skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი შრომის კოდექსში წარმოდგენილ ცვლილებებს აკრიტიკებს

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 7 მაისს, რომ იგი შრომის კოდექსში იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებების წინააღმდეგია, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო პირველი მოსმენით, და სასწორის დაქირავებულების სასარგებლოდ გადახრისკენ მოუწოდა, რათა „არ შევაშინოთ ინვესტორები“.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მოქმედი შრომის კოდექსი არის „საშინელება“ და მასში ცვლილებები უნდა შევიდეს, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ახლანდელი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც, მისი თქმით, „გადაჭარბებულად მეტ უფლებებს“ ანიჭებს დაქირავებულებს.

მან ასევე განაცხადა, რომ იგი სრულად იზიარებს იმ კრიტიკას, რომელიც კანონპროექტის მიმართ ცოტა ხნის წინ განათლების მინისტრმა და ვიცე–პრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა გამოთქვა. 

„ნებისმიერი უფლება შეიძლება დაქირავებულს მივცეთ, მაგრამ ჩვენ რეალობა არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ … ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც სუფევს დღეს საქართველოში… დარჩა ის, რომ საქართველოს მოსახლეობას არ შეუძლია სამუშაო ადგილების შოვნა; ტოტალური უმუშევრობა არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ჩვენს ქვეყანაში. დასაქმება შეუძლია ინვესტორს, ბიზნესს; ამიტომ, ჩვენ თუ დღეს მოვახერხეთ და გადავხარეთ მეორე მხარეს და ზედმეტი უფლებები მივეცით დაქირავებულს… ხელში შეგვრჩება უმუშევრობა“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ.

„მე ჩემი დამოკიდებულება პარლამენტარებს ვუთხარი; მე ვუთხარი, რომ როდესაც კამათია… როგორი შრომის კოდექსი უნდა მივიღოთ და კანონპროექტის ნაწილზე მიდის კამათი, რომ 50/50–ზეა [დამსაქმებლების და დასაქმებულთა უფლებები] ან ვის მხარეს უნდა გადაიხაროს ეს – დაქირავებულის, თუ დამქირავებლის მხარეს, ჩემი პოზიციაა, რომ დამქირავებლის მხარეს… ამ ეტაპზე უნდა დავიჭიროთ დამქირავებლის მხარე, რათა ინვესტორს ჰქონდეს სურვილი იმისა, რომ ინვესტიციები განახორციელოს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„ჩვენ უნდა მოვახერხოთ და პირველ ეტაპზე და ამ ეტაპზე ადამიანური პირობები შევუქმნათ დაქირავებულებს, მაგრამ ინტერესი არ დავუკარგოთ ინვესტორებს. მე აბსოლუტურად ვეთანხმები მარგველაშვილს და მეც იგივე რეაქციები გავაკეთე, როდესაც პარლამენტარებთან მქონდა საუბარი. თუ ინვესტორებს შევაშინებთ, ჩვენ შეგვიძლია საუკეთესო შრომის კოდექსი შევქმნათ ახლა, რომლითაც ვიამაყებთ მთელ მსოფლიოში, მაგრამ სამუშაო ადგილები არ შეიქნება და ძირითადი უსამართლობა დარჩება ისევ – კი ექნებათ პირობები, მაგრამ არ ექნებათ სამუშაო ადგილები“, – განაცხადა ივანიშვილმა.

გამოეხმაურა რა ბიზნესის ლობისტი ჯგუფების მიერ აპრილში პარლამენტის მიერ ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებამდე გამოთქმულ წუხილებს, გიორგი მარგველაშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს „დაბალანსებულ“ შრომით ურთიერთობებს და მათ „არალეგალურ კონტექსტში გადაიყვანს“.

მარგველაშვილის განცხადების საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ, რომელიც აქტიურადაა ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში, განაცხადა 3 მაისს: „ეს არის ქართული ოცნების ამომრჩეველთა  საოცნებო შრომის კოდექსი… რომელიც სრულად შეესაბამება იმ  დაპირებებს, რომელიც ქართულმა ოცნებამ მისცა ამომრჩეველს წინასაარჩევნო კამპანიის დროს“.

„ეს არის კოდექსი, რომელიც აბალანსებს უფლებებს და მოვალეობებს დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის და აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამას გარდა, იგი არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან“, – დასძინა ბარამიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button