skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი ისრაელს ეწვევა

მომავალ კვირას ისრაელში დაგეგმილი ორდღიანი ვიზიტის წინ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი სურვილია, რომ საქართველო ისრაელის „სტრატეგიული პარტნიორი“ გახდეს.

„ჩემი სურვილი და ოცნებაა, რომ ისრაელი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახდეს. მე არ ვმალავ ამ ფაქტს, არამედ წინ წამოვწევ მას. ისრაელი და ებრაელი ხალხი ჩემთვის საინტერესო არიან, და ჩემი ქვეყნისთვის კარგია ღრმა კავშირების დამყარება“, – განაცხადა მან ისრაელის ინგლისურენოვან გაზეთ Jerusalem Post–თან ინტერვიუში.

მისი თქმით, საქართველოს და ისრაელს ისეთი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, რომ ერთმანეთს, როგორც სამშობლოს ისე უყურებდნენ, ერთმანეთში ცვლიდნენ რეკომენდაციებს, რჩევებს იქნება ეს სტრატეგიულ თუ სხვა პრაქტიკულ საკითხებზე სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში, მათ შორის სამინისტროების დონეზე. 

„მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის, ხალხებს შორის ურთიერთობების ხელახლა დამყარება. ხალხი ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ივანიშვილმა ინტერვიუში, სადაც მან ბევრი ისაუბრა, როგორც თავად აღნიშნა, მისი და ქართველების „განსაკუთრებულ ურთიერთობაზე“ და „პატივისცემაზე“ ისრაელის და ებრაელი ხალხის მიმართ.

იმავე ინტერვიუში, გაზეთის თანახმად, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ირანი არ უნდა გახდეს ბირთვული სახელმწიფო. „ბირთვული იარაღი სახიფათოა. ჩვენ გაეროს ყველა სანქციას ვახორციელებთ. ჩვენ უნდა შევძლოთ და მოვახერხოთ – საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად – რომ არ გვყავდეს ბირთვული ირანი. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, და ამ თვალსაზრისით ჩვენ უნდა ვიყოთ პროდუქტიულები და წარმატებულები, რათა ირანი არ გახდეს ბირთვული სახელმწიფო“, – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ არც ისრაელის ან დასავლეთის თავდასხმა ირანზე და არც ირანი ბირთვული იარაღით არ იქნება კარგი საქართველოსთვის.

„ირანი ბირთვული არ უნდა გახდეს, ეს არ შედის ჩვენს ინტერესებში, რა თქმა უნდა. იგივე ეხება დასავლეთის თავდასხმას ირანზე. რა თქმა უნდა, იდეალური იქნება, რომ დასავლეთმა დაარწმუნოს ირანი უარი თქვას თავის ბირთვულ მისწრაფებებზე“, – იტყობინება Jerusalem Post–ი ივანიშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც ასევე დასძინა, რომ ამ მიზნების მიღწევა რთული, მაგრამ შესაძლებელია.

კითხვაზე, თუ რატომ მისცა საქართველომ 2012 წლის ნოემბერში ხმა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელმაც პალესტინას გაეროში არაწევრი დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა, ივანიშვილმა დეტალების დაზუსტების გარეშე უპასუხა: „ჩვენ ყოველთვის ვემხრობით ისრაელს, მაგრამ კენჭისყრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების გარკვეული პროცესის გამო, ჩვენ ისეთი გადაწყვეტილების მიღება მოგვიხდა, როგორიც მივიღეთ“.

საქართველოს წარმომადგენელმა გენერალურ ასამბლეას განუცხადა კენჭისყრის შემდეგ ნოემბერში, რომ საქართველო მხარს უჭერს პალესტინელების სწრაფვას ქონდეთ სახელმწიფო, ისევე როგორც ისრაელის მისწრაფებას უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. მისი თქმით, მიღებული რეზოლუცია ეხება პალესტინისთვის მხოლოდ არა-წევრი დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებას და არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც პალესტინისთვის უფლების მინიჭება, რომ ავტომატურად გახდეს საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button