skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2016 წლის იანვარ–სექტემბერში

„საქსტატის“ მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2016 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 4.3%–ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 6.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 2.39 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების ერთჯერადი იმპორტის გამოკლებით.

2016 წლის იანვარ–სექტემბერში ექსპორტის მოცულობა 8%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1.51 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტის მოცულობა 3%–ით შემცირდა და 5.19 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ერთჯერადი პროდუქციის გამოკლებით, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი მცირედით შემცირდა და 3.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2016 წლის პირველ ცხრა თვეში 2.6%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1.93 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (მედიკამენტების ერთჯერადი იმპორტის გამოკლებით).

 „საქსტატის“ ინფორმაციით, ექსპორტმა ევროკავშირში 389 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17%–იანი კლებაა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტი ევროკავშირიდან 1.8%–ით გაიზარდა და 1.55 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა (ირლანდიიდან მედიკამენტების ერთჯერადი იმპორტის გამოკლებით). 

დსთ–სთან ვაჭრობა 2016 წლის პირველ ცხრა თვეში 8%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1.86 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ–ს ქვეყნებში 22%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 495 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი დსთ–ს ქვეყნებიდან 2%–ით შემცირდა და 1.37 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

1.78 მილიარდი დოლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ერთჯერადმა იმპორტმა კანადა საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად აქცია, თუმცა ამ ერთჯერადი იმპორტის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს პარტნიორად რჩება 1.14 მილიარდ აშშ დოლარიანი ბრუნვით 2016 წლის პირველ ცხრა თვეში, რაც 2.7%–იანი ზრდაა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ექსპორტი თურქეთში 2.4%–ით შემცირდა და 142.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო იმპორტი 3.5%–ით გაიზარდა და 997.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

თურქეთის შემდეგ მოდის ირლანდია, თუმცა ამის მიზეზი C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ერთჯერადი იმპორტია ამ ქვეყნიდან, რომლის ღირებულებამაც 615.25 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა 2016 წლის პირველ ცხრა თვეში.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ რუსეთთან 612.27 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ექსპორტი რუსეთში 17.9%–ით გაიზარდა და 132 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 14.7%–ით გაიზარდა და 480.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რუსეთის შემდეგ მოდის ჩინეთი, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 551.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა 2016 წლის პირველ ცხრა თვეში (3.1%–იანი ზრდა). 

საქართველოს ექსპორტი ჩინეთში 59.1%–ით გაიზარდა და 138.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (რაც რუსეთში ექსპორტზე მეტია), ხოლო იმპორტი ჩინეთიდან 7.7%–ით შემცირდა და 412.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ჩინეთის შემდეგ მოდის აზერბაიჯანი 415.1 მილიონი აშშ დოლარის სავაჭრო ბრუნვით, რაც 29.7%–იანი კლებაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით; გერმანია – 354.1 მილიონი აშშ დოლარი (1.8%–იანი კლება); უკრაინა – 327.9 მილიონი აშშ დოლარი (12.3%–იანი კლება); სომხეთი – 276 მილიონი აშშ დოლარი (2.8%–იანი ზრდა); იტალია – 239.6 მილიონი აშშ დოლარი.

2016 წლის პირველ ცხრა თვეში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო 242.5 მლნ აშშ დოლარით (30.3%–იანი ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით); შემდეგ მოდის ავტომობილების რეექსპორტი– 120.9 მლნ აშშ დოლარით (14.1%–იანი კლება); ფეროშენადნობი – 120.4 მლნ აშშ დოლარი (24.1–იანი კლება); თხილი – 116.3 მლნ აშშ დოლარი (2%–იანი ზრდა); ღვინო – 74.3 მლნ აშშ დოლარი (13.4%–იანი ზრდა); სამკურნალო საშუალებები – 72.88 მლნ აშშ დოლარი (25.1%–იანი კლება);  ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული – 62.4 მლნ აშშ დოლარი (35.2%–იანი ზრდა); არადენატურირებული ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები – 60.7 მლნ აშშ დოლარი (38.6%–იანი ზრდა); მინერალური წყლები – 58.4 მლნ აშშ დოლარი (4.1%–იანი კლება); აზოტოვანი სასუქები – 53 მლნ აშშ დოლარი (39.6%–იანი კლება). 

2016 წლის პირველ ცხრა თვეში ნავთობპროდუქტები საქართველოს საიმპორტო სიის სათავეშია 412.4 მილიონი აშშ დოლარით, შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 338.1 მლნ აშშ დოლარი; ნახშირწყალბადები – 195.6 მლნ აშშ დოლარი; მედიკამენტები – 193.42 მლნ აშშ დოლარი (ეს მაჩვენებელი არ შეიცავს 2.39 მილიარდი ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების ერთჯერად იმპორტს 2016 წლის პირველ ცხრა თვეში); სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 192 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 114.2 მლნ აშშ დოლარი; მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან – 74 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 72.6 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 62.4 მლნ აშშ დოლარი; ონკანები, სარქველები და ანალოგიური არმატურა – 53.8 მლნ აშშ დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button