skip to content
ახალი ამბები

სეპარატისტულ რეგიონებში უკანონო შესვლის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციაზე მსჯელობას დეპუტატები 15 მაისს განაგრძობენ

პარლამენტი სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონო შესვლის ნაწილობრივი დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტთა პაკეტის განხილვას 15 მაისის სხდომაზე განაგრძობს, რადგან 2 მაისს გამართული ცხარე დებატების ხანგრძლივი და განზრახ გაჭიანურებული პირველი დღის შემდეგ დეპუტატებმა კანონპროექტს კენჭი ვერ უყარეს, რადგანაც მათ სამუშაო დრო ამოეწურათ.

მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თბილისის მიერ არაკონტროლირებადი მხრიდან უკანონო შესვლა პირველ ჯერზე ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედება გახდება და პატიმრობის ნაცვლად, 400 ლარის ოდენობის ფინანსური ჯარიმა დაწესდება, ხოლო შესვლის წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება. ამჟამად, ამ ქმედებისთვის 2–დან 4 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. 

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობამ, რომელიც შემოთავაზებულ კანონპროექტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 2 მაისის სხდომაზე პროცედურული ბრძოლის მეთოდს მიმართა, რათა პირველ რიგში, სხდომის დაწყების შეფერხებისთვის მიეღწია, ხოლო შემდეგ დებატების დროს პროცედურით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას იყენებდა განხლვის პროცედურის  გაჭიანურების მიზნით.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს არ დაუმალავთ, რომ ამ ტაქტიკის გამოყენებით მათ სურდათ რაც შეიძლება მეტად გაეწელათ პროცესი, რათა კანონპროექტის მიღება გადადებულიყო და მეორე მხრივ, დრო მოეგოთ, რათა საზოგადოების ყურადღება მიექციათ, როგორც ისინი აცხადებენ, მთავრობის ამ „სამარცხვინო“ ინიციატივის მიმართ.

ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ შემოთავაზებული პაკეტი, რომელიც სამ კანონში ცვლილებებს მოიცავს და რომლებიც დეპუტატებმა ცალ–ცალკე უნდა განიხილონ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით დაწესებულ „რეჟიმს ასუსტებს“, რაც, მათი თქმით, სრულიად მიუღებელია იმ პირობებში, როდესაც მცირედი პროგრესიც კი არ არის მიღწეული დეოკუპაციის პროცესში.

დებატების დროს დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის თავის დახრა და მასთან დათმობებზე წასვლა არანაირ შედეგს არ მოიტანს.

მისი თქმით, ქართული ოცნების დეპუტატებს შორის არის რამდენიმე ადამიანი, ვინც იცის, თუ რას ნიშნავს ამ ინიციატივისთვის ხმის მიცემა. გაბაშვილის განცხადებით, როგორც კი ისინი კანონპროექტს დაუჭერენ მხარს,  „ლავროვის არმია“ გახდებიან.

მას მხედველობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავდა, რომელმაც განაცხადა ერთი წლის წინ, რომ მოსკოვი იმ შემთხვევაში განიხილავდა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმების საკითხს, თუ თბილისი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს გააუქმებდა.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა, რომელმაც კანონპროექტი წარადგინა, რამდენჯერმე გაიმეორა დებატების დროს, რომ შემოთავაზებულ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო კანონის მიერ დაწესებული „რეჟიმის შესუსტებასთან“, რადგანაც ამ კანონის გაუქმება არ იგეგმება. მისი თქმით, შემოთავაზებულ კანონპროექტს ასევე არაფერი აქვს საერთო რუსეთთან ან მის მოთხოვნებთან. მისი თქმით, ინიციატივა აჩვენებს საქართველოს "პრინციპულ", მაგრამ ამავე დროს "ჰუმანურ" დამოკიდებულებას, რაც ემსახურება "სამშვიდობო მიზნებს" და შეესაბამება "ევროპულ ღირებულებებს".  

