
ახალი ამბები
ადგურ ხარაზია
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი
ზოგადი მონაცემები
- ადგურ ხარაზია დაიბადა 1959 წლის 12 თებერვალს გულრიფშის რაიონის სოფელ ბაღმარანში.
- 1976 წელს დაამთავრა სოხუმის სკოლა-ინტერნატი. 1977-1979 წლებში მსახურობდა საბჭოთა ჯარში.
- 1979 წლიდან 1991 წლამდე მუშაობდა სოხუმის გემშემკეთებელ ქარხანაში. პარალელურად, 1981-1986 წლებში, სწავლობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
- 1989-1992 წლებში იყო ქალაქ სოხუმის საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების სამსახურის დირექტორი.
- მონაწილეობდა 1992-1993 წლების სამხედრო დაპირისპირებაში.
პოლიტიკური კარიერა
- 1993 წლიდან 2002 წლამდე ადგურ ხარაზია ხელმძღვანელობდა გულრიფშის რაიონის ადმინისტრაციას.
- 2002-2003 წლებში იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი.
- 2004 წელს გულრიფშის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
- 2007 წელს იგი, ოპოზიციონერთა რიგებიდან, აფხაზეთის მე-4 მოწვევის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი გახდა, სადაც მმართველობის და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
- 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხარაზია აქტიურად უჭერდა მხარს ოპოზიციურ კანდიდატს, ზაურ არძინბას, რომელიც აფხაზეთის ომის ვეტერანთა საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი.
- თუმცა, 2011 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მან ამომრჩეველს ალექსანდრე ანქვაბის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა, რასაც ბაღაფში-ანქვაბის მიმართ ოპოზიციური დამოკიდებულებით ცნობილი ადგურ ხარაზიასგან ბევრი არ მოელოდა.
- 2012 წელს იგი აფხაზეთის მე-5 მოწვევის დე ფაქტო პარლამენტის წევრი და ვიცე-სპიკერი გახდა.
დამატებითი ინფორმაცია
- 2009 წლის ნოემბერში აფხაზური გაზეთის, „ახალი დღის“ ჟურნალისტის მიერ საქართველოსთან ურთიერთობების თემაზე დასმულ კითხვას შემდეგი პასუხი გასცა: „ჩემთვის დღეს საქართველო მტრული სახელმწიფოა. თუ ეს ქვეყანა აღიარებს აფხაზეთს და პირველი გადმოდგამს ნაბიჯს ჩვენსკენ, მაშინ, სავარაუდოდ, შევძლებთ თანამშრომლობას.“
- 2011 წლის მაისში ადგურ ხარაზიამ რუსულ ინტერნეტ-გამოცემას „გაზეტა.რუ“-ს განუცხადა, რომ მიმდინარე წელს მოსალოდნელი იყო აფხაზეთის დამოუკიდობლობის აღიარება სან-მარინოს რესპუბლიკის მიერ (სან-მარინომ უარყო).
- ადგურ ხარაზიას სახელი და გვარი ფიგურირებს იმ პირთა ჩამონათვალში, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2000 წლის 21 ივნისის ბრძანებულებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიენიჭათ. ხარაზიას საცხოვრებელ ადგილად ყარაჩაეთ-ჩერქეზეთის რესპუბლიკა არის მითითებული.
- ადგურ ხარაზიას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.