ახალი ამბები

სტანისლავ ლაკობა

აფხაზეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი; ისტორიკოსი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე 

  • სტანისლავ ლაკობა დაიბადა 1953 წლის 23 თებერვალს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქ სოხუმში.
  • უმაღლესი განათლება  სოხუმის სახელმწიფო პეგადოდიურ ინსტიტუტში მიიღო. აქედან მოყოლებული აქტიური სამეცნიერო საქმიანობა დღემდე არ შეუწყვეტია: არის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს არაერთი ისტორიული და ლიტერატურული მონოგრაფია. ასევე არის ლექსების რამოდენიმე კრებულის ავტორი.
  • 2000-2004 წლებში მიწვეული პროფესორის სტატუსით სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა იაპონიაში, ხოკაიდოს უნივესრიტეტის სლავური კვლევების ცენტრში.

პოლიტიკური კარიერა:

  • სტანისლავ ლაკობა არის 1989 წლის 18 მარტს შედგენილი ე.წ. „ლიხნის მიმართვის“ ერთ-ერთი ავტორი.
  • აფხაზეთის ომის დროს სტანისლავ ლაკობა სეპარატისტული აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო. 1993-1994 წლებში უზენაეს საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა, ხოლო 1994-1996 წლებში პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი იყო.
  • მიუხედავად იმისა, რომ ლაკობა ვლადისლავ არძინბას თანამებრძოლად და მისი გარემოცვის წევრად ითვლებოდა, 1996 წელს იგი ოპოზიციაში გადავიდა. 1999 წელს გამოქვეყნდა მისი ცნობილი სტატია „არჩევნები ჰიჩკოკისეული სცენარით“, სადაც მან აფხაზეთში მიმდინარე უალტერნატივო საპრეზიდენტო არჩევნები გააკრიტიკა.
  • 2004 წლის საპრეზოდენტო არჩევნებში ლაკობამ მხარი სერგეი ბაღაფშს დაუჭირა და მასთან შეთანხმებით საკუთარი კანდიდატურა მომავალი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე წამოაყენა. თუმცა განმეორებითი არჩევნებით გამოწვეული შიდა პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, ვიცე-პრეზიდენტის პოსტი არჩევნებში დამარცხებულ კანდიდატს რაულ ხაჯიმბას დაუთმო. 
  • 2005 წლის 18 აგვისტოს სერგეი ბაღაფშმა სტანისლავ ლაკობა უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა.
  • 2009 წლის აგვისტოში იგი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და მიზეზად დაასახელა აფხაზეთის კანონმდებლობაში შეტანილი ის ცვლილებები, რომელიც გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისათვის დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობას დასაშვებს ხდიდა (თუმცა პოლიტიკური პარტიების და ეთნიკური აფხაზების პროტესტის გამო კანონში ცვლილებები აღარ შესულა).
  • 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლაკობამ, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე ანქვაბთან მარტივი ურთიერთობები არასდროს ჰქონია, სწორედ მის კანდიდატურას დაუჭირა ღიად მხარი.  
  • 2011 წლის დეკემბერში იგი უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა.
  • ანქვაბსა და ლაკობას შორის რთული ურთიერთობა 2013 წლის ოქტომბერში ამ უკანასკნელის თანამდებობიდან განთავისუფლებით დასრულდა. უთანხმოების ერთ-ერთ მიზეზად ლაკობამ გალისა და ტყვარჩელის რაიონებში ეთნიკური ქართველების პასპორტიზაციის გარშემო არსებული სიტუაცია დაასახელა. ლაკობა, რომელიც ამ პროცესის კატეგორიული წინააღმდეგია, აცხადებდა რომ ანქვაბი პრინციპში პასპორტიზაციის მომხრეა. 2013 წლის 28 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც ის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან მოხსნეს, ლაკობამ ანქვაბი ავტორიტარული მმართველობის სტილში დაადანაშაულა. 
Back to top button