მისი თქმით, იმ 254 ადამიანის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, რომლებზეც სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა და მათ შორის 169 შემთხვევას თავისუფლების აღკვეთა მოჰყვა, საერთოდ არ იცოდა, რომ საქართველოში ასეთი კანონი არსებობდა და რომ ისინი რაიმე კანონს არღვევდნენ, როდესაც აფხაზეთში თბილისის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან შედიოდნენ. მან ორი სტუდენტის, სომხეთის მოქალაქეების, მაგალითი მოიყვანა, რომლებიც სამხრეთ რუსეთში იმყოფებოდნენ და აფხაზეთის გავლით გადაწყვიტეს სომხეთში დაბრუნება. ციხელაშვილის თქმით, ორი ახალგაზრდა მაშინვე დააპატიმრეს, როგორც კი ისინი აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდნენ, რის შედეგადაც მათ 1.5 წელიწადი ციხეში გაატარეს. მინისტრის მოადგილის თქმით, იმ 254 ადამიანიდან, რომლებიც ან დააკავეს, ან დააჯარიმეს ამ წესის დარღვევის გამო, მხოლოდ „ერთი მეშვიდედი“ იყო რუსეთის მოქალაქე. მან ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე შემთხვევაში სადამსჯელო ღონისძიება, ძირითადად ჯარიმა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებსაც შეეხოთ.

დებატების დროს ციხელაშვილმა რამდენჯერმე ევროკავშირის რეკომენდაციაც ახსენა, რომელმაც ურჩია საქართველოს გადახედოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, კერძოდ კი მის „შემზღუდავ დებულებებს“.

კონფლიქტებთან დაკავშირებით, ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ 2013 წლის მარტში გამოაქვეყნა, ნათქვამია: „მთავრობის ცვლილების შემდეგ ჩანს სასიკეთო ნიშნები იმისა, რომ შესაძლოა სეპარატისტულ რეგიონებში ჩართულობა უფრო ეფექტიანი გახდეს, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი უფრო შერბილებულად განხორციელდეს“.

ქართული ოცნების დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან დავით ბერძენიშვილმა განაცხადა დებატების დროს, რომ ნაციონალური მოძრაობის მცდელობა ეს საკითხი რუსეთს დაუკავშიროს იმ კუთხით, რომ ქართული ოცნება მოსკოვის მოთხოვნების შესრულებაში დაადანაშაულოს, რეალობას არ შეესაბამება და ეს სამწუხაროა განსაკუთრებით იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც 2006 წელს უარს ამბობდა დსთ–ს დატოვებაზე. საქართველომ დსთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა. ბერძენიშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე მიაღწია საწადელს საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და დასძინა, რომ ეს მაშინ მოხდა, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში იყო.

„დიახ, რუსეთმა მიაღწია იმას, რაც უნდოდა, მაგრამ მან ამას მიაღწია 2012 წლის 1 ოქტომბერს“, – უპასუხა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა და დასძინა, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველა საშუალებას გამოიყენებს იმისთვის, რომ კანონპროექტი არ იქნას მიღებული. 

პარლამენტის სხდომა ხუთშაბათს გვიან საღამოს, 9 საათზე სამუშაო დროის ამოწურვის გამო შეწყდა ისე, რომ სამი საკანონმდებლო ცვლილებიდან პირველზეც კი ვერ დასრულდა დებატები; ერთი ცვლილება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს ეხება, დანარჩენი ორი კი სისხლის სამართლის კოდექსს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს. ქართული ოცნების დეპუტატმა და ვიცე–სპიკერმა მანანა კობახიძემ, რომელიც ხუთშაბათის სხდომას მთელი დღის მანძილზე უძღვებოდა, განაცხადა, რომ კანონპროექტთა პაკეტის განხილვა 15 მაისს გაგრძელდება.

ქართული ოცნების დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევა, რომ პროცესი გააჭიანუროს, გაუგებარია, თუმცა დასძინა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არ ეჩქარება; მან ასევე განაცხადა, რომ ქართული ოცნების სურვილია, რომ საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ინიციატივა კიდევ უფრო დაიხვეწოს მეორე მოსმენის დროს.

ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა სამი მოსმენით უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ის პრეზიდენტს გაეგზავნება  ხელმოსაწერად. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის ძლიერი წინააღმდეგობიდან გამომდინარე, მაღალია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტი საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტოს დაადებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button