skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე კომენტარს აკეთებს

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსული საოკუპაციო ძალების მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების გავლების და გამყოფი ხაზის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევის გამო „ისტერიკაში გადავარდნა“ საჭირო არ არის.

ხუთშაბათს საღამოს ტელეკომპანია „კავკასიის“ თოქშოუში საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რაც დიპლომატიურ ფრონტზე იყო საჭირო, რათა ამ საკითხის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება მიეპყრო; მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც საკმაოდ მკაცრი განცხადება გააკეთა.

„მე უფრო ზომიერად ვეკიდები ამ საკითხს, რადგანაც მგონია, რომ გაუგებრობაა უფრო, ვიდრე პოლიტიკა მართული კრემლიდან; მე ასეთი ეჭვი მაქვს, თუმცა მტკიცებულებები ამისა არ გამაჩნია; დაველოდოთ მოვლენებს“, – განაცხადა მან.

„ისტერიკაში ნუ გადავარდებით“, – განაგრძო ივანიშვილმა, „ის სტრატეგია, რაც ჩვენ ავიღეთ და რისიც მე მჯერა და სხვა გზა არ არსებობს, რამეთუ დიპლომატიით და ნორმალური მოლაპარაკებებით უნდა მოვახერხოთ [ურთიერთობის დალაგება] და ჩვენ გვაქვს ამის ვალდებულება, რომ დავალაგოთ [ურთიერთობები] და გავაკეთებთ კიდეც ამას, თუმცა ეს არ არის იოლი საქმე და მე არასდროს არ ვაილობდი ამ პროცესს, რომ ორ დღეში დავალაგებთ… თუმცა ამას არც განუსაზღვრელი დრო არ დასჭირდება“.

მისი თქმით, მან დაავალა მთავრობას, რომ დახმარება აღმოუჩინოს იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად იზარალეს „გამყოფი ხაზის“ გადმოწევით.

„მე რატომღაც მგონია, რომ გაუგებრობაა, რადგანაც კარგად ვხედავ, რომ ანალიზის კარგი უნარი მაქვს. მე ამას არ ვტრაბახობ, თუმცა ხშირად ვიმეორებ – არ შედის ახლა ეს რუსეთის ინტერესებში“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„თუმცა, ერთი პატარა საკითხია, რაც შეიძლება იყოს პრობლემა რუსეთისთვის გლობალურად ან პირებისთვის, ვინც ამ პროცესებს კურირებენ – ჩვენ ძალიან კარგი კავშირი დავამყარეთ ჩვენს მოსახლეობასთან, რომლებიც გამყოფი ხაზის იქით დარჩნენ. ძალიან ბევრს ვმკურნალობთ, ძალიან ბევრნი გადმოდიან, მასიურად დაიწყო ურთიერთობების აღდგენა, ვაჭრობენ, მკურნალობენ და მასიური მოდინება დაიწყო ჩვენ მხარეს, გამყოფი ზოლის ამ მხარეს; შეიძლება ამან გარკვეული შეშფოთება გამოიწვია რაღაც დონეზე [რუსეთის ხელისუფლების] და რაღაც გადაწყვეტილებები მიიღეს“.

„არ გამორიცხოთ, რომ იქაც [რუსეთში] რაღაც ძალებია, რომელთაც შეიძლება არ მოსწონდეთ ეს პროცესები… შეიძლება ვიღაცას არ მოსწონს, რომ ურთიერთობების დალაგების პროცესი შეიძლება დაიწყოს, შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, რომ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა დაიწყო“, – განაცხადა ივანიშვილმა. 

„ანდა შეიძლება საერთოდ რაღაც პროვოკაციაც იყოს; ცოტა დაველოდოთ; რაც მთავარია ჩვენ მოსახლეობას არ ვტოვებთ“, – განაცხადა მან და გაიმეორა, რომ მთავრობა ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენს იმ ოჯახებს, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ცხოვრობენ.

ივანიშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა სიტყვა „დაველოდოთ“ და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში მისი სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მოახლოებული შეხვედრაც ახსენა, რომელიც მომავალ კვირას პრაღაშია დაგეგმილი.

