skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ხელმძღვანელობამ სოხუმის დაცემის 24-ე წლისთავი აღნიშნა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სოხუმის დაცემის 24-ე წლისთავზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.      

გმირთა მოედანზე 27 სექტემბერს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალის გვირგვინებით შემკობის შემდეგ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „მაშინ არაერთმა გმირმა ქართველმა შესწირა სიცოცხლე სამშობლოს დაცვას“; მან 27 სექტემბერს „ეროვნული გლოვისა და დიდი ტრაგედიის“ დღე უწოდა.

პრეზიდენტმა აფხაზეთის რეგიონული მთავრობის წარმომადგენლებიც გაიხსენა, რომლებიც სოხუმის დაცემის დროს ტყვედ ჩაიდგეს და მოკლეს; მათ შორის იყო სოხუმის მერი გურამ გაბისკირია, რომელსაც მარგველაშვილმა სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.   

27 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სოხუმის დაცემა „ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“. მისი თქმით, ეს იყო „ძმათამკვლელი ომი, უდიდესი მსხვერპლითა და ოკუპირებული ტერიტორიებით“.

„ჩვენ ომმა გაგვყო, მაგრამ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა ჩვენს ძმებთან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ „მინდა დავარწმუნო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, რომ ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ასევე შეამკო მემორიალი გვირგვინით, განაცხადა: „ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი-საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ოცნება, რომლითაც იბრძოდნენ ეს ადამიანები, აუცილებლად ახდება და ერთ დღეს ჩვენ აუცილებლად აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად“.

საქართველოს მთავრობამ სამხედრო ძალები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1992 წელს, რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის დაცვის მოტივით, გაგზავნა. თუმცა, სამთავრობო ძალებს 1993 წლის სექტემბერში რეგიონიდან გამოსვლა მოუხდათ მას შემდეგ, რაც 27 ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა.

სოხუმზე შეტევა აფხაზურმა ძალებმა და რუსმა მებრძოლებმა 16 სექტემბერს განახორციელეს და ქუჩის ბრძოლებიდან 12 დღეში სოხუმი დაეცა. 27 სექტემბერი საქართველოში აფხაზეთის დაკარგვასთან და ქართველების ეთნიკურ წმენდასთან ასოცირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული კონფლიქტის დროს 12 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 000 ადამიანი დევნილად იქცა.

მსგავსი/Related

Back to top button