skip to content
ახალი ამბები

ღარიბაშვილი მოსკოვის მიერ სოხუმისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტის შესახებ

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ სეპარატისტული აფხაზეთისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტი „შემაშფოთებელია“ და ხელმოწერის შემთხვევაში, ის, პირველ რიგში, „ამაყი აფხაზი ერის“ თვითმყოფადობას შეუქმნის საფრთხეს.

მან ასევე განაცხადა, რომ ხელმოწერის შემთხვევაში, ეს „პირდაპირ ეწინააღმდეგება“ აფხაზი ერის „25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის და აღიარებისთვის“.

ღარიბაშვილმა ეს განცხადება ხუთშაბათს საღამოს ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, სადაც ის აშშ-ის მე-6 ფლოტის საფლაგმანო ხომალდს Mount Whitney–ს ესტუმრა, რომელიც 14–18 ოქტომბერს ბათუმის პორტს სტუმრობს.

პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მას აფხაზებთან მიმართებაში აქვს „იდეა“, რომელიც მან არ დააკონკრეტა, თუმცა განაცხადა, რომ მას სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე განიხილავენ 18 ოქტომბერს. ღარიბაშვილის თქმით, საბჭოს სხდომაზე ასევე შემუშავებული იქნება თბილისის „საბოლოო პოზიცია“ მოსკოვსა და სოხუმს შორის დაგეგმილი ხელშეკრულების თაობაზე.

პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო „იმ წამსვე“ იქნა მოწვეული, როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია ხელშეკრულების თაობაზე 13 ოქტომბერს.

„ჩვენ სწორედ საბჭოს ფორმატში შევიმუშავეთ ის პოზიცია, რომელიც შემდგომში საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაახმოვანა და მე არ მინდა გავიმეორო, რაც ტექსტში არის სრულად მოცემული, და ეს არის თავიდან ბოლომდე შეთანხმებული ჩემთან და ზოგადად უსაფრთხოების საბჭოსთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით იმისათვის, რომ მოგვეხდინა სიტუაციის დეესკალაცია და ნორმალიზება რუსეთთან“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„ჩვენ დავიწყეთ პირდაპირი დიალოგი, რაც იყო რეკომენდაცია და რჩევა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის“, – განაცხადა მან აბაშიძე–კარასინის ფორმატში მიმდინარე ორმხრივ დიალოგთან დაკავშირებით.

ამ „პრაგმატული“ პოლიტიკის შედეგად, მისი თქმით, შესაძლებელი გახდა რუსული ბაზრის გახსნა ქართული პროდუქციისთვის, რის შედეგადაც ქართულმა ექსპორტმა ხუთჯერად ზრდას გადააჭარბა.

„ჩვენ დღემდე არც ერთი მცდელობა არ დაგვიკლია იმისათვის, რომ წარმოგვეჩინა, რომ ჩვენ ვართ მაქსიმალურად პრაგმატული, კონსტრუქციული და სტაბილური მთავრობა. ამის მიუხედავად, თქვენ ნახეთ, რომ ამ ჩვენს მცდელობებს რეალურად პოლიტიკურ სიტუაციაზე განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია, გარდა სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებისა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

„ის [ხელშეკრულების პროექტი], რაც გავრცელდა ამ ბოლო დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, არის შემაშფოთებელი ჩემთვის“, – განაცხადა მან, „მე მინდა გითხრათ აბსოლუტურად გულწრფელად, მე პირადად ძალიან მაღელვებს ჩვენი ძმების, აფხაზების ბედი, როგორც ამაყი ერის, რომლის თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ და მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რომ შენარჩუნდეს აფხაზი ერის, როგორც ერთ-ერთი უძველესი ერის და ჩვენი მოძმე ერის თვითმყოფადობა“.

„თუ ეს ხელშეკრულება ამ ფორმით გაფორმდება, ეს რა თქმა უნდა, იქნება პირველ რიგში დამაზიანებელი და საფრთხის შემცველი, საფრთხის მომტანი აფხაზებისთვის, როგორც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ერისთვის“, – განაცხადა მან.      

„მე არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა მთლიანად და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებული 25-წლიან, ასე ვთქვათ, ბრძოლას თვითგამორკვევისთვის და აღიარებისთვის და ე.წ. დამოუკიდებლობის მიღწევისთვის; ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება; ჩემთვის გაუგებარია და ამოუხსნელია მათი ეს მისწრაფება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.   

„ჩვენ მოვისმინეთ, რომ იქაც [აფხაზეთში] არაერთგვაროვანი პოზიცია დაფიქსირდა. ვნახეთ, რომ საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ აღნიშნული ტექსტის მიმართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ჩვენ ასევე ველოდებოდით რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას. დღეს გაიმართა აბაშიძე–კარასინის მორიგი შეხვედრა [პრაღაში]. მე მქონდა მცირე სატელეფონო საუბარი ბატონ აბაშიძესთან. რუსულმა მხარემ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ეს ხელშეკრულება არის განხილვის სტადიაში, თუმცა რა ვადებში იქნება, რა ფორმით იქნება, დარჩება ამ ფორმით ეს ტექსტი, თუ არა, ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი და მე ძალიან მაინტერესებს, რა იქნება საბოლოო პოზიცია რუსეთის ხელისუფლების“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა აბაშიძის და კარასინის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, რომ „არავის აქვს უფლება და არც ძალა შესწევს“, რომ მოსკოვს და სოხუმს თავიანთი ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანაში შეუშალოს ხელი.

„ასევე არ მინდა დავიჯერო, რომ რუსეთის ხელისუფლება აპირებს ჩვენს კონსტრუქციულ და პრაგმატულ პოლიტიკას უპასუხოს სწორედ ასეთი ნაბიჯით. წესით, თუ ამას შევხედავთ პრაგმატულად, ეს არ უნდა შედიოდეს არავის ინტერესებში“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს „გაფართოებული სხდომა“ 18 ოქტომბერს გაიმართება ქართული ოცნების დეპუტატების მონაწილეობით, სადაც თბილისის „საბოლოო პოზიცია“ ჩამოყალიბდება.

„მე მაქვს იდეა აფხაზებთან მიმართებაში, ვინაიდან მე ძალიან ბევრს ვფიქრობ მათ ბედზე და ზოგადად მათ მომავალზე, როგორც ჩვენს მოძმე ერზე. თუმცა, მე მანამდე თავს შევიკავებდი ამ იდეის საჯაროდ გაჟღერებისგან, ვინაიდან მე ჯერ მსურს, რომ უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში და გუნდში მოხდეს ამ თემის განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება, თუ საჭიროდ ჩავთვლით, საჯარო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button