skip to content
ახალი ამბები

ჟენევის მოლაპარაკებების 26–ე რაუნდი

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებული ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებმა 18 დეკემბერს დისკუსიების 26–ე რაუნდზე კვლავ ვერ მიაღწიეს რაიმე პროგრესს  ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივ განცხადებაზე.

ჟენევის მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები. დისკუსიებში საქართველოს, რუსეთის და აშშ–ის და ასევე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომელთაც ფორმალურად „მონაწილეები“ ჰქვიათ.

6 ნოემბერს გამართული წინა 25–ე რაუნდის შემდეგ, თანათავმჯდომარეებმა გააკეთეს განცხადება, რომ მონაწილეები შეთანხმდნენ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების ტექსტზე განაგრძონ მუშაობა, რათა „უახლოეს მომავალში“ ეს განცხადება მიიღონ. 18 დეკემბრის რაუნდის შემდეგ თანათავმჯდომარეების მიერ მიღებულ განცხადებაში ამაზე საუბარი არ ყოფილა; სანაცვლოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ მონაწილეები შეთანხმდნენ განაგრძონ ამ საკითხზე მუშაობა.

მართალია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ დისკუსიები განცხადების პროექტზე „საქმიან გარემოში“ გაიმართა, თუმცა მან დასძინა, რომ შეხვედრამ აჩვენა, რომ მონაწილეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ. მან ასევე განაცხადა, რომ ქართველმა მონაწილეებმა ტექსტის პროექტზე მთელი რიგი შენიშვნები წარადგინეს.

ქართული პოზიციაა, რომ ერთობლივი განცხადება არ უნდა ანაცვლებდეს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას. საქართველომ ძალის გამოუყენებლობის პირობა 2010 წლის ნოემბერში დადო და შემდეგ ეს 2013 წლის მარტში მიღებული პარლამენტის რეზოლუციით დაადასტურა.       

როგორც ჩანს, ქართული მხარე ფიქრობს, რომ ერთობლივი განცხადების მიღება უნდა მოჰყვეს რუსეთის მიერ ძალის არ გამოყენების შესახებ ვალდებულების აღებას.  ზალკალიანმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის უარის გამო ერთობლივი განცხადების ტექსტზე მუშაობა აზრს მოკლებულია და ამას „პროცესი ჩიხში შეყავს“. 

რუსეთი ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღებაზე უარს აცხადებს იმ მოტივით, რომ ის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს და სანაცვლოდ თბილისსა და ცხინვალს და თბილისსა და სოხუმს შორის ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებების ხელმოწერისკენ მოუწოდებს, ან ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მონაწილეთა ერთობლივი განცხადების მიღებას ითხოვს, სადაც „ძალის გამოუყენებლობის ძირითადი პრინციპები“ იქნება ასახული. 

„რაც შეეხება მთავარ საკითხს – ძალის გამოუყენებლობას – ყველა ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას აფხაზებთან და ოსებთან ერთად, რომ ერთობლივი განცხადება მაინც იქნას მიღებული ჟენევის [დისკუსიების] მონაწილეთა მიერ… ქართველი მონაწილეების წინააღმდეგობა შეხვდა“, – განაცხადა რუსეთის მთავარმა მომლაპარაკებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 26–ე რაუნდის შემდეგ.

დისკუსიები ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება, რომელთაგანაც ერთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

ქართული დელეგაციის თქმით, მათ იმ შემაშფოთებელი ჰუმანიტარული ვითარების და ადგილობრივი მოსახლეობისთვის იმ უარყოფითი შედეგების საკითხი დააყენეს, რაც სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების გასწვრივ ღობეების აღმართვას უკავშირდება. ზალკალიანმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა ნოემბერში ღობეების აღმართვის პროცესი განაახლეს, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ამ ბარიერების საერთო სიგრძემ 50 კილომეტრს მიაღწია.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა 26–ე რაუნდის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში „შედარებით მშვიდი და სტაბილური სიტუაცია“ აღნიშნეს. მათ ასევე აღნიშნეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების გასწვრივ ღობეების და სხვა ბარიერების აღმართვის „არახელსაყრელი შედეგები“. 

აშშ–მა განაცხადა დისკუსიების 26–ე რაუნდის შემდეგ: „ჩვენ მივესალმეთ ბოლო დროს ძალადობის არარსებობას ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების გასწვრივ, თუმცა კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი შეხედულება, რომ ფიზიკური ბარიერები უარყოფით ზემოქმედებას ახდენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საარსებო წყაროზე, და მოვუწოდეთ, რომ მოხსნან ეს ბარიერები“.

ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდი 2014 წლის 25–26 მარტს გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button