კარასინმა განუცხადა „რია ნოვოსტის“, რომ ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსი მესაზღვრეების საქმიანობის საკითხი აბაშიძესთან მისი შეხვედრის დროს არ იქნება განხილული, რადგანაც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე მოლაპარაკებები ამ ორმხრივი შეხვედრების ფორმატში არ შედის. მან განაცხადა, რომ ამ ფორმატში ის და აბაშიძე მხოლოდ იმ საკითხებს განიხილავენ, რომლებზეც რაიმე პროგრესია შესაძლებელი, როგორიცაა ვაჭრობის, ეკონომიკის და ჰუმანიტარული საკითხები.

მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ აბაშიძემ 30 მაისს განაცხადა, რომ იგი მავთულხლართების გაბმის საკითხის დაყენებას გეგმავს კარასინთან შეხვედრაზე, მან ასევე დასძინა, რომ ამ საკითხის არსებითი განხილვა არ მოხდება, ვინაიდან ასეთ საკითხებზე დისკუსიებს ეს ფორმატი არ ითვალისწინებს. მან ასევე განაცხადა, რომ ამგვარი საკითხების განხილვის შესაფერისი ფორმატი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, რომელიც 30 მაისს თბილისში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს შეხვდა, რათა რუსული საოკუპაციო ძალების ქმედებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოეხატა, განაცხადა, რომ ღობეების აგება და ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა საზღვრის 22–25 კილომეტრიან მონაკვეთს შეეხო, ხოლო გადმოწევის სიღრმე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 50–დან 300 მეტრამდე მერყეობს სხვადასხვა მონაკვეთებზე. 

30 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა სოფელ დიცთან ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს „სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევის“ გამო; გავრცელებული ინფორმაციით, 30 მაისს სოფელ დიცის მახლობლად რუსი სამხედროები კვლავ აგრძელებდნენ გამყოფი ხაზის დადგენის პროცესს.

სეპარატისტული რეგიონის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი კოლბინმა განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის“ დაცვას რუსული სასაზღვრო ძალები კურირებენ უშიშროების ფედერალური სამსახურიდან და სასაზღვრო ინფრასტრუქტურას ავითარებენ, მათ შორის ღობეებს აგებენ „სახელმწიფო საზღვრის“ დემარკაციის მიზნით.  

30 მაისს  ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში მაყურებელმა დარეკა და მთავრობა რუსეთის მიმართ „რბილი“ პოლიტიკის გამო გააკრიტიკა. მან ჰკითხა პრემიერ–მინისტრს, თუ როგორ აპირებს ის რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ დათმობებზე წასვლის გარეშე. ივანიშვილმა უპასუხა, რომ მის მთავრობას რუსეთისთვის არაფერი დაუთმია.

„ჩვენ არაფერი არ დაგვითმია და არც არაფრის დათმობას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ივანიშვილმა, „ისევ ის რიტორიკა უნდათ [წინა ხელისუფლების]? რა მივიღეთ იმ რიტორიკით ხომ ნახეთ. ახლა ისე აბრუნებენ ყველაფერს, რომ თითქოს ტერიტორიები ჩვენ დავკარგეთ და როგორც კი დიპლომატიური საუბარი დავიწყეთ, ამაზე არის ყიჟინა ნაციონალების მხრიდან, რომ აი კარგავენ და ჩუქნიან ტერიტორიებს. ეს უკვე გააჩუქეს მათ და გააკეთეს ყველაფერი; ჩვენ დაბრუნებაზე ვზრუნავთ და გაჩვენებთ, რომ დავიბრუნებთ… ცოტაც დაელოდეთ და რამდენიმე წელიწადში ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ და დავიბრუნებთ კიდეც“.

30 მაისს გაკეთებულ ცალკე განცხადებაში ივანიშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ მთავრობა სოფელ დიცის მახლობლად დამატებითი საპოლიციო ძალების განთავსების საკითხს განიხილავს, თუ ამ ნაბიჯს საერთაშორისო თანამეგობრობა დაუჭერს მხარს. მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობას სურს, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სთხოვოს მისი დამკვირვებლების პატრულირების გაძლიერება მოცემულ ტერიტორიაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button