპანიებისგან, ფონდებიდან, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან  ფულადი სახსრების ან მოძრავი და უძრავი ქონების სახით იღებს. კავშირის შესახებ ინტერნეტში რაიმე ინფორმაციის მოძიება რთულია.

ანდრია ფარცხალაძის სადავო კავშირები

„კონსერვატორთა კავშირის“ თავმჯდომარეა არჩილ ბუბუტეიშვილი, რომელიც გასულ წლებში აქტიურად იყო ჩართული რუსულ-ქართულ ფორუმებსა და კონფერენციებში. მან მოსკოვში 2022 წლის 7 დეკემბერს გამართულ საქართველო-რუსეთის ფორუმშიც მიიღო მონაწილეობა, რომლის დროსაც გაიმართა დისკუსია რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენისა და ქართველებისთვის სავიზო შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. ამის თაობაზე რუსეთის გორჩაკოვის ფონდი იტყობინება. გარდა ამისა, ბუბუტეიშვილმა მონაწილეობა მიიღო ორი წლის წინ რუსეთის კომუნისტური პარტიის მიერ გამართულ ონლაინ კონფერენციაში, რომელიც ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებას მიეძღვნა. ონლაინ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები, შოთა მარტინენკო და ზურა მახარაძე.

გასული წლის რუსეთ-საქართველოს ფორუმს ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო დუმის რუსი დეპუტატები: ლეონიდ კალაშნიკოვი, ყაზბეკ ტაისაევი, არტიომ კავინოვი და ვლადიმირ ისაკოვი. ქართული მხრიდან, სხვებთან ერთად, ასევე იყო რომან ბოკერია, ოთარ ფარცხალაძის პარტნიორი L.T.P. Moscow Business Brokerage-დან და მერაბ ჭიკაშვილი, ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარე, სადაც ანდრია ფარცხალაძე მუშაობდა. ჭიკაშვილი რუსული თვითმფრინავის ერთ-ერთი პირველი მგზავრი იყო რუსეთ-საქართველოს ფრენების აღდგენის შემდეგ და თვითმფრინავის დაშვების შემდეგ მან განაცხადა, რომ ორგანიზაცია მუშაობდა რუსულ მხარესთან, რათა იმ მიზნისთვის მიეღწია, რომელსაც „საქართველოს მოსახლეობა 23 წელი ელოდა“.

თავის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ამბობს, რომ მისი მიზანია საქართველო ჩამოყალიბდეს სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალურ ქვეყნად, სადაც მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშეები ამ ნეიტრალიტეტის გარანტორებად გვევლინებიან. ფარცხალაძე ორგანიზაციის ვიდეო ბლოგერად მუშაობდა, სადაც ერთ-ერთ ვიდეო ბლოგში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაწყებულ განათლების რეფორმას აკრიტიკებდა და მისი სამიზნე „ლიბერალური ძალები“ იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფარცხალაძის კავშირი „სოლიდარობა მშვიდობასთვის“ ორგანიზაციის ვებგვერდზე არ დასტურდება, მერაბ ჭიკაშვილმა 2022 წელს გამოსულ ფილმში დაადასტურა, რომ ფარცხალაძე ნამდვილად არის ორგანიზაციის აქტიური წევრი და თქვა, რომ მან პირადად სთხოვა გაწევრიანება.

მსგავსი/Related

Back to